LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე ბრალდებული ორი პირი დანაშაულში მონაწილეობას უარყოფს

129

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე ათივე დაკავებული დროებითი მოთავსების ოზოლატორშია მოთავსებული. როგორც ორი დაკავებულის – ნიკა ქავთარაძის და ოთარ გელაძის ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ განაცხადა, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და გატაცებაში მონაწილეობას უარყოფენ.

“ამ ეტაპზე საქმის მასალებს არ ვიცნობ. როგორც ვიცი, ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ და აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს მიმართავენ,” – განაცხადა ინგა შარაშენიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წყალტუბოში, სადაც ოფიციალური ვერსიით გატაცებული ჰყავდათ, არ იმყოფებოდნენ.

“არავითარ გატაცებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისინი გატაცების მომენტში თბილისში იმყოფებოდნენ,” – აღნიშნა შარაშენიძემ.

10 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი გუშინ გააკეთა. მათი ინფორმაციით, თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10 კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელიც 10 კაციანმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაიტაცა, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი, გიორგი დეკანოიძეა.

გავრცელებული ცნობით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გიორგი დეკანოიძის გამოკითხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები