LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერძნული მედია საბერძნეთში დაკავებული ქართველების საქმის დეტალებზე წერს

72

ბერძნული მედია საბერძნეთში დაკავებული ქართველების საქმის დეტალებზე წერს. მედიის ცნობით, ბინების ძარცვის ბრალდებით, სულ დაკავებულია 21 პირი, მათ შორის 18 ქართველი, ერთი ბერძენი, ერთი ერაყელი და ერთი ბულგარელია. ამავე საქმის კიდევ ხუთი ფიგურანტი უკვე ციხეშია.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ქართველები, საბერძნეთში, კერძოდ ატიკას რეგიონის ჩრდილოეთით, ოჯახებში მომვლელად ან დამხმარედ მომუშავე ქალების გადაბირებას ცდილობდნენ და მათი მეშვეობით სახლებს ძარცვავდნენ. გამოძიების ცნობით, ისინი ინფორმაციას ხანდაზმული მოქალაქეების მომვლელებისგან, ასევე საავადმყოფოების და ხანდაზმულთა თავშესაფრების თანამშრომლებისგან იგებდნენ და სახლებში შემდეგ შედიოდნენ.

კრიმინალური დაჯგუფების დაკავება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა მანქანის გატაცება სცადა. ის ავტომობილის მფლობელ ქალს ქუჩაში იარაღით დაემუქრა, შემდეგ თავის არეში დაზიანება მიაყენა და მანქანიდან გადააგდო.

საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი საბერძნეთში თვეების განმავლობაში მოქმედებდა. კრიმინალები ოთხ ჯგუფად იყოფოდნენ. მათ 70-ზე მეტ დანაშაულში ედებათ ბრალი – ბინების გაქურდვა, ძარცვა იარაღის მუქარით და ნარკოტიკების შენახვა და გადაზიდვა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულები ნაქურდალ ნივთებს ყიდდნენ და შემოსავალს იღებდნენ. აღნიშნული თანხა კი უცხოურ ბანკებში ირიცხებოდა. სამართალდამცავებმა დაკავებულთა სახლებიდან მოპარული ძვირფასი ნივთები, სამკაული, ასევე ყალბი პირადობის მოწმობები, იარაღი და ფული ამოიღეს.

საქმეს ათენის პროკურატურა იძიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები