LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიბილოვის განცხადება ყველა საერთაშორისო ნორმას ეწინააღმდეგება – მამუკა მდინარაძე

40

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია, ის ყველა საერთაშორისო ნორმასა და სტანდარტს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის განცხადებების მიუხედავად, ქართული მხარე ცდილობს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რაც შეიძლება მოკლე დროში იყოს გადმოსვენებული.

„ასეთი არალეგიტიმური განცხადებების მიუხედავად, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თავის ოჯახში, რაც შეიძლება მოკლე დროში იყოს გადმოსვენებული. ნამდვილად ვერ გეტყვით, ე.წ. პრეზიდენტს რა მიზანი ამოძრავებს, როცა ამ განცხადებას აკეთებს. ჩვენ იგივე მოლოდინი გვაქვს, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ, ცხედრის ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებისთვის. იგივე მოლოდინში იმას ვგულისხმობ, რომ ცხედრის გადმოსვენებას უახლოეს მომავალში ველოდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში – ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები