LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერმინისტრი – გიორგი მარგველაშვილი

59

ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერმინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უნდა დასრულდეს საქართველოში პროცესი, როცა საზოგადეობამ არ იცის, ვინ და რატომ ხსნის პრემიერმინისტრებს.

„რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი?! რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები?! მიმაჩნია, რომ ეს მასკარადის პერიოდი, როცა უცებ ირჩევიან პრემიერ-მინისტრები, რა პრინციპით – ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, ეს უნდა დამთავრდეს. თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები. ეს არის რეალობა, რომელშიც ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან ვერთიანდებით, ვმსჯელობთ და განვიხილავთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერ-მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერ-მინისტრებს,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაასახელონ.

„მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის, მმართველ პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ-მინისტრად ის ადამიანი, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია, როგორც პრემიერ-მინისტრთან და შემიძლია ვთქვა, რომ ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. ბიძინა ივანიშვილთან ვმუშაობდი მე როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან კარგი, საინტერესო და ეფექტური იყო, მაგრამ ეს მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ავნებს საქართველოს, ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები