LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯღალოსნებს რუსებთან მოტივაცია ემატებათ: ქომაგი და სავსე ტრიბუნები!

38

რუსეთთან თამაშამდე ბორჯღალოსნებმა შევარდენის ბაზაზე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს.

ვარჯიში ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური და თამაშთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყო. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ბიჭები გულშემატკივრებს ბოლომდე ბრძოლას, ლამაზ, კომბინაციურ თამაშს და “დათვებთან” წარმატებული სერიის გაგრძელებას პირდებიან. განსაკუთრებით ის ფაქტი ახარებთ, რომ ბილეთები საკმაოდ დიდი ტემპით იყიდება და “დინამო არენაზე” სავსე ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ. ხოლო ვისაც ჯერ არ უყიდია მატჩის ბილეთები, შეუძლია ისინი სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11-დან 19 საათამდე და ონლაინ გვერდზე www.tkt.ge/geovrus შეიძინონ.

„კარგად ვიცით, რომ ქართველებისთვის რუსეთთან თამაში გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით. როდესაც შენს საგულშემატკივროდ 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი მოდის, პასუხისმგებლობა თავის თავად მატულობს. “დინამო არენას” აურა ყოველთვის გამორჩეულია და ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება. ჩემი თანაკლუბელებისგან ვიცი, რომ მათაც სიამოვნებთ საქართველოში ჩამოსვლა. რუსეთში თამაშებს დაახლოებით 2 ათასი კაცი ესწრება, აქ სტადიონზე 50 ათასი ადამიანი მოვა და ყველა სპორტსმენისთვის სასიამოვნოა, როდესაც სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშობს“ – ამბობს ბორჯღალოსანთა შუამარბი დავით კაჭარავა, რომელიც 12 მარტს 98-ე კეპს მოიხვეჭს.

ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობის გაძლიერებაზე და გუნდის მიზნებზე ისაუბრა:

„რუსეთთან თამაშისთვის გუნდის ბირთვი არ შეგვიცვლია, თუმცა დავიმატეთ რამდენიმე მოთამაშე. ჩვენი მიზანი ისეთივეა, როგორიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის განვლილ შეხვედრებში იყო: უკეთესი თამაში ვაჩვენოთ, დავხვეწოთ მოქმედებები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და მაყურებელს სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ. რუსეთთან მატჩების წინ მოტივაცია არასდროს გვაკლია, თუმცა სავსე ტრიბუნები გუნდის თითოეული წევრისთვის კიდევ დამატებითი მოტივაციაა“.

 

კვირას, საქართველო რუსეთს კარგად შეზავებული გუნდით ერაგბება.

15-დან 7 დამწყებს 50-ზე მეტი კეპი აქვს მოგროვილი, სხვა 6 კი შარშან, 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა.

მატჩი “რაგბი ევროპის” ჩემპიონატისაა. სამი ტურის შემდეგ საქართველო 14 ქულით ლიდერობს შეჯიბრს და ერთი მოგებით უსწრებს უახლოეს მდევარს – რუმინეთს, რუსეთი კი 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა

წინა, ესპანეთში ბრძოლით მოგებული, თამაშიდან ბორჯღალოსანთა ზელანდიელმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა მარგი დასკვნები გააკეთა:

8 ნომრად აღადგინა რუსთაველი ბექა გორგაძე, მარბიელებად კი დააწინაურა გიორგი ცუცქირიძე და იხმო თვით”გულივერაც” – მამუკა გორგოძე, ვინც 70-ე კეპს ხომ მიითვლის და კაპიტნობასაც ითავებს, რაკი მერაბ შარიქაძე დაშავებულია.

მარცხენა ბურჯად დაგვიბრუნდა დაღვინებული მიხეილ ნარიაშვილი; კვაჭია გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე, მარჯვნივ კი დადგება არმაზში აღზრდილი ლაშა ტაბიძე, ვინაც აქამდე ორივე კეპი მარქაფიდან მიიღო

შერკინების მეორე ხაზი და გუნდის ღერძიც უცვლელია. შუამარბად – შარიქაძის ნაცვლად – დავით კაჭარავას შეუწყვილდება ნორჩი რუსთაველი გიორგი კოშაძე, მის ტოლ ირაკლი სვანიძეს (ხულიგანა | ჯიქი) კი გარემარბად ვიხილავთ

ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი, ლოგიკით, პირველ ტაიმშივე დაძლევს 800-იან მიჯნას, რადგან მის ანგარიშზე უკვე 793ქულაა

ძირძველ ლელოელებს – “მეკოსა” და “გულივერას” კარიერაში უკვე 11-ჯერ უძლევიათ რუსეთი, ყოჩი “კაჭის” ანგარიშზე კი10 გამარჯვებაა

ჩრდილოელ მეზობელს ნაკრებთა დონეზე 1993 წლიდან ვეთამაშებით და ერთობ ვჯობნით:

18 მოგება – 1 წაგება * 1 ფრე (ქულა 500:231, ლელო 55/14)

საქართველოში წინა სტუმრობაზე, შარშანწინ, დათვები “მესხზე” 0:33 დამარცხდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები