LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუჯეტის ასიგნებები 305.0 მლნ ლარით იზრდება – რაში დაიხარჯება დამატებითი თანხები

84

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 305.0 მლნ ლარით იზრდება და 11 720.5 მლნ ლარით განისაზღვრება. საბიუჯეტო ასიგნებებთან დაკავშირებული ცვლილებები ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხორციელდება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, დამატებითი ასიგნებები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება 476.5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 106.0 მლნ ლარით არის გაზრდილი. მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხის ფარგლებში დაფინანსდება: ბიზნეს-სახლის მშენებლობა; ქუთაისის აეროპორტის მშენებლობა; მთის კურორტების ინფრასტრუქტურა (ბაკურიანი). ამასთან, აღნიშნულ პროექტებზე, ასევე სამინისტროს შენობის მშენებლობაზე მიიმართება ანაკლიის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვის პროგრამაში წარმოქმნილი ეკონომია.

“წარმოდგენილი ცვლილება იძლევა საშუალებას, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებები შემცირდეს 108.0 მლნ ლარით და აღნიშნული თანხა სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდეს“, – აღნიშნულია საბიუჯეტო ცვლილებების პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 323.0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია ჯამში, 65.0 მლნ ლარით. მათ შორის: სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისათვის დამატებით გათვალისწინებულია 35.0 მლნ ლარი. აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით დამატებით გათვალისწინებულია 35 მლნ ლარი, მათ შორის ტექნიკის შეძენა – 20 მლნ ლარი, ხოლო საწამლი საშუალებების შეძენა – 15 მლნ ლარი. “ეს საშუალებას მოგვცემს, მიმდინარე წელსვე დაიწყოს შესყიდვის პროცედურები და გაზაფხულზე სრულად იყოს შესაძლებელი შესაბამისი ღონისძებების გატარება. ამასთან, დამტკიცებულ გეგმაში აისახა წლის განმავლობაში ამ მიზნით უკვე მობილიზებული სახსრები 16.1 მლნ ლარის ოდენობით“, – განმარტავს მთავრობა.

5.0 მლნ ლარით მცირდება “აგროკრედიტი (EIB)“. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დონორთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაგეგმილია აღნიშნული თანხის მიმართვა სამელიორაციო სისტემების და წყალსაცავების მშენებლობისთვის;

2017 წლის საბიუჯეტო ცვლილებებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 1 288.0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 30 მლნ ლარით, მათ შორის: – წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის დამატებით გათვალისწინებულია 16.0 მლნ ლარი; მყარი ნარჩენების პროექტის თანადაფინანსებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 9.0 მლნ ლარი; საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 5.0 მლნ ლარი.

პარლამენტში ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის მიხედვით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 146.8 მლნ ლარით. დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 10.0 მლნ ლარით, რაც გათვალისწინებულია სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაფინანსებისთვის.

ენერგეტიკის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება 197.3 მლნ ლარით განისაზღვრა. დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი გაზრდილია 65.0 მლნ ლარით – მათ შორის, გაზიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსებისთვის დამატებით გათვალისწინებულია 50.0 მლნ ლარი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 99.8 მლნ ლარამდე. დამტკიცებულ გეგმათან შედარებით სამინისტროს ასიგნება გაზრდილია 15.0 მლნ ლარით, რაც მოხმარდება დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 24.0 მლნ ლარის ოდენობით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება განისაზღვრა 115.0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ  გეგმასთან შედარებით გაზრდილია 5.0 მლნ ლარით.

“დამატებითი თანხის გამოყოფა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ გასული წლის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად სამინისტრო აფინანსებს უცხო ქვეყნებში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს და ამ მიზნით მიიმართა ბიუჯეტის დაგეგმვისას პროგნოზირებულთან შედარებით მეტი თანხა. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანში მიზანშეწონილია წინსწრებით მოხდეს საელჩოს შენობის იჯარის ქირის დაფარვა, რაც საშუალებას იძლევა დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები. რიგ ქვეყნებში არსებული მოლაპარაკებების შესაბამისად, წინსწრებით გადახდის შემთხვევაში იჯარის ფასი მცირდება“, – ნათქვამია საბიუჯეტო კოდექსის განმარტებით ბარათში.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება იზრდება 4.0 მლნ ლარით. როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული თანხით იზრდება შრომის ანაზღაურების ფონდი, რითაც ხდება იმ თანხის კომპენსირება, რომელიც სამინისტრომ მიმართა მიმდინარე წლის ზაფხულში ბორჯომში სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული თანამშრომლების წახალისებისთვის.

საბიუჯეტო ცვლილებებით, საერთო სასამართლოებისთვის განსაზღვრული ასიგნებები მცირდება 10.0 მლნ ლარით. მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ახალი შენობის მშენებლობისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, ხოლო შენობის მშებელობა დაიწყება 2018 წელს.

საშინაო სესხების მომსახურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მცირდება 9.9 მლნ ლარით და შეადგენს 239.2 მლნ ლარს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, სხვა უწყებების დაფინანსების მოცულობაში ცვლილებები არ შედის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები