LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბავშვის დღის რეჟიმი, მათ შორის ძილისა და კვების, ბაღში არსებულთან მიმსგასებული გახადეთ” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

საბავშვო ბაღში მისვლა ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპია. ამ პერიოდში იგი დამოუკიდებლად ცდილობს თავი დაიმკვიდროს თანატოლების გვერდით. ამ ეტაპს თან ახლავს ბავშვისთვის სტრესი. ახალ გარემოსთან შეგუებას და დედასთან დაშორებას ის განსაკუთრებულად განიცდის. მდგომარეობა დამძიმდება მაშინ, თუ ბავშვს ბაღისთვის წინასწარ არ მოამზადებთ. როგორ უნდა მოამზადოთ ბავში ბაღისთვის  და რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის როლი. ”7 რჩევას ფსიქოლოგისგან” თეონა ნუცუბიძისგან მიიღებთ.

1.კარგად შეისწავლეთ თქვენი შვილი. დააკვირდით მის ქცევებს , რათა გაიგოთ როგორია მისი რეაქციები ამა თუ იმ სახის სტიმულაციაზე; გაეცანით ბავშვის განვითარებისა და ასაკობრივი თავისებურებების შესახებ ინფორმაციას.

2.ბაღში წასვლამდე, იზრუნეთ ბავშვის  დამოუკიდებლად მოქმედებისა და ფუნქციონირების უნარის განვითარებაზე. გარკვეული დროით მიაჩვიეთ თქვენს გარეშე დარჩენას ( დაიწყეთ მცირე დროით, თანდათანობით ეს დრო გაზარდეთ).

3. ბავშვის ბაღისთვის მომზადება ადრიანად დაიწყეთ: მოუყვეთ ბაღის, იქ მყოფი ბავშვებისა და ბაღში მათი საქმიანობის შესახებ; წინასწარ წაიყვანეთ და დაათვალიერებინეთ ბაღის გარემო, ინტერიერი, ოთახები, სათამაშოები; გააცანით აღმზრდელები, აყურებინეთ სხვა ბავშვების თამაშს და ბავშვის სურვილის გათვალისწინებით, თავადაც ჩართეთ თამაშის პროცესში.

4.ბავშვის ბაღში შეყვანამდე შეეცადეთ, რომ ბავშვის დღის რეჟიმი, მათ შორის ძილისა და კვების, ასევე კვებითი რაციონი, ბაღში არსებულთან მიმსგასებული გახადოთ. ეს ყველაფერი ბაღში მიყვანის შემდეგ, ბავშვს დაეხმარება გაუცხოებისა და მასთან დაკავშირებული უარყოფითი განცდების შემცირებაში.

5. არ უთხრათ ბავშვს ტყუილი! როცა ბავშვი უარს ამბობს ბაღში წასვლაზე, მისი სახლიდან „გატყუების“ მიზნით, არ მოატყუოთ; ბაღში დატოვებისას, არ უთხრათ, რომ კონკრეტულ დროში დაბრუნდებით, თუ რეალურად ვერ შეძლებთ მისვლას.

6. გაითვალისწინოთ და პატივი ეცით ბავშვის ინდივიდუალურობას.  თითოეული ბავშვი უნიკალურია და არ უნდა შეადაროთ იგი სხვა ბავშვებს. არ არის სასურველი, მისი „დამშვიდება“ იმ ფაქტორით, რომ ყველა ბავშვი ეგუება ბაღს და ისიც შეეგუება. გარდა ამისა, ყურადღების ნუ გაუმახვილებთ იმაზე, რომ სხვა ბავშვები არ ტირიან.        

 7.ითანამშრომლეთ საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან ან/ და ფსიქოლოგთან. აქტიურად ჩაერთეთ ბავშვის ადაპტაციის პროცესში; აღმზრდელსა ან ფსიქოლოგს მიაწოდეთ ბავშვის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია; ასევე თავად დაინტერესდით ბავშვის ქცევისა და ემოციური მდგომარეობით; შეიმუშავეთ ბავშვთან მიდგომის სტრატეგიები და შეთანხმებულად განახორციელეთ იგი.

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები