LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვები, რომლებიც ბაღს ორჯერ ამთავრებენ – წელს 5 წლისებს კერძო სკოლებიც აღარ მიიღებენ

352

ნინა ყაველაშვილი პირველი კლასის მოსწავლეა. ის ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს, თუმცა, საკუთარმა დაბადების თარიღმა სწავლის დაწყებისას პრობლემები შეუქმნა.

ნინა 6 წლის შარშან, 28 სექტემბერს გახდა. სასწავლო წლის დაწყებისას ის ჯერ კიდევ 5 წლის იყო. ნინას დედა, ირა ამბობს, რომ ბავშვმა საბავშვო ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამა გაიარა, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გამო, რომლის თანახმად 6 წლამდე ბავშვები სკოლაში არ მიიღებიან, შეგუებული იყვნენ აზრს, რომ სკოლაში 2017 წელს უნდა შესულიყო.

ბაღში სასწავლო წლის დაწყებამდე ირა საბავშვო ბაღში შვილის პედაგოგს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ ნინას ყველა ჯგუფელი – მათ შორის, 5 წლის ასაკის ბავშვებიც მშობლებმა სკოლებში წაიყვანეს, ნინას კი, ბაღში დარჩენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ უნდა გაევლო სასკოლო მზაობის პროგრამა მასზე უმცროს ბავშვებთან ერთად.

ასეთ შემთხვევებს ბაგა-ბაღების სააგენტოში ერთეულს უწოდებენ და ამბობენ, რომ „შეუძლებელია, ბავშვმა მოსამზადებელი პროგრამა 2-ჯერ გაიაროს“.

 

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მშობელმა უნდა მოგვმართოს. მას შეუძლია პროგრამის გავლის გარეშე ატაროს ბავშვი ბაღში ან მიიყვანოს იმ ჯგუფში, სადაც სასკოლო მზაობის პროგრამას გადიან. თუმცა ეს შემთხვევა ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო და კარგად გასაანალიზებელია, რათა მეორედ აღარ განმეორდეს. ჩვენ ბავშვებს ჯგუფების მიხედვით ვანაწილებთ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემა არ დადგეს და მეორედ არ მოუწიოს ბავშვს იმავე პროგრამის გავლა.ბავშვები, რომლებიც 14 სექტემბრის შემდეგ არიან დაბადებულები წინასასკოლო მზაობის პროგრამას გადიან ერთი წლის განმავლობაში და მომდევნო წელს მიდიან სკოლაში“ – აღნიშნავს “ფორტუნასთან” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა.

 

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთი „ერთეული შემთხვევის“ დროს, სააგენტოში კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

ნინა ყაველაშვილის დედა კი ამბობს, რომ გამოსავალი ერთადერთი ჰქონდა – მოეძებნა კერძო სკოლა, სადაც 5 წლის ბავშვებს იღებდნენ, მეორე სემესტრიდან კი სასურველ სკოლაში გადაეყვანა.

იგივე პრობლემა შეექმნა ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღსაზრდელ თორნიკეს, რომელსაც გასულ წელს უკვე ჰქონდა ბაღის გამოსაშვები ზეიმი, ახლა კი ჯგუფელებთან ერთად კიდევ ერთი გამოსაშვები ზეიმისთვის ემზადება.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2017 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლების მსგავსად, არცერთი კერძო სკოლა 6 წლამდე ასაკის ბავშვს აღარ მიიღებს. შესაბამისად, წლევანდელი სასწავლო წლიდან ნინას მსგავსი „ერთეული შემთხვევებისას“ ბავშვები იძულებული იქნებიან, კიდევ ერთხელ გაიარონ სკოლისთვის მოსამზადებელი პროგრამა.

სასკოლო მზაობის პროგრამა ბაგა-ბაღებში 2015 წლის სასწავლო წლიდან ამოქმედდა. პროგრამა შეიქმნა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სასწავლი წლის დაწყებამდე შეუსრულდათ 5 წელი და მომდევნო წლის სექტემბერში სკოლის პირველ კლასში მიდიან. სასკოლო მზაობის პროგრამა წარმოადგენს სახლისა და სკოლის დამაკავშირებელ რგოლს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ბავშვების გადასვლას ნაკლებად ფორმალური გარემოდან მეტად ფორმალურ გარემოში.

 

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები