LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სამარშუტო ტაქსები აღარ იმოძრავებს: საცობების პრობლემა ზღვისპირა ქალაქშიცაა

ბათუმის ურბანული ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია მომზადების პროცესშია. სტრატეგიაში ყველა სახის ტრანსპორტი იქნება განხილული.

სტრატეგიის ამ ეტაპზე, ძირითად მიმართულებად „უსაფრთხო და მდგრადი ქალაქია“ აღებული, რომელშიც ძირითადი როლი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ფეხით გადაადგილებას ეკისრება.

კვლების სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანია A+S Consult GmbH ასრულებს.

 

საცობები ბათუმსაც აწუხებს

„ფორტუნა“ კომპანიის წარმომადგენელს ლაშა ნაკაშიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმის კომპაქტურობიდან გამომდინარე, ფეხით გადაადგილება პრიორიტეტული უნდა იყოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ეკოლოგიური და მოსახერხებელი უნდა გახდეს.

მისი თქმით, ჯგუფის ამოცანა, ქალაქის ცენტრის ტრანსპორტისგან განტვირთვის გეგმის შემუშავებაა. ამისთვის, სტრატეგიაში გარკვეული სტიმულიც ჩაიდება და შეზღუდვებიც.

„ჩვენ ვურჩევთ ქალაქის თვითმმართველობას, რა გააკეთოს. ამ ეტაპზე ქალაქის განტვირთვისთვის მოიაზრება პარკირების ფასის გაძვირება ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, ასევე, მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში“, – განაცხადა ლაშა ნაკაშიძემ.

მისი თქმით, საცობების პრობლემა ბათუმში საკმაოდ მწვავედ დგას, არა მხოლოდ პიკის საათებში, არამედ მთელი დღის განმავლობაში. საცობებს ძირითადად მოუწესრიგებელი მოძრაობა ქმნის, რადგან მანქანების რაოდენობა ქალაქში არ არის იმდენად დიდი, რომ ქუჩები ასე გადატვირთოს.

„ტურისტული სეზონის დროს საცობების პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. თუმცა ეს საკითხი ხშირ შემთხვევაში, მარტივად წყდება ხოლმე. მაგალითად, ერთ–ერთ ქუჩაზე, სადაც საცობები იყო, 45 გრადუსიანი პარკინგის ტიპი შეიცვალა პარალელურად და ქუჩა განიტვირთვა. გამტარუნარიანობა ძალიან მარტივი მეთოდით გაიზარდა, ყოველგვარი ფინანსების გარეშე. ეს იმის ბრალია, რომ საგზაო მოძრაობის ერთიანი სტრატეგია არ არსებობს“, – განაცხადა ლაშა ნაკაშიძემ.

გარდა ამისა, ლაშა ნაკაშიძის თქმით, არის აღსრულების პრობლემა. როგორც ჯგუფის ერთ–ერთი თანაავტორი ამბობს, პრობლემას ქმნის ისიც, რომ არასწორი პარკირებისთვის, თითქმის არასდროს გადაჰყავთ მანქანა საჯარიმო სადგომზე.

 

ბათუმში სამარშუტო ტაქსები აღარ იქნება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბათუმში არც ისე მოწესრიგებულია. ზღვისპირა ქალაქში ამჟამად, კერძო სამარშუტო ტაქსები და ავტობუსები გადაადგილდება.

ჯგუფის შეთავაზებაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სამარშუტო ტაქსები ნელ–ნელა გაიყვანონ ბაზრიდან და ქალაქის ძირითადად ნაწილს მთლიანად, მუნიციპალური ავტობუსები მოემსახუროს.

ნაკაშიძის თქმით, ავტობუსები უფრო კომფორტული და საიმედო უნდა იყოს, რომელიც მათ მიერ შემუშავებული მარშრუტებით იმოძრავებენ. 

გეგმის ნაწილი თვითმმართველობას ჯგუფმა უკვე წარუდგინა, თუმცა უკურეაქცია, მხოლოდ სრული ანგარიშის გადაგზავნის შემდეგ იქნება ცნობილი.

„გეგმის მიხედვით უნდა შეიცვალოს ავტობუსებიც და მარშრუტებიც, იმისთვის რომ გადაადგილება უფრო ეფექტური იყოს. ჩვენ ვთავაზობთ ასევე, ქალაქის რამდენიმე ადგილში მგზავრთა გადასასხდომი ტერმინალები მოეწყოს, სადაც რამდენიმე მარშრუტი მოიყრის თავს და განაწილდება სხვადასხვა მიმართულებით. ადამიანებს ეცოდინებათ, საიდან სად შეეძლებათ გადაჯდომა და სასურველ ადგილზე მისვლა კომფორტულად“, – განაცხადა ნაკაშიძემ.

 

კვლევის სადემონსტრაციო ნაწილი:

ქალაქ ბათუმის კვლევა მაისის თვეში დასრულდება. პარალელურად, დაწყებულია ეროვნულ დონეზე ურბანული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მზად აგვისტოს ბოლოს იქნება.

გეგმის მიზანია, სხვადასხვა ქალაქებისთვის, სახელმწიფო დონეზე განისაზღვროს სარეკომენდაციო ხასიათის პრინციპები: როგორ უნდა დაგეგმონ, მართონ, დააფინანსონ, ურბანული ტრანსპორტი. ასევე, რა სახის ტრანსპორტი უნდა წაახალისოს ხელისუფლებამ.

ლაშა ნაკაშიძის თქმით, დღეს, არც ერთი სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი საქალაქო ტრანსპორტზე. თვითმმართველობას სრული და ექსკლუზიური უფლება აქვს ამ საკითხის მოგვარების, მაგრამ არანაირი დამატებითი მექანიზმი არ გააჩნია ამ ფუნქციის ეფექტურად აღსრულებისთვის.

საქართველოს ურბანული ტრანსპორტის პოლიტიკაზე რეკომენდაციების და სტრატეგიის შემუშავების გარდა, ჯგუფი საპილოტე, სადემონსტრაციო მოდელებსაც განახორციელებს.

 

ასეთი ერთი პროექტი უკვე შემუშავებულია ბათუმისთვის:

„ჭავჭავაძე–აბუსერიძის და გორგილაძე–ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ პარკირება გაუქმდება და პარკირების ადგილას BUS LANE–ები მოეწყობა. ანუ პარკირების ადგილი მთლიანად დაეთმობა ავტობუსებს, რათა დღის ნებისმიერ მონაკვეთში თავისუფლად გადაადგილდეს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ორი გადასაჯდომი ტერმინალით იქნება დაკავშირებული. ტერმინალებიდან გადანაწილდება საგარეო მარშრუტებიც და ქალაქის პერიფერიებში მიმავალი ხალხიც. ეს ქალაქის ცენტრში დუბლირებას გამორიცხავს“, – განაცხადა ლაშა ნაკაშიძემ.

 

მითი, რომ ბათუმი ველოსიპედების ქალაქია დაიმსხვრა.

გარდა ამისა, იგეგმება ველოტრასებიც განვითარება.

ბათუმში ველოსიპედის პარკისა და ველოტრასების განვითარებაზე დახარჯულმა თანხამ 2010–დან 2012 წლამდე ხუთ მილიონ ნახევარ ლარს გადააჭარბა, მაგრამ მოსახლეობა გადაადგილებისთვის ველოსიპედებს მაინც არ იყენებს.

გერმანული კომპანია A+S Consult GmbH–ის კვლევის ფარგლებში გამოკითხვამ აჩვენა, რომ ველოსიპედს, როგორც სატრანსპორტო საშუალებას მხოლოდ 0.28% იყენებს.

როგორც ლაშა ნაკაშიძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, ამის მიზეზი არაინტეგრირებული და ფრაგმენტული ველოინფრასტრუქტურაა.

მისი თქმით, ველოსიპედებს ბათუმში, ძირითადად გართობისთვის იყენებენ, მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთებზე.

„არ არსებობს საგზაო ნიშნები ველოსიპედებისთვის, ველობილიკები წყდება კონკრეტულ ადგილებზე, გზაჯვარედინებზე, არ მოიცავს მთლიან ქალაქს, გარდა ამისა, არსებული ველობილიკებიც მოუწესრიგებელია. არ არსებობს ველობილიკების რუქა, რომ იცოდე სადამდე მიხვალ ველოსიპედით“, – განაცხადა ლაშა ნაკაშიძემ „ფორტუნასთან“.

ნაკაშიძის განცხადებით, იმისთვის, რომ ეს ტრანსპორტი განვითარდეს, აუცილებელია ამ პრობლემების მოგვარება. ველოინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავება, სწორედ ახლა მიმდინარეობს.

გეგმის შემუშავების შემდეგ, დაიწყება კონკრეტული საპილოტე პროგრამების განხორციელება. პროექტები, სავარაუდოდ მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსდება.

„პირველ რიგში, ტურისტულ ადგილებში უნდა გაგრძელდეს ველობილიკები. ასევე, უნდა დავამატოთ გაქირავების წერტილები. ველობილიკებმა კი მთელი ქალაქი უნდა მოიცვას“, – განაცხადა ლაშა ნაკაშიძემ.

ურბანული ტრანსპორტის სისტემის კვლევა მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. 2019 წლამდე კი პროექტის ფარგლებში, კონკრეტული საპილოტე პროგრამები განხორციელდება.

მთლიანი პროექტის “მწვანე ქალაქების“ ბიუჯეტი 1 133 000 ამერიკული დოლარს შეადგენს, თანხას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი გამოყოფს. საპილოტე ნაწილისთვის კი თანხებს ქალაქის მუნიციპალიტეტი გაიღებს.

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები