LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლექ სი არენაზე“ 13 აგვისტოს „ერისიონის“ კონცერტი შედგება

49

Ardaidardo.Ge

13 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ „ერისიონის“ კონცერტს წარმოგიდგენთ. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „რუმსში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ანსამბლის წარმომადგენელი, ჯემალ ჭკუასელი და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ჩოგოვაძე, „ბლექ სი არენას“ ივენთების დირექტორ ანი კავლელიშვილთან ერთად დაესწრნენ.


როგორც გიორგი ჩოგოვაძე მედიასთან საუბრისას აღნიშნა, „ბლექ სი არენას“ და ამ უახლესი აპარატურით აღჭურვილ დარბაზში დაგეგმილი ღონისძიებების წყალობით, ტურისტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც კიდევ ერთი საინტერესო გასართობი ადგილი შეიქმნა, რითაც დამსვენებლებს მრავალფეროვანი გართობის საშუალება მიეცემათ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებენ.

ანი კავლელიშვილის თქმით, „ერისიონს“ აქამდე არ ჰქონდა საშუალება, ასეთი დიდი მასშტაბის კონცერტი ჩაეტარებინა, „ბლექ სი არენის“ ტექნიკური აღჭურვილობა და გრანდიოზული სცენა კი ანსამბლს სრულ თავისუფლებასა და ფანტაზიის გაშლის შესაძლებლობას აძლევს. საინტერესო ის გახლავთ, რომ პროექტს „ქართული საგანძური“, რითაც „ერისიონმა“ საზღვრებს გარეთ ათი ათასობით მაყურებლის მოხიბლვა შეძლო, ამ მასშტაბით პირველად წარადგენენ ქართველი მაყურებლის წინაშე. როგორც ჯემალ ჭკუასელმა აღნიშნა, იქნება ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეც, პროექტის ფარგლებში. მისივე თქმით, სცენა იმდენად დიდია, რომ პროექტი სწორედ „ბლექ სი არენას“ მოარგეს.


ჯემალ ჭკუასელი:

ბედნიერი ვარ, რომ ამ სცენაზე გამოსვლის საშუალება გვექნება. იმდენად მოხიბლული ვარ არენით, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. ჩვენი გამოსვლისთვის სპეციალურად ფრანგი გამნათებლებისა და გამხმოვანებლების ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც საზღვრებს გარეთ ჩვენთან ერთად მუშაობენ. როდესაც მათ არენის ტექნიკური მახასიათებლები გავუგზავნეთ, გაკვირვებულები დარჩნენ და გვეკითხებოდნენ, მართლა არის თუ არა ამის საშუალება საქართველოში (იღიმის).

ახლახან დავბრუნდით საფრანგეთიდან და ვემზადებით შოუსთვის, რომ მაყურებელს მოლოდინი გავუმართლოთ და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ასეც იქნება. დარბაზიდან გასვლისას ყველა იტყვის, ეს რა ვნახეთო…

შეგახსენებთ, რომ „ერისიონის“ კონცერტზე დასწრების საშუალება 13 აგვისტოს გექნებათ. ბილეთები 29 ივლისიდან, დილის 9 საათიდან, tkt.ge-ზე გაიყიდება საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები