LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბორუსიის” ავტობუსთან აფეთქებას პოლიცია “ისლამურ სახელმწიფოს” უკავშირებს

39

გერმანული პოლიცია დორტმუნდის „ბორუსიის“ ავტობუსთან მომხდარ აფეთქებებს „ისლამურ სახელმწიფოს“ უკავშირებს, ინფორმაციას გამოცემა „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

გუშინ მატჩის დაწყებამდე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ფეხბურთელი დაშავდა, „ბორუსიის“ „ტვიტერის“ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მარკ ბარტრას ხელი აქვს დაზიანებული. აფეთქების შემდეგ ბარტრა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გამოწერეს და ის თავს კარგად გრძნობს.

პოლიციაში ამბობენ, რომ გამოძიება განიხილავს ყველა გზას, „როიტერსის“ ინფორმაციით კი გამოძიება ახლა საკუთარ თავზე გერმანიის მთავარმა პროკურატურამ აიღო.

აფეთქების ადგილას სამართალდამცველებმა წერილი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, დამნაშავემ დატოვა. წერილში აღნიშნულია, რომ აფეთქებების მიზეზი გერმანიის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაა სირიის ტერიტორიაზე.

წერილის მიხედვით, ამიერიდან “სპორტსმენები და სხვა ცნობილი პირები გერმანიაში და სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში „ისლამური სახელმწიფოს“ სალიკვიდაციო სიაში იქნებიან“, ვიდრე სირიიდან გერმანულ „ტორნადოებს“არ გაიყვანენ და გერმანიაში მდებარე ამერიკული ბაზა „რამშტაინი“ არ დაიხურება“.

გამოძიება ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წერილი კვალის ასარევად იყოს დატოვებული და დამნაშავე სულაც არ იყოს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები