LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bicycle Coffee რიყეზე ფართის გამოყოფას ითხოვს

282

ყავის მოძრავი საწარმო Bicycle Coffee რიყეზე ფართის გამოყოფას ითხოვს. როგორც ”ფორტუნას” ბიზნესიდეის ავტორმა, ცოტნე ყალიჩავამ განუცხადა, შესაბამისი თხოვნით დოკუმენტაცია თბილისის მერიაში უკვე შეიტანა და მომავალი კვირისთვის პასუხს ელის.

”როგორც მერიაში მითხრეს, ერთ ადგილზე გაჩერება ჩემი ველოსიპედით და პროდუქციის რეალიზაცია კანონით დაშვებული არ არის. შესაბამისად, გადავწყვიტე თხოვნით მიმემართა მერიისთვის, ტურისტულ ადგილას, რიყეზე გამომიყონ დაახლოებით 2 კვადრატული მეტრის ფართი, სადაც Bicycle Coffee განაგრძობს საქმიანობას”, – აღნიშნა ცოტნე ყალიჩავამ.

მისივე ინფორმაციით, თუ მერია ახალგაზრდა ბიზნესმენს აღნიშნულ თხოვნაზე უარს ეტყვის, მაშინ მოუწევს ინვესტორის მოძიება, რომელიც პატარა ობიექტის გახსნაში დაეხმარება, სადაც Bicycle Coffee-ის პროდუქცია გაიყიდება.

რაც შეეხება პროდუქციის გამრავალფეროვნების კუთხით მიმდინარე სიახლეებს, როგორც მოსიარულე ბიზნესის შემქმნელი ამბობს, ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, Bicycle Coffee-მ ყავის ასორტიმენტი გაზარდა და დაამატა ცივი ყავა ნაღებითა და ცივი ყავა შოკოლადი.  ცოტნე ყალიჩავა განმარტავს, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა ტურისტების მხრიდან თითქმის 2-ჯერ გაზრდილია, ამავე წლის მარტი-აპრილის პერიოდთან შედარებით.

შეგახსენებთ,  პირველად საქართველოში ყავის მოძრავი საწარმო მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გამოჩნდა. მოსიარულე ბიზნესი 19 წლის სტუდენტმა დაიწყო. ბიზნესის არსი მდგომარეობს იმაში, რომ  ყავის კაბინა დამონტაჟებულია ველოსიპედზე და ყავის ხარშვა ხდება ქვიშაზე. სწორედ ამის გამო, „ბაისიქლ ქოფი“ უზრუნველყოფს ქვიშაზე მოდუღებული ყავის ოპერატიულად მიწოდებას დამკვეთამდე.  პროდუქციის ღირებულება 2 ლარიდან იწყება და 4 ლარამდე ადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები