LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჭდები, ველოსიპედები და სახლები, რომლებიც ჰაერს ასუფთავებს

ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო აქტუალური ხდება.

studioroosegaarde-ს ინოვაციური პროექტი, სწორედ ამ პრობლემის თანამედროვე გზებით გადაჭრას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა კოშკი, ბეჭდები და ველოსიპედები, რომლებიც დაბინძურებული ჰაერის გაწმენდაში იღებენ მონაწილეობას.

 

“სმოგის” საწმენდი კოშკი

ეს მსოფლიოში ჯერჯერობით ყველაზე დიდი ჰაერის გამწმენდია – უზარმაზარი “მტვერსასრუტი”, რომელიც ნებისმიერ ადგილას შესაძლოა განთავსდეს. გამწმენდის გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.

7 მეტრი სიმაღლის თანამედროვე შენობის მსგავსი კონსტრუქცია, შეიწოვს დაბინძურებულ ჰაერს, გადაამუშავებს მას და ბუნებაში სუფთა სახით აბრუნებს.

“მტვერსასრუტს” შეუძლია ერთ საათში 30 000 კუბური მეტრი ჰაერი გაწმინდოს.

ჰაერის გაწმენდისას მტვრის ნაწილაკები გამოიყოფა და დანადგარშივე გროვდება. კომპანია ამ “ნაგავს” ლამაზ სამკაულად აქცევს.

პირველი მოწყობილობა კრაკოვში, შემდეგ პეკინსა და ტიანძინში გამოსცადეს. ამ ეტაპზე, მის განვითარებაზე კომპანიის ჩინელი პარტნიორი – ფირმა Film Method Works მუშაობს. მეორე გამწმენდი კი, როტერდამის პარკში დგას.

კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით, ეს უზარმაზარი მოწყობილობა იყენებს 1170 ვატს, ანუ დაახლოებით იმავე რაოდენობის ელექტროენერგიას, რასაც ჩვენი სამზარეულოს ელექტროჩაიდანი.

 

გამწმენდი ბეჭედი

ამ ბეჭდებში სმოგის შეკუმშული ნაწილაკებია მოქცეული, რომელსაც ჰაერის გამწმენდი კოშკი აგროვებს.

ბეჭედს ზოგი უბრალოდ სუვენირად ინახავს, ზოგი კი რჩეულის დასანიშნად. მისი ყიდვისას თქვენ 1000 m3 ჰაერის გასუფთავებას უწყობთ ხელს.

ბეჭედის შეკვეთა ვებ გვერდის მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

გამწმენდი ველოსიპედი

ველოსიპედები ამ პროექტის ჯერჯერობით, უახლესი ეტაპია. ველოსიპედის საჭეზე დამაგრებული მოწყობილობა, მოძრაობისას დაბინძურებულ ჰაერს შთანთქავს და უკან გასუფთავებულ/გაფილტრულს უშვებს.

გამწმენდი კი, ენერგიის გამოსამუშავებლად პედალის ძალას იყენებს. მისი პირველი პროტოტიპი წელს შეიქმნა და მის განვითარებაზე მუშაობა გრძელდება. სამომავლო პარტნიორი კი, ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ველოსიპედების გასაზიარებელი კომპანია OFO-ა, რომელსაც 100 მილიონზე მეტი (2017) რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 250 ქალაქშია ხელმისაწვდომი.

 

სოკო, რომელიც პლასტიკის ნაგავს ჭამს

გარდა ტექნიკისა, გარემოს გასუფთავებაში მეცნიერებმა შესაძლოა, სოკოებიც ჩართონ.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მათ მიაგნეს სოკოს სახეობას, რომელსაც პოლიეთილენისა და პლასტმასის შემცველობის მქონე ნივთიერებების “შეჭმა” წლების ნაცვლად, კვირების განმავლობაში შეუძლია.

მკვლევარების თქმით, სოკოს სახეობას, სახელწოდებით Aspergillus tubingensis-ს, რომელიც პაკისტანში აღმოაჩინეს, შეუძლია ისეთი ნივთიერებები შთანთქას, როგორიც არის პოლიესტერული პოლიურეთანი (რომელიც მაცივრებში გამოიყენება) და სინთეტიკური ტყავი.

ცნობისთვის, 2016 წელს დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული ავადმყოფობების შედეგად 4.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1990 წლის მაჩვენებელს თითქმის 23%-ით აღემატება. აღმოსავლეთ ევროპა ამ მხრივ ერთ-ერთი პრობლემური რეგიონია.

პოპულალურები