LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინები ძვირდება – რას პროგნოზირებენ დეველოპერები?

125

1 ივლისიდან ამოქმედებული ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების, ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს, უძრავი ქონების ბაზარზე ცვლილებების მიზეზი გახდა. როგორც დეველოპერების გარკვეული ნაწილი აცხადებს, ამ ფაქტმა ბინების ღირებულება გაზარდა.

აღნიშნულ თემაზე ”ფორტუნა” უძრავი ქონების სააგენტო myclient.ge–ს დაუკავშირდა. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გვანცა გუჯელაშვილმა განაცხადა, ბინების გაძვირება უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია.

”ლარში ფასდადების გამო, როგორც კლიენტების, ისე დეველოპერული კომპანიების მოლოდინი არის ის, რომ ფასები აიწევს. რეალურად, კომპანიები ცდილობენ, უძრავ ქონებაზე ფასები ოდნავ მოამატონ, რათა ის მარჟა,  რაც შეიძლება ეროვნულ ვალუტასა და უცხოურ ვალუტას შორის ფიქსირდებოდეს, დაიჭირონ. ამასთან, გაზრდილია მოთხოვნა მიწებზეც, რაც გარკვეულ ბიძგებს წარმოშობს უძრავი ქონების ბაზარზე”, – აღნიშნა გუჯელაშვილმა.

მისივე თქმით,  რადიკალური შეფასებების გაკეთება წინასწარ რთულია – წლების განმავლობაში ფასების დადება დოლარში ხდებოდა, ამიტომ კომპანიებს ეროვნულ ვალუტაზე გადასვლა თავიდან გაუჭირდებათ, თუმცა ყველაფერი შეჩვევასთან არის დაკავშირებული.

ბინების გაძვირების საკითხზე ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება უჭირს უძრავი ქონების კომპანია ”ბერუკას” დამფუძნებელსა და დირექტორს, ავთანდილ გუგეშაშვილს. ის ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ამ ეტაპზე ცვლილება არ შეინიშნება.  ”ვერ გეტყვით, რომ ბინები უკვე გაძვირდა. ახალი რეგულაცია სულ რამდენიმე დღეა ამოქმედდა, ამიტომ ჯერჯერობით ეს ცვლილება ბინების ფასზე არ ასახულა და 1 ივლისამდე არსებული ტარიფებია შენარჩუნებული”, – ამბობს გუგეშაშვილი.

განსხვავებული პოზიცია აქვს სამშენებლო კომპანია GDG-ის ხელმძღვანელ ბეჟან წაქაძეს, რომელმაც გადაცემა “საქმის კურსს” განუცხადა, რომ მისი კომპანია , ლარში ფასდადების გამო, კლიენტს ბინებზე დარეზერვებულ, მაღალ ფასს სთავაზობს.

“მომხმარებელი რომ მოდის, უკვე შედარებით გაზრდილ ფასებს ვეუბნებით, რადგან 2 კვირის შემდეგ შეიძლება კიდევ მოვიდეს და კიდევ გკითხოს ფასები. თუ აწეულს ეტყვი, მაშინ ეცდება, სხვაგან დაიწყოს ბინის ძებნა. ამიტომ, ახლა ისეთ ფასებს ვეუბნებით, რომელიც შეიძლება 1 თვის განმავლობაში შევინარჩუნოთ”,- აცხადებს წაქაძე. მისივე თქმით, ლარში ფასდადების გამო კომპანიას უწევს, უფრო მაღალი ფასი შესთავაზოს კლიენტს, რათა ლარის მერყეობის შემთხვევაში თავი დაიზღვიოს.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან მომსახურების გაწევის, ან პროდუქციის რეკლამირებისას, ფასის გამოხატვა ლარში სავალდებულო გახდა. ცვლილებები რეკლამისა და ეროვნული ბანკის შესახებ კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები