LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდების საპასუხოდ: ფრესკო ლუზერების გარეშე – სუპერმარკეტმა საკუთარი პასუხი წაშალა

508

”ფრესკო” ლუზერების გარეშე – სუპერმარკეტების ქსელში მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობენ. კომპანიის ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე საპასუხო განცხადება გავრცელდა, რომელსაც ”ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სოციალურ ქსელში ეს განცხადება აღარ იძებნება.

• ქურდი – ციხეში!
• უნიათო, უსაქმური და მუქთახორა – ფრესკოს გარეთ!
• ფაქტია, თქვენი პოსტის დამკვეთი ძალიან დაბალი კვალიფიკაციისაა. მზად ვართ, ჩვენი სახსრებით, დაგიქირავოთ მაღალკვალიფიციური კონსულტანტები;
• ცილისწამება ოდნავ მაინც უნდა იყოს დაახლოვებული სიმართლესთან: “ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება, მაგ. სალაროზე ტარდება ყველანაირი შტრიხ-კოდი, არ არსებული, მიუთვლელი, რაც იწვევს არასწორ ფასებში პროდუქციის გატარებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას” –
ეს პუნქტი უბრალოდ სისულელეა და არავითარ აზრს არ შეიცავს, არც ლოგიკურს და არც არალოგიკურს;
• პირველ და მეორე პუნქტში ნახსენები ტიპის თანამშრომლების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის აყოლა ნიშნავს – თქვენი ჯიბეების, საფულეების და შემოსავლის ბოიკოტს;
• ფრესკო, კანონის ფარგლებში, ყოველთვის მზად არის ნებისმიერი შემოწმებისათვის და თავის საქმიანობაში ეყრდნობა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას;
• და ბოლოს, ფრესკოს თავისი ბინძური ხელებით ნურავინ ნუ შეეხება!
• ფრესკო ლუზერების გარეშე! – წერია ”ფრესკოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


ამავე საკითხზე გადაცემა ”ბიზნესკონტრაქტთან” ”ფრესკოს” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ აფრიდონიძემ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიაში დღეს 1000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომელზეც სახელი და გვარი არ იყო მითითებული. ისიც კი არ ვიცით, ამ ინფორმაციის გამვრცელებელი ჩვენი თანამშრომელი იყო თუ არა. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესი გარედან არის მართული, რადგან არ არის მითითებული ამ ადამიანების სახელი და გვარი. მათი “პროტესტი” რის გამო წარმოიშვა არ ვიცით”, – აცხადებენ „ფრესკოში“ და განმარტავენ, რომ კომპანიაში მუშაობის დაწყებისას თანამშრომლებმა „ზუსტად იციან თუ რა სამუშაო პირობები“ ექნებათ.

შეგახსენებთ, ჰქონდა თუ არა მონობას ადგილი სუპერმარკეტების ქსელ ”ფრესკოში”: ამას დღეიდან შრომის ინსპექცია დაადგენს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ”ფრესკოს” იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ნაწილში შეამოწმებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ სოციალურ ქსელში ”ფრესკოს” თანამშრომლების სახელით წერილი გავრცელდა, სადაც ისინი სამსახურში არსებულ მძიმე მდგომარეობასა და “თანამედროვე მონობაზე” საუბრობენ. წერილის ავტორები კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, ”ფრესკოში” არსებულ ვითარებასა და ზეწოლაზე მიუთითებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები