LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოთლებს ვიბარებ: პრობლემების გადაჭრის წყარო – თბილისში ყოველდღიურად 2000-მდე ბოთლს აბარებენ

17545

თბილისის ქუჩებში დილაობით არცთუ იშვიათად გვესმის მამაკაცის ხმა, რომელიც ბოთლებს იბარებს. ამავე მიზეზით ბოთლებს მოქალაქეები თავადაც არჩევენ ნაგვის ურნებიდან, შემდეგი ლოკაცია კი მათთვის დედაქალაქში არსებული მინის ტარის მიმღები პუნქტებია.

46 წლის ლილის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ბოთლების ჩაბარებაა. ლილი „ფორტუნასთან“ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ სტუდენტის მშობელია და, შესაბამისად, სიდუხჭირეს ბოთლების ჩაბარებითაც უმკლავდება. როგორც აღნიშნავს, თითქმის ყოველდღე აბარებს ბოთლებს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე მინის ტარის მიმღებ პუნქტში. 

„ვაბარებ ბოთლებს, რომელიც სახლში მიგროვდება. ასევე, მეხმარებიან მეზობლებიც – მათ იციან, რომ ეკონომიკურად მიჭირს და მინის ბოთლებს მიგროვებენ, შემდეგ მოვდივარ აქ, და ვაბარებ. თითოს 2-3 თეთრად,“ გვეუბნება ლილი.

 

ჩუბინაშვილის ქუჩაზე მინის ტარის არაერთი მიმღები პუნქტია. ზაური ნანიევი 39 წელია, ამ კუთხით, ინდმეწარმის საქმიანობას ეწევა. ზაური ამბობს, რომ მოქალაქეები ყოველდღიურად და ზოგჯერ დღეში ორჯერაც აბარებენ ბოთლებს.

„თითო მოქალაქეს ყოველდღიურად 2-3 ლარის ბოთლები მოაქვს. ჩვენ თითო ბოთლს 2 და 3 თეთრად ვიბარებთ. ასევე, ვიბარებთ ქილებს და ღვინის ჭურჭელს. შემდეგ მოდის მანქანა და ბოთლები მიაქვს სხვადასხვა საწყობში. ჩვენთან მოქალაქეებს მოაქვთ როგორც ლიმონათების, კოკა-კოლის და ბორჯომის, ასევე ღვინისა და შამპანურების ბოთლები“, – ამბობს ზაურ ნანიევი.

 

ნანიევის თქმით, ყოველდღიურად მის ჩამბარებელ პუნქტში 2000-მდე მინის ბოთლი გროვდება.

 

„ფორტუნა“ სასმლის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას ესაუბრა იმის თაობაზე, რამდენად იბარებენ კომპანიები მეორადი მოხმარების ბოთლებს და, საშუალოდ, რა რაოდენობის სასმელს აწარმოებენ ყოველთვიურად. კომპანიების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ წარმოებაში მხოლოდ ახალი მინის ბოთლები აქვთ. თუმცა, ამ მხრივ, განსხვავებული პოზიცია აქვთ კომპანიაში „კოკა-კოლა“.

„კოკა-კოლაში“ აცხადებენ, რომ ყოველდღიურად იბარებენ 20 ათასამდე მეორადი მოხმარების ბოთლს, თითოს 20 თეთრად, შემდეგ მიმდინარეობს ასეთი ბოთლების გასუფთავება. კომპანია წელიწადში, დაახლოებით, 200 ათას ახალ ბოთლს იმატებს უცხოეთიდან. მინის ტარის მიმღებ პუნქტში კი ამბობენ, რომ „კოკა კოლა“ ან საერთოდ არ იბარებს მათ მიერ შეგროვებულ ბოთლებს, ან 3 თეთრად.

კომპანია „ზედაზენში“ აცხადებენ, რომ სასმლის ჩამოსასხმელად მათთან მეორადი მოხმარების ბოთლები არ გამოიყენება. აღნიშნავენ იმასაც, რომ „ზედაზენი“ რამდენიმე კონტრაქტორი კომპანიისგან ყოველწლიურად იბარებს ახალ ბოთლებს, თუმცა კომპანიაში, კომერციული საიდუმლოებიდან გამომდინარე, კონკრეტულ რაოდენობას და მომწოდებელ კომპანიებს არ ასახელებენ, მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ ბოთლები „ზედაზენში“ თურქეთიდან და გერმანიიდან შედის. განსხვავებულ სურათს ვხედავთ ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პუნქტში, სადაც მოსახლეობა „ზედაზენის“ სხვადასხვა სახეობის ბოთლს აბარებს, პუნქტის წარმომადგენლები კი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ დაგროვებულ ბოთლებს ყოველდღიურად რამდენიმე საწყობში, მათ შორის, „ზედაზენის“ საწყობშიც აბარებენ.

 

კომპანია „ბორჯომში“ განმარტავენ, რომ სასმლის ჩამოსასხმელად მეორადი მოხმარების ბოთლებს არ იბარებენ, რადგან, მათი თქმით, „IDS ბორჯომი საქართველო“ წარმოებაში მხოლოდ ახალ ბოთლებს იყენებს. კომპანიაში უცხოეთიდან ბოთლები არ შემოაქვთ, ამის მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ სააქციო საზოგადოება მინის მიერ წარმოებულ მინის ბოთლებს ყიდულობს. რაც შეეხება წელიწადში წარმოებული სასმლის წლიურ რაოდენობას, ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ამასვე ამბობენ კომპანია „მარნეულში“ – არც „მარნეულში“ იყენებენ მეორადი მოხმარების ბოთლებსა და ქილებს. მათ წარმოებაში მხოლოდ ახალი ქილები აქვთ.

შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიაში“ ამბობენ, რომ კომპანია  არ იყენებს მეორადი მოხმარების ბოთლებს, შესამაბისად, არც ასეთ ბოთლებს იბარებენ. კომპანიაში გამოყენებული ბოთლები იმპორტირებულია სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად: რუსეთიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. რაც შეეხება წლიურ რაოდენობას, ეს რიცხვი დაახლოებით 5 000 000 ერთეულს შეადგენს.

 

თათია კაკიაშვილი