LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთა სამყაროს ხანძარი – ზარალი და მოვაჭრეების ეჭვები

57

თბილისში, ვაგზლის მოდენის ტერიტორიაზე, ბავშვთა სამყარო და ე.წ. ოქროს ბირჟა რამდენისმე საათიანი ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა. ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 13 ათასი კვადრატული მეტრი.

როგორც “ფორტუნას” კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებულია 100–მდე მოვაჭრე, რომლებიც შენობაში შესვლასა და გადარჩენილი საქონლის გამოტანას ითხოვენ.

თუმცა, მეხანძრეების განცხადებით, შენობა ავარიულია. ცოტა ხნის წინ, შენობის ნაწილიც ჩამოინგრა. შესაბამისად, საქონელის გამოტანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

განადგურებულია, როგორც საყოფაცხოვრებო საქონელი, ასევე ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

 

რამ გამოიწვია ხანძარი?

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა მოვაჭრეებს აქვთ ეჭვები, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს, რადგან მათი თქმით, შუქი ცენტრში მანამდე ითიშებოდა, ვიდრე მოვაჭრეები კომპლექტს დატოვებდნენ.

ისინი საკუთარ ზარალზეც საუბრობენ. საშუალოდ, მათი თქმით, არსებული საქონლის ღირებულება 10 000 ლარამდე მერყეობს. თუმცა არიან მოვაჭრეებიც, რომელთა ზარალი ბევრად მეტს შეადგენს.

 

დაზარალებულების ეჭვები

ვის სჭირდებოდა, სავაჭრო კომპლექტის განადგურება უცნობია. თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც ვრცელდება ეჭვის დონეზე არსებული მოსაზრებები.

“სპეციალურად დაწვეს, მაგრამ რისთვის არ ვიცი. თავისით ხანძარი როგორ გაჩნდებოდა, შენობაში სადაც ელექტროენერგია სპეციალური ჩამრთველიდან ითიშება საღამოს?!”, – განაცხადა ერთ–ერთმა დაზარალებულმა  “ფორტუნასთან”.

ეჭვი, რომელსაც მოვაჭრეებისგან ყველაზე მეტი საუბრობს, ადგილზე ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნის სურვილია. საუბარია “კარფურის” მსგავს სავაჭრო ობიექტზე.

“ნელ-ნელა ყველას აღატაკებენ ივანიშვილის დავალებით. მშიერი ადამიანი ლუკმაპურზე და შვილების საჭმელზე იფიქრებს და არა ნატოზე და ევროკავშირზე და აი მაშინ შეგვათრევენ რუსეთთან! ეს არის შეთქმულება ქართველი ხალხის წინაშე და გამოფხილდით არქიპო მიშა მოვიშორეთ და ბიძინა რა გახდა!”, – წერენ სოც. ქსელებში.

ასევე, განიხილება კონკურენტი სავაჭრო ობიექტები, რომელთა გახსნაც მომავალში იგეგმება. ასეთია თავისუფლების მოედანზე მშენებარე “გალერეა თბილისი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა გაიხსნას და როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის სავაჭრო და კულტურული ცენტრი უნდა გახდეს.

პროექტის ღირებულება 77 მლნ აშშ დოლარია. დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.

 

დაზღვევა და ზარალის ანაზღაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს–ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ბავშვთა სამყაროსა და ე.წ ოქროს ბირჟის სავაჭრო ცენტრის შენობა დაზღვეულია ალდაგის მიერ.

“ფორტუნას” ალდაგის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ჯერ–ჯერობით არ იციან, რა რაოდენობის თანხის ანაზღაურება მოხდება. ასევე უცნობია, აუნაზღაურებს თუ არა ზარალს ვინმე მოვაჭრეებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები