LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიაში არეულობაა: პოლიციასა და ხალხს შორის შეტაკებები გრძელდება (ფოტოები)

83

ბრაზილიაში, სხვადასხვა ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები აქციებს აწყობენ. მიზეზი – შრომით და საპენსიო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებია.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ბრაზილიის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური პროტესტი იქნება.

გაფიცვების შედეგად, ყველაზე მეტად სან პაულო დაზარალდა. ბრაზილიის ყველაზე მეტად დასახლებულ ქალაქში გაჩერებულია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დახურულია უამრავი მაღაზია. აქციის მონაწილეებს მთავარი გზა გადაკეტილი ჰქონდათ, მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

იგივე სიტუაციაა რიო დე ჟანეიროში, გაფიცულებმა, მთავარ ხიდზე, მოძრაობის შესაჩერებლად ცეცხლი დაანთეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ, აქაც ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. რიო დე ჟანეიროში დახურულია ბანკების უმეტესობა, ასევე კაფეები და მაღაზიები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბრაზილიის დედაქალაქში მთლიანად გაჩერებულია. გადაიდო რამდენიმე ფრენაც, თუმცა აერპორტში ამბობენ, რომ ისინი ნორმალურად აგრძელებენ ფუნქციონირებას.

ქვეყნის მასშტაბით გაფიცულებმა დაახლოებით, 20 ავტობუსი დაწვეს.

საპენსიო რეფორმას, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ბრაზილიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის უღარიბესი ფენა დიდ დარტყმას მიიღებს საპენსიო ასაკის გაზრდითა და დახმარებების შემცირებით. თუმცა, ხელისუფლების თქმით, დაგეგმილი ზომები აუცილებელია, რათა გაექცნენ საპენსიო სისტემის კრახს.

თავდაპირველად,აქცია მშვიდობიანი იყო. მოქალაქეები სახლიდან არ გამოდიოდნენ და ამით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. მთელი ქვეყნის მასშტაბით დახურული იყო სკოლები, მაღაზიები და ბანკები, ახლა კი პროტესტი დიდ არეულობაში გადაიზარდა. ეს ბრაზილიაში, 20 წლის განმავლობაში, პირველი მასშტაბური და საყოველთაო გაფიცვაა.

ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში, მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა. უმუშევრობის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება. ეკონომიკური მაჩვენებლები კი მცირდება. მთავრობის სტატისტიკის მიხედვით ქვეყანაში 14 მილიონი ადამიანია უმუშევარი.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები