LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC – ინდოეთიდან რუსეთში, ველოსიპედით მიმავალი ინდოელი საქართველოში არ შეუშვეს

102

ინდოეთიდან რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ველოსიპედით მიმავალი ინდოელი საქართველოში არ შეუშვეს – ამის შესახებ BBC სტატიაში წერს, რომელიც ინდოელი კლიფინ ფრანსის გრძელ ველო ტურს ეხება.

სტატიაში “ინდოელი, რომელიც მესისთან შესახვედრად, მოსკოვში ველოსიპედით წავიდა”, მთავარი გმირის ერთ-ერთ დაბრკოლებად საქართველოცაა მოხსენიებული.

ფრანსისი თავდაპირველად დუბაიში ჩაფრინდა, საიდანაც ირანში გადავიდა, შემდეგ კი აზერბაიჯანში. ამ ქვეყნებში სტუმრობას, ის საკმაოდ პოზიტიურად აღწერს და ამბობს, რომ ძალიან თბილად მიიღეს და ყველა სახლში ეპატიჟებოდა. თუმცა, სხვა სიტუაცია დახვდა საქართველოში, სადაც აზერბაიჯანიდან აპირებდა შესვლას.

როგორც ფრანსისი BBC-თან ინტერვიუში ყვება, ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა, ამის მიუხედავად, მესაზღვრეებმა საქართველოში მაინც არ შეუშვეს.

“ყველა დოკუმენტი მქონდა და მაინც არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველოში არ შემიშვეს. ამის გამო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან აზერბაიჯანში დაბრუნების ნებართვაც არ მქონდა. აზერბაიჯანში მხოლოდ ერთჯერადი ვიზა მომცეს,” – ამბობს ინდოეთის მოქალაქე.

აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვარზე გატარებული ერთ დღის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ინდოეთის მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მისცა. კლიფინ ფრანსისი რუსეთში დაღესტნის გავლით ჩავიდა.

ამჟამად ინდოეთის მოქალაქე ტამბოვში იმყოფება და 26 ივნისს მოსკოვში აპირებს ჩასვლას, სადაც საფრანგეთისა და დანიის საფეხბურთო ნაკრებების თამაშს დაესწრება.

მას მესისთან შეხვედრა და ველოსიპედზე მისი ავტოგრაფი სურს. ასევე, იმედი აქვს რომ მისი მოგზაურობა, ინდოელ ბავშვებს ფეხბურთის სიყვარულს ასწავლის.

“ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი მოგზაურობის შემდეგ, თუნდაც ერთი ინდოელი ბავშვი ითამაშებს ფეხბურთს, იმედი მაქვს, ერთ დღესაც, ინდოეთსაც ვიხილავ მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატზე,” – აღნიშნა მან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, “ფორტუნა” კიდევ ერთი ინდოეთის მოქლაქის შესახებ წერდა, რომელსაც დოკუმენტაციის წესრიგში ქონის მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის საშუალება არ მიეცა.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს 2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, საზღვრიდან გაბრუნებული 5 507 პირიდან 21% ინდოეთის მოქალაქეა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 47.5 ათასი ინდოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო ინდოელების 2.5%-ს საზღვარზე არ უშვებს.

შემდეგ ადგილებზე თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები მოდიან. რეიტინგში ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნები ლიდერობენ.

 

პოპულალურები