LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა უკეთესი ქუთაისისთვის: ქალაქის მერობის კანდიდატებმა არჩევანი დააფიქსირეს

115

საარჩევნო პროცესი და ხმის მიცემის პროცედურა აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისშიც. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს ქუთაისის მერობის კანდიდატებმა.

ქუთაისის 76-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა “თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატი გოგი წულაია. ის უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. გოგი წულაიას განმარტებით, მან ხმა ქუთაისისათვის გულწრფელ ბრძოლას მისცა.
“ხმა მივეცი გულწრფელ ბრძოლას ქუთაისისათვის. ჩვენ ყველანი შევძლებთ ამ ქალაქის გადარჩენას, ამ ქალაქისათვის ღირსების დაბრუნებას”, – განაცხადა მან.

მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა „ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ. მან ხმა №15-ე  საარჩევნო უბანზე მისცა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა, მისი თქმით, მან არჩევანი ქუთაისის უკეთესი მომავლისთვის გააკეთა.

“ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქუთაისს უკეთესი მომავალი ექნება და ამას ჩვენ შევძლებთ”, – განაცხადა ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატმა.

ქუთაისის მერობის კიდევ ერთმა კანდიდატმა  გრიგოლ ვაშაძემ არჩევანი №22-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. არჩევნებზე ხმა მისცა „ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა დავით გოგისვანიძემაც. კონკურენტების მსგავსად  კანდიდატი 46-ე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

“ხმა მივეცი ქუთაისის ევროპულ მომავალს, ხმა მივეცი სიღარიბის და სიღატაკის დაძლევას”,  – განმარტა  მერობის კანდიდატმა.

ქალაქის მერიის პოსტის მოსაპოვებლად ქუთაისში 8 კანდიდატი იბრძვის.
ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია. დარეგისტრირებულია 152 561 ამომრჩეველი.