LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიტკოინი და კრიპტოვალუტა – ეს ბუშტი აუცილებლად გასკდება, თუმცა…

კრიპტოვალუტა – თემა, რომელიც, ჩართულობის მიუხედავად, ყველა ჩვენგანს აინტერესებს.

კითხვაზე, გახდება თუ არა ის ნამდვილად მომავლის ფული, ან საერთოდ რა მომავალი აქვს მას, პასუხი არავის აქვს. თუმცა, არსებობს კომპეტენტური პირების მოსაზრებები და პროგნოზები.

ისინი ამ თემაზე საუბარს, ძირითადად, რისკებით იწყებენ, რადგან რისკი უდიდესია.

კრიპტოვალუტის საინვესტიციო წამყვანი ფირმის BlockTower Capital-ის დირექტორი, არი პაული, ამბობს, რომ ინვესტირებისას სამი მთავარი რისკი არსებობს.

 

რისკები

კრიპტოვალუტაში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი არის ჰიპერ არასტაბილური აქტივები.

როგორც ობლიგაციები და ბონდები, ნებისმიერი კაპიტალი შეიძლება, განულდეს, არა? ასევეა კრიპტოვალუტებიც – ნებისმიერი კოინი შეიძლება, განულდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის წარმოუდგენელ ზრდაზე გადის. მაგალითად ბიტკოინის ფასი 10 ცენტიდან დაიწყო და 20 ათას დოლარს მიუახლოვდა, თუმცა მისი ფასი 5-ჯერ მთელი 80%-ით დაეცა. ეს კი წარმოუდგენელი არასტაბილურობაა…

შემდეგია საოპერაციო რისკი – ანუ როგორ შეინახავთ კრიპტოვალუტებს უსაფრთხოდ.

თუ თქვენ რეალურ თანხას მოგპარავენ, ქურდი დაისჯება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ კრიპტოვალუტის შემთხვევაში გარიგებები ანონიმურია. გადარიცხვებს ვერავინ აკონტროლებს, ამიტომ ის ჰაკერების კარგი სამიზნეა.

თუ თქვენ გაქვთ 20 მილიონი ბანკში, ის დაზღვეულია, მაგრამ თუ თქვენ ამავე ღირებულების კრიპტოვალუტა გაქვთ, იურიდიულად არც არაფერს ფლობთ. თუ ის საიტი გაქრა, სადაც კოინებს ინახავთ, დიდი შანსია, ვერასდროს დაიბრუნოთ.

ამ შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო გზა კოინების USB-ზე შენახვაა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგულირების რისკი. ეს პრობლემა ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დადგა. ამ ვალუტას ვერავინ არეგულირებს, თუმცა, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას შესაძლოა, ჰქონდეს მისი აკრძალვის მცდელობა, რაც კურსზე დიდ ცვლილებას ახდენს.

 

განათლება და კრიპტოვალუტა

რაც არ უნდა უპერსპექტივო იყოს ონლაინფული, მის შექმნას მსოფლიოში დიდი ცვლილებები მოჰყვა, მათ შორის, განათლების მიმართულებით.

ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის შესახებ კურსები უკვე დაინერგა ბევრ უნივერსიტეტში, ბევრში კი მსგავს ლექციებს, კვალიფიციური კადრების არარსებობის გამო, ვერ ატარებენ.

გარდა ამისა, ამ სფეროს განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ისეთ კადრებზე, როგორიცაა კიბერ უსაფრთხოება, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ა.შ.

როგორ ასწავლიან ბიზნესსკოლებში კრიპტოვალუტას და რას ცვლის მისი განვითარება?

დევიდ იეკერმანი მოთხოვნადი ლექტორია. მისი მეშვეობით ნიუ-იორკის ბიზნესის უნივერსიტეტი იყო პირველი სასწავლებელი, სადაც ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სისტემის შესახებ სწავლება დაინერგა. 2004 წლის შემდეგ ის ამ „კურსს“ მთელ მსოფლიოში ნერგავს.

ეკერმანი ამბობს, ბლოკჩეინის ტექნოლოგია ნამდვილად ყველა ინდუსტრიას შეცვლის.

მისი თქმით, ახლა მთავარია, იყოს საკმარისი კადრები, რომ მისი სწავლება ბევრმა შეძლოს.

„დარწმუნებული ვარ, 5 წელიწადში ასეთი კურსი ყველა უნივერსიტეტში იქნება. ძალიან ბევრს ახლაც უნდა ამ კურსის დანერგვა, თუმცა, შესაბამისი კადრები ფიზიკურად არ არსებობს,“ – ამბობს ის.

არსებობს ონლაინკურსებიც, რომელთა ფასიც 2000 ევროდან იწყება. ერთ-ერთი მათგანი ამ საიტზე შეგიძლიათ, მოიძიოთ.

 

ინტელექტუალების ამ საქმეში ჩართვა კიდევ უფრო გააძლიერებს კრიპტოვალუტას

„სწრაფად განვითარებადი თემა, თოქენებით და კრიპტოვალუტებით, მთელ ინდუსტრიას შეცვლის,“ – აცხადებს შვეიცარიული ბანკ UBS-ის საინფორმაციო ოფიცერი, ოლივერ ბაზმენი, რომელიც ამჟამად ბლოკჩეინის სტარტ-აპების მრჩეველია.

„რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რა სისტემაა ეს და რა პოტენციალი აქვს, მით უფრო მეტად ექნებათ წარმოდგენა იმაზე, რა ფინანსურ გარემოში მოუწევთ ცხოვრება, დაახლოებით, 5 წლის შემდეგ,“ – განაცხადა მან.

დიდი კომპანიები უფრთხიან კრიპტოვალუტებს, რადგან არსებობს თაღლითობის ან კრიმინალის ეჭვი. თუმცა, ბოლო დროს, კრიპტოვალუტის შემქმნელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროდუქტის ეფექტიანობა გაზარდონ.

ყველა სექტორიდან, ფინანსებიდან დაწყებული და გაყიდვებით დამთავრებული, კრიპტოვალუტის შემქმნელები ექსპერტებს ითხოვენ და იწვევენ.

ბიტკოინის მატარებელი

ამის მიუხედავად, სულ მცირე ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება ისეთი, ვინც ბიტკოინის ისტერიაში არ ჩაართულა. ეს ნობელის პრემიის ეკონომისტი გამარჯვებული იოსეფ სტიგლიცია, რომელიც ამბობს, რომ ის კრიპტოვალუტის ფანი არ არის და მისი აკრძალვის მომხრეა.

სტიგლიცი ამტკიცებს, რომ ბიტკოინი წარმატებული მხოლოდ ნაკლები ზედამხედველობის შესაძლებლობის გამოა.

„კრიპტოვალუტა უნდა გამოცხადდეს უკანონოდ და აიკრძალოს იმის გამო, რომ მას არ გააჩნია სოციალურად რაიმე სასარგებლო ფუნქცია,“ – განაცხადა მან ბლუმბერგთან ინტერვიუში.

რაც შეეხება, ბიტკოინის ფასის ზრდას, სტიგლიცი ამბობს, რომ მისდამი ინტერესი, გაბერილი საპნის ბუშტივითაა და მის გახეთქვას აჩქარებს.

„მისი აღმასვლა უამრავ ადამიანს აიყოლიებს, ხოლო დაღმასვლას  უამრავი ადამიანის ფული და ენერგია გაჰყვება,” – ამბობს 2011 წლის ნობელის პრემიის გამარჯვებული ეკონომისტი.

 

დოთ ქომის საპნის ბუშტი

1997-დან 2001 წლამდე პერიოდში ბიზნესისა და მომხმარებლის მიერ ინტერნეტის გამოყენების რიცხვი უკიდურესად გაიზარდა. ამ დროს კომერციული მიზნით ძალიან ბევრი ინტერნეტ კომპანია დაარსდა, რომელებსაც უდიდესი მოგება ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით უმეტესმა მათგანმა კრახი განიცადა. 2000–2002 წლებში ეს სისტემა ჩამოინგრა. ზოგიერთი კომპანია საერთოდ გაქრა, ზოგის მოგება კი 90%-მდე შემცირდა. თუმცა, ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ისეთი ინტერნეტ გიგანტი კომპანიები, როგორებიცაა ამაზონი (Amazon) და იბეი (ebay).

მათმა მოგებამ მოგვიანებით დოთ ქომის ეპოქაში მიღწეულ პიკსაც გადააჭარბა და დღემდე ინარჩუნებენ მოწინავე პოზიციებს.

ამ პერიოდშიც არსებობდა რადიკალური პოზიციები, რომ ინტერნეტი საერთოდ გაქრებოდა და იყო მეორე მხარეც, რომელიც ფიქრობდა, რომ ინტერნეტი ჩაანაცვლებდა სატელეფონო კავშირს და სხვა მომსახურებებს.

თუმცა, დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა – ინტერნეტს კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცივილიზებულ სამყაროში.

 

შესაძლოა, სწორედ ეს ბედი ელის კრიპტოვალუტასაც.

ინტერნეტფულის ბუშტი გასკდება, დაკარგავს მომხმარებელს, ზოგიერთი კრიპტოვალუტა საერთოდ გაქრება, თუმცა, დარჩება რამდენიმე მათგანი, რომელთა მოგება მომავალში იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ახლა.

როდის გასკდება ბუშტი და რომელი კრიპტოვალუტა აღმოჩნდება ყველაზე ძლიერი, ამას წინასწარ ვერავინ ამბობს, თუმცა, ამ სფეროში გათვიცნობიერებული ადამიანები ამტკიცებენ, რომ ეს ბიტკოინი არ იქნება, რადგან ბიტკოინის სიძლიერეს მხოლოდ მისი პირველობა განაპირობებს…

 

თამთა უთურგაშვილი

იხილეთ ამავე თემაზე ჩვენი სტატია: მომავლის ფული – რა განაპირობებს ბიტკოინის ფასს და რას შეცვლის კრიპტოვალუტა მსოფლიო ეკონომიკაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები