LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე ქართული ღვინის ახალი ბრენდი გამოჩნდა: Chigogidze Wines

497

ახალი წლიდან ქართულ ბაზარზე ღვინის ახალი ბრენდი Chigogidze Wines გამოჩნდა. ბრენდის პრეზენტაცია განახლებულ Babilo Music Hall-ში გაიმართა.

პრემიუმ კლასის ახალი ბრენდი ღვინის 16 სახეობას მოიცავს.

ის, რაც Chigogidze Wines სხვა ღვინოებისგან გამოარჩევს, განსაკუთრებული გემო, მცირე რაოდენობა და ხელით დამზადებული სასმელია.

იმის გამო, რომ საოჯახო ტიპის მარანში ყველაფერი ხელით მზადდება და მაქსიმალური კონტროლის ქვეშ არის, შეზღუდულია წარმოებული სასმელის რაოდენობაც.

ეს ბრენდი მარკეტებში არ გაიყიდება, თუმცა რამდენიმე რესტორანსა და სასტუმროში იქნება წარმოდგენილი.

“გვაქვს ქვევრის ღვინის არჩევანიც. თუმცა, ჩვენი მიზანია ქართლის ღვინოების წარმოჩენა, ეს არის თავკვერი, გორული მწვანე… ასევე, ვგეგმავთ კახური ჯიშების წარმოჩენასაც”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჩიგოგიძემ.

სულ მალე, მსურველებისთვის, თბილისის ცენტრში, ისტორიულ კოშკში, მტკვრის ქუჩაზე, ამ ღვინის სადეგუსტაციო ცენტრი მოეწყობა.

Chigogidze Wines მომავალი წლიდან ქვეყნის საზღვრებსაც გასცდება. როგორც ზურაბ ჩიგოგიძემ “ფორტუნასთან” განაცხადა, მომავალი წლიდან ღვინო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავა.

“ჯერჯერობით ექსპორტისთვის მზად არ ვართ, თუმცა ვფიქრობ, მომავალი წლიდან უკვე მზად ვიქნებით ჩვენი ღვინო სხვა ქვეყნებშიც გავიტანოთ. ძირითადად, ეს იქნება ლონდონი, ნიუ-იორკი და მოსკოვი. გვინდა, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული კონკურენციის შესაბამისად მოვემზადოთ და შემდეგ გავიდეთ ბაზარზე”, – განაცხადა ზურა ჩიგოგიძემ.

ოჯახური ტიპის საწარმო, სოფელ კავთისხევში მდებარეობს.

ღვინის დამზადებისთვის საჭირო ვენახის დიდი ნაწილი, კომპანიის მფლობელობაშია, ვაზის ნაწილს კი Chigogidze Wines გლეხებისგან მაქსიმალური კონტროლის ქვეშ ყიდულობს.

როგორც მეღვინეები “ფორტუნასთან” Chigogidze Wines-ზე საუბრისას აღნიშნავენ, ამ სასმელს ხარისხთან ერთად, განსაკუთრებული არომატი და გემო გამოარჩევს.

“ქართლის მეღვინეობა სპეციფიკური ზონაა, სადაც არაჩვეულებრივი ევროპული ტიპის ნაწარმი შეიძლება მივიღოთ. ამ ღვინის უპირატესობაა, განსაკუთრებული არომატი, გემო და ხარისხი. ჩვენი ამოსავალი წერტილი სწორედ ხარისხი და მცირე რაოდენობა იქნება”, – განაცხადა მეღვინე გიორგი სვანიძემ.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები