LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში პოლიციას ადანაშაულებენ

65

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, 21 წლის ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ, შემთხვევის შესახებ „ფეისბუქზე“ „რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა წერს.

მისი ინფორმაციით, გუშინ ღამით, დაახლოებით 4-5 საათზე, ბექა ხახუბია ავტომანქანით თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიემგზავრებოდა, გორთან კი მას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაედევნა. სამართალდამცველებმა მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვეს.

„ბექა ხახუბია, ვინაიდან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევის შიშით, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა ხაშურის მიმართულებით.
ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო.

ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო ა|მანქანა და მოახდინეს გორის გვირაბის გასასვლელის ჩახერგვა.

დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ,საპატრულო პოლიციის უკენონო ქმედების შედეგად 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა,“ – წერს კუპრავა.

მისივე ინფორმაციით, გარდცვლილი ბექა ხახუბიას საქმემ საპტრულო პოლიციის საგამოძიებო ნაწილიდან, პროკურატურაში გადაინაცვლა, რაც, კუპრავას თქმით, „კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ დანშაული შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არის ჩადენილი“.

ავარიის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და დეტალებზე მათ ინფორმაცია არ აქვთ.

“ფორტუნა” ცდილობს, გამოძიებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას დაუკავშირდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები