LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაზარზე წყლის ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდება – საწარმო ამბროლაურში გაიხსნა

316

25-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა ამბროლაურში მდებარე მტკნარი წყლის ახალ საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში შეიქმნა.

„იწის წყალი“ ამბროლაურში, გურგენიძის ქ. #18-ში მდებარეობს. საწარმოს შექმნისთვის კომპანიამ 800 000 ლარზე მეტი სესხი აიღო, რომლის პროცენტის თანადაფინანსებასაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანიას საწარმოს ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭირო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადასცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 000 000 ლარს შეადგენს.

„რეგიონში მსგავსი საწარმოების გაჩენა, გარდა იმისა, რომ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე ქმნის ექსპორტის პოტენციალს. ეს კომპანიაც ორიენტირებულია არაბულ ქვეყნებში პროდუქციის გატანაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამაშიც მივეხმარებით. მიგვაჩნია, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სწორედ ამისთვის არის შექმნილი, რომ განსაკუთრებით რეგიონებში საშუალო კომპანიებს დაეხმაროს როგორც ფინანსურად, ასევე ინფრასტრუქტურულად და წარმოების საშუალებებით“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„იწის წყალი“ პროდუქციის წარმოებისთვის ქვაბტკარის წყლის საბადოს იყენებს, სადაც კომპანიამ სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვით, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სათანადო აღჭურვილობის მოწყობა უზრუნველყო. 

მხარის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის შეფასებით კი, რაჭაში ოჯახების დაბრუნების ტენდენცია დაიწყო, რაც იმის შედეგია, რომ ხელისუფლება ძალიან ხელსაყრელ პირობებს უქმნის რაჭაში ბიზნესს განვითარებისთვის. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ „იწის წყალის“ ამოქმედების გამო თბილისიდან ოთხი ოჯახი დაბრუნდა ამბროლაურში, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია.

კომპანია „იწის წყალის“ მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც შუშის, ასევე პლასტმასის ბოთლებში ჩამოისხმება და უახლოეს მომავალში როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა საცალო და ქსელურ სუპერმარკეტებში გაიყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები