LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების 3 ძირითად მიზეზს ასახელებს

92

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მთავარ კითხვას უპასუხა – რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში. ივანიშვილის თქმით, დაბრუნების მიზანი, ახლაც იგივეა, რაც 2012 წელს იყო – ქართველი ხალხის ღირსეული მომავალი.

მან დაბრუნების სამი ძირითადი მიზეზი დაასახელა. მათ შორის, რთული ეკონომიკური ვითარება და ოპონენტებისგან მომდინარე დესტრუქციული მუხტი, ასევე ხელისუფლების შიგნით არსებული ვითარება.

“რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში, მაშინ როცა, რამდენიმე წლის წინ, საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ ნაბიჯს, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი. რატომ გადავწყვიტე ახლა, კვლავ ჩავუდგე იმ პარტიას სათავეში, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე და ჩემ ხალხთან ერთად, ჩემს ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია შევასრულე. დავამარცხე და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ, მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება.

ამის შემდეგ, საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან, ის, რაც ჭარბად გამაჩნდა – ხალხის ნდობა, ხელისუფლებაზე მეტად, მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა.

ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, არც “ქართული ოცნების”, არც დღევანდელი ხელისუფლების და არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია – საქართველოს, ქართველი ხალხის, თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი.

ამიტომ, ახლა სწორედ ჩემს ხალხს მინდა მივმართო, ჩვენ ვდგავართ. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც ძირითადად, სამი მიზეზი განსაზღვრავს:

  • ობიექტურად არსებული არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება და ამ ისედაც რთული ვითარების, კიდევ უფრო მძაფრ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობა.
  • ოპონენტების უმრავლესობიდან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი.
  • ხელისუფლების შიგნით არსებული სუსტი, მაგრამ არასაჭირო უსაფუძვლო გაუგებრობები,”  – განაცხადა ივანიშვილმა და ამ მიზეზებზე დეტალურად გაამახვილა ყურადღება.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მან ზედმიწევნით კარგად იცის, რა სირთულეების წინაშეა ქვეყნის თითოეული მოქალაქე.

“ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებული, მათ შორის სისხლიანი კატაკლიზმების შედეგად აღმოვჩნდით. ჯერ კიდევ არ გვქონდა მოშუშებული სამოქალაქო ომის იარები, როდესაც  ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში ჩავებით, რასაც შედეგად, ოკუპაცია და დევნილების ორი მასობრივი ტალღა მოჰყვა.

ქაოსმა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ტალღა გამოიწვია ქვეყანაში და სიღარიბე მასობრივ პრობლემად აქცია. დღემდე მწვავეა უმუშევრობის, ხოლო დასაქმებულთათვის არასაკმარისი ხელფასის, აგრეთვე, დაბალი პენსიის პრობლემა.

დღევანდელ პოლიტიკურ პრობლემებს ქმნის ის, რომ გვაქვს თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია, რასაც ჩამორჩება ევროპული განვითარების დონე. ასეთი დისპროპორცია, იმდენად უნიკალური მოვლენაა, ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა მსგავსი პირობებით. ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, ეკონომიკა და თავისუფლებები ერთმანეთს ზრდიდნენ და ავსებდნენ. ამ დისჰარმონიის აღმოფხვრა, საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა და ამ გზაზე ჩვენ არჩევანი დემოკრატიაზე გავაკეთეთ. ეკონომიკა უნდა დავაწიოთ დემოკრატიას და არა პირიქით. ამ არჩევანის გამო, ავანტიურისტული ჯგუფები დესტრუქციული გზებით იბრძვიან ძალაუფლებებისთვის.

არაფერია იმაში უცნაური და გაუგებარი, რომ ხალხს უკეთესად ცხოვრება სურს. მაგრამ, უცნაური და გაუგებარი ისაა, რომ საქართველოში თითქმის, ვერ ნახავ ექსპერტს, რომელიც ხალხს აუხსნიდა, რომ ევროპას ასწლეულების განმავლობაში, მრავალი ეკონომიკური კატაკლიზმების გადატანა დასჭირდა, სანამ ამ დონეს მიაღწევდა,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლების ზრდა, სწორედ მმართველი გუნდის დამსახურებაა, რაც ერთის მხრივ კარგია, თუმცა მეორეს მხრივ, ტყუილის ტირაჟირება უფრო მარტივად ხდება.

“მიზანდასახულად ნერგავენ, სასოწარკვეთის და უიმედობის ატმოსფეროს და მათი თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლების ქმედებებისგან მოდის. ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია. ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი, შეპყრობილია ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ქვეყანაში უიმედობის დანერგვაში, რადგან კარგად იცინიან, ეს და არეულობა მათი ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზაა,” – აღნიშნა ივანიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები