LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთი დონბასში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

55

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთმა დონბასში მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ ბრიტანელმა დიპლომატმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მთავრობებმა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს.

„კრემლს მიაჩნია, რომ შეუძლია დაუსჯელად მოქმედება. ახლა რუსეთის მთავრობამ პასუხი უნდა აგოს MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს არის კრემლის მხრიდან უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფის აღმაშფოთებელი მაგალითი.

24 მაისს საერთაშორისო ექსპერტებმა რეის MH17-ის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც განაცხადეს, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ საერთაშორისო საგამოძიებო დასკვნებს ეთანხმებიან.

კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, დონეცკის ოლქში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები