LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთმა ევროკავშირი თავდაჯერებულმა უნდა დატოვოს

62

ინგლისის ბანკის ყოფილმა მმართველმა ლორდ კინგმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი “თავდაჯერებულმა” უნდა დატოვოს, რადგან ბრექსიტი შესაძლოა, დიდი წარმატების საწინდარი გახდეს.

მისი თქმით, ევროკავშირის დატოვება დიდი ბრიტანეთისთვის ეკონომიკური რეფორმებისა და ახალი სავაჭრო გარიგებების რეალური შესაძლებლობაა.

ამ მხრივ, მან ხაზგასმით აღნიშნა სასოფლო–სამეურნეო რეფორმა და განვითარებადი ურთიერთობა ირლანდიის რესპუბლიკასთან. ბრექსიტის შემდეგ, ირლანდიის საზღვარი იქნება მხოლოდ ევროკავშირისა და ბრიტანეთის სახმელეთო საზღვარი.

„ვფიქრობ რომ გზა, რომელზეც ვდგავართ, არ არის ვარდებით მოფენილი, არც არავის წარმოედგინა ასე. მაგრამ, ეს სამყაროს დასასრული არ არის. არის რეალურად ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომელიც ბრექსიტისგან წარმოიქმნება და უნდა გამოვიყენოთ. უამრავი შესაძლებლობაა და ამას ჩვენ უფრო თავდაჯერებულები უნდა შევხვდეთ.

წარუმატებელი ევროკავშირის (განსაკუთრებით ეკონომიკის მხრივ) გარეთ ყოფნა, დიდი პოლიტიკური სირთულეების დაძლევის შესაძლებლობას გვაძლევს“, – განაცხადა მან რადიო 4–თან ინტერვიუში.

 

ვაჭრობა

ლორდ კინგი ვარაუდობს, რომ ბრიტანეთი როდესაც ევროკავშირის ერთიანი ბაზრიდან გავა, ეკონომიკურად უკეთესად იქნება.

თუმცა, მისივე თქმით, დარჩენილია კითხვები საბაჟო კავშირთან დაკავშირებით, რომელმაც შესაძლოა, სახელმწიფო სავაჭრო გარიგებებში ევროკავშირის გარეთ მყოფ ქვეყნებთან შეზღუდოს.

მისივე მოსაზრებით, საბაჟო კავშირში დარჩენის შემთხვევაში ბრიტანეთი სავაჭრო გარიგეგებში სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაში შეიზღუდება.

ამიტომ, დასაზუსტებელია ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, დატოვებს თუ არა ავტომატურად, ბრიტანეთი საბაჟო კავშირს.

 

მიგრანტები

მთავრობამ ნათლად განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონის კონტროლი სურს, რასაც ევროკავშირის წევრობა გარკვეულწილად ზღუდავს.

ლორდ კინგმა განაცხადა, რომ მთავრობამ ადრე თუ გვიან იმიგრაციის პოლიტიკა უნდა გამოკვეთოს.

 

 

რაც შეეხება სამომავლო გავლენას ეკონომიკაზე, ექსპერტის თქმით, ჯერ რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება. თუმცა, ის ვარაუდობს, რომ მათ ვინც უარყოფით შედეგებზე საუბრობს, მოლოდინები გაუცრუვდებათ და რეფერენდუმი ბევრად უფრო პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.

 

უარყოფითი მოლოდინები

„დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მსოფლიო ეკონომიკას საფრთხეს უქმნის“, – ეს განცხადება ჩინეთში, დიდი ოცეულის სამიტზე მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტებმა გააკეთეს. მათი თქმით, ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პროცესი გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საქართველოზე ბრექსიტის გავლენა

საქართველოზე „ბრექსიტის“ ნეგატური გავლენა შესაძლოა, ევროკავშირში შიდა პრობლემების გაზრდის გამო და ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნაკლები ყურადღების კონტექსტში განვიხილოთ. ამასთან, შესაძლოა, ეს შედეგები კრემლის პოლიტიკისთვის და პრორუსული ძალებისთვის სტიმული გახდეს.

თუმცა, ბრექსიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ტიფანი სედლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოზე ამ შედეგს ნეგატიური გავლენა არ ექნება. მისი თქმით, ბრიტანეთი საქართველოს მხარდაჭერას ყველა სფეროში კვლავ გააგრძელებს და ურთიერთობები არ შეიცვლება.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები