LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელი – რჩევები ბრიუსელში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

ბრიუსელის იერს თავდაპირველად სამეფო სახლის ირგვლივ წარმატებული კომერსანტებისა და მეწარმეების მიერ აშენებული მონუმენტური ნაგებობები შეადგენდა. ევროპის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ევროკავშირის წინამორბედი) და ნატო-მ (1958 და 1967 წლებში დაფუძნდნენ) ქალაქის ირგვლივ სწრაფი და მაღალი მშენებლობების პროვოცირება მოახდინა. და თუ ადრე ბრიუსელი სავაჭრო ქალაქი იყო, დღეისათვის ევროპის ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა.

ტურისტი აქ კომფორტულად გრძნობს თავს: ინგლისური ყველგანაა გავრცელებული, სავსეა დემოკრატიული კაფე-რესტორნებით, ხოლო მოხერხებული ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა 1 საათში პარიზში იყოთ, 2 საათში კი – ამსტერდამსა და კიოლნში ჩახვიდეთ.

ბრიუსელში მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს ბაროკო, გოტიკა და მოდერნი და ალბათ ეს არის კიდეც თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – შეუჩერებელი პროგრესი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებით.

 

ბრიუსელის რაიონები

ქალაქის გაცნობა ისტორიული ცენტრიდან ჯობს. მაღალი ციხესიმაგრის კედლიდან მხოლოდ ხალეპორტის კარიბჭე შემორჩა. ქალაქის გულია გრანდ-პლასის მოედანი. მას გარს აკრავს შესანიშნავი არქიტექტურული ანსამბლი – გოტიკური რატუშა, სამეფო სასახლე, მღებავის სახლი, თერძის სახლი და სხვა შენობები.

ტურისტებს შორის ცნობილი როგორც „ბრიუსელის მუცელი“ – კვარტალი ილო საკრე გრანდ-პლასიდან შორიახლოსაა. მან ასეთი სახელი მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს უამრავი კაფე-რესტორნების გამო მიიღო.

ბრიუსელის ცენტრი პირობითად იყოფა ქვემო და ზემო ქალაქად. პირველშია ძველი კვარტალი მაროლი, ასევე სახელგანთქმული სიმბოლო – შადრევანი „ბიჭუნა, რომელიც ფსამს“. არქიტექტურულად საინტერესოა მართლმსაჯულების სასახლე. ასევე ყურადსაღებია წმინდა ეკატერინესა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიები, შუასაუკუნეების შავი კოშკი და ბირჟის შენობა.

ზემო ქალაქმა ოდითგანვე არისტოკრატია მიიზიდა. აქ მდებარეობს ქალაქის მთავარი ტაძარი – საკათედრო ტაძარი, ხოლო მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით სამეფო სასახლე ანსამბლი. გარდა ამისა, აქ ბევრი მუზეუმია, ხოლო ხელოვნების გორაკიდან ქვემო ქალაქზე მშვენიერი ხედი იშლება.

გრანდ-პლასის აღმოსავლეთით არის ევროპის კვარტალი – ევროკომისიისა და ევროპის პარლამენტის თანამედროვე შენობებით.

ლაკენის კვარტალი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რაიონია ცენტრს მიღმა. აქ გახლავთ დიდი პარკი, რომლის ტერიტორიაზე სამეფო ადგილ-მამული, ორანჟერეა და სასახლე. შორს არ არის გასართობი პარკი „მინი ევროპა“ და სახელგანთქმული მონუმენტი „ატომიუმი“.

 

ტრანსპორტი

ბრიუსელში ერთიანი სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც ავტობუსის, ტრამვაისა და მეტროპოლიტენისგან შედგება. ბილეთები საერთოა ყველა სახის ტრანსპორტისთვის. ტურისტებისთვის მოსახერხებელია სამგზავრო JUMP-ის შეძენა. ერთი მგზავრობა 2 ევროზე მეტია, 5 – 8 ევრო, 10 – 14 ევრო. ერთი საათის განმავლობაში გადაჯდომა უფასოა. ასევე არის 24-საათიანი ბილეთები შეუზღუდავი რაოდენობის მგზავრობით – 7.5 ევრო. ყველა ტრანსპორტი 6:00 საათიდან შუაღამემდე მუშაობს.

ორსართულიანი ტურისტული ავტობუსით Hop on Hop off თუ ისარგებლებთ, 24 საათზე გათვლილი ბილეთი 23 ევრო დაგიჯდებათ, 48-საათიანი – 30 ევრო.

 

შოპინგი

ბრიუსელში მაღაზიები, სავაჭრო გალერიები და ცენტრები ბევრია, მაგრამ ფასებიც მაღალია. ბელგიელი დიზაინერების ნამუშევრებს ანტოინ დანსაერტის ქუჩაზე იპოვით. ექსკლუზიური საგნები, ანტიკვარიატი და სუვენირები ბლომადაა ბაზრობებზე. ყველაზე პოპულარულებია საბლონის, ჟე დე ბალისა და შატლენის მოედნებზე. მსოფლიო ბრენდების ბუტიკები (H&M, Zara და Mango) თავმოყრილია ნიოვის ქუჩაზე, ვატერლოოს ბულვარსა და ლუიზას ავენიუზე.

აუთლეტი „მაასმეხელენ ვილიჯი“ ბრიუსელიდან 1.5 საათის სავალზეა. აქ Max Marra, Diesel, Hugo Boss და სხვა ფირმების ტანსაცმელს 60%-იანი ფასდაკლებით ნახავთ.

ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრებია „სიტი 2“ და „შოპინგ ცენტერი“. ამათ გარდა, უამრავი სავაჭრო გალერიაა. ყველაზე ძველში, „ხუბერტში“ ბრიუსელის საზომითაც მაღალი ფასებია. ამაზე ცოტა იაფია „წმინდა იუბერის სამეფო გალერიაში“, „ლუიზასა“ და „აგორაში“.

ზამთრისა და ზაფხულის ფასდაკლებები 3-31 იანვრისა და 1 ივლისი-1 აგვისტოს პერიოდებშია.

 

 

ბრიუსელის სამზარეულო და რესტორნები

ბრიუსელში აუცილებლად უნდა ესტუმროთ ადგილობრივი სამზარეულოს დაწესებულებას. მენიუში ხშირად შეხვდებით სოკოს, კრევეტებსა და თევზს. გარნირებიდან ყველაზე ხშირად ითხოვენ ბრიუსელის კომბოსტოს. ჩვეულებრივ მარტივად ამზადებენ საქონლისა და ღორის ხორცს, ხოლო მაღალი დონის რესტორნებში შემოგთავაზებენ ბატკანს, კურდღელს, გარეულ ფრინველს სოუსებისა და მარინადების საკმაზით. აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ შავ ლუდში ჩაფლული ფლამანდრიული კარბონატი.
არ უნდა დაგავიწყდეთ დესერტიც – ბელგიური შოკოლადი ხომ მთელ მსოფლიოშია განთქმული. ასევე ბრიუსელის ვაფლი კრემით და კოჭას ბისკვიტი.

კარტოფილი ფრი ყველა კაფეში, რესტორანსა თუ ქუჩის ჯიხურშია. ბელგიელები დარწმუნებული არიან, რომ ის პირველად სწორედ აქ მოამზადეს.

ალკოჰოლური სასმელებიდან ჯობს უპირატესობა მიანიჭოთ ლუდს. ქალაქში და მის გარშემო რამდენიმე უძველესი ლუდსახარშია, ბარებში კი მუდამ დიდი არჩევანია.

ბელგიელების კულინარიისადმი სათუთი დამოკიდებულების გათვალისწინებით, გემრიელად მირთმევა ყველაზე ბიუჯეტურ დაწესებულებაშიც შეიძლება. ქუჩის ჯიხურებშიც გვარიანად დანაყრდებით – ფრი, მიდიები, ვაფლი და სხვა ბევრი რამ 2-15 ევროს ამბავია. „მაკდონალდსში“ და სწრაფი კვების ობიექტებში 10-20 ევროდ გამოხვალთ. დაახლოებით ამდენივე დაუჯდება ორ ადამიანს პატარა კაფეში საუზმე, ოღონდ ცოტა მოშორებით, გარეუბნისკენ. საშუალო კლასის რესტორანში სადილისთვის ორ პერსონას 30-40 ევრო დასჭირდება.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

ექსკურსიების უმრავლესობა იწყება ბაზრის მოედნიდან. გრანდ-პლასი არა მარტო ყველაზე დიდი და ლამაზი მოედანია ბრიუსელში, არამედ მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესოა. მე-13 საუკუნეში აქ სავაჭრო დახლები ხმაურობდნენ, დღესასწაულებს და რაინდთა ტურნირებს მართავდნენ, აღესრულებოდა მართლმსაჯულება.

მოედნის სიახლოვეს შენობები 1695 წელს ფრანგების შემოსევის დროს დაინგრა, მაგრამ მერე კარგად შემუშავებული გეგმის მიხედვით აღადგინეს და უკეთესი გახდა. ფასადები გაფორმებულია გირლიანდებით, სტატუებით, კოლონებით. ყველა ძველ შენობას თავისი სახელი აქვს, მაგალითად „ძუ მგელი“, „ხბო“, „მელია“.

მოედანზე ყველაზე გამორჩეული შენობაა – ოტელ დე ვილის რატუშა (მე-15 ს) 96-მეტრიანი კოშკით, რომელსაც ამშვენებს 5-მეტრიანი მთავარანგელოზ მიქაელის ქანდაკება, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. ფასადებზე გამოსახულია ქალაქის ცხოვრების ამსახველი სცენები. რატუშას ნაწილი დასაშვებია სანახავად.

ყოველ წელს გრანდ-პლასს ყვავილების ხალიჩით რთავენ – საოცარი სანახავია.

მოედნის მეორე მხარესაა პურის რიგები (Maison du Roi/Broodhuis). ადრე აქ სამეფო კარის სასამართლო იყო, დღეს კი ისტორიის მუზეუმია.

 

 

 

4 რამ რაც ბრიუსელში უნდა გააკეთოთ

მოძებნეთ ბრიუსელის ყველა მფსმელი ქანდაკება – ბიჭუნა, გოგონა და ძაღლი;

მიდით ბაზრის მოედნის უკან მდებარე კვარტალში, რომელსაც „ბრიუსელის მუცელს“ უწოდებენ;

გასინჯეთ „ბრიუსელის ბურთულები“ – ყველაზე პოპულარული ადგილობრივი დესერტი;

ჩაწვდით ბელგიური ლუდსახარშის საიდუმლოებებს.

 

მანეკენ პის

საყოველთაოდ განთქმული სიმბოლო – მანეკენ პის ანუ „ბიჭუნა, რომელიც ფსამს“ 1619 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ არაერთხელ მოიპარეს და აღადგინეს. მიიჩნევა, რომ ბიჭის ფიგურა ადგილობრივი მოსახლეობის მეამბოხე სულს გამოხატავს. დიდი ხანი არ არის, რაც მეზობელ ქუჩაზე ბიჭს და გამოუჩნდა – იანეკენ პის.

ტრადიციის თანახმად, უცხოური დელეგაციების წარმომადგენლებს ბრიუსელის ანცი ბიჭუნასთვის თავისი ქვეყნის ეროვნული ან სამხედრო სამოსი მიაქვთ.

 

მუზეუმები და სხვა

ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა 212 მეტრი სიგრძის წმინდა იუბერის სამეფო გალერეები (1846 წ). ეს ევროპაში პირველი არქიტექტურული კომპლექსია დახურული გალერეებით, ამჟამად აქ ათეულობით სამხატვრო სალონი, კაფე-რესტორნები და თეატრებია.

მოდერნის სტილის არქიტექტურული მაგალითია ვიქტორ ორტას მუზეუმი.

ქალაქის ცენტრში შეგიძლიათ ლუდის მუზეუმის ექსპოზიციების ნახვა.

არ დაგავიწყდეთ კაკაოსა და შოკოლადის მუზეუმი. წარმოიდგინეთ აქ რა სურნელი იდგება ან რა შეიძლება ხდებოდეს.

მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში ჯობს აუდიოგიდი აიღოთ. მისი მეშვეობით მოისმენთ როგორ ჟღერს 8-ათასიანი კოლექციიდან თითოეული ინსტრუმენტი. ბოლოს აუცილებლად ადით კაფეში. ეს ფოტოგრაფების „ბუდეა“: ცის სიმაღლიდან საოცარი ხედები ჩანს.

ბრიუსელის ცენტრშია კომიქსების მუზეუმი, რომელიც 1989 წელს გაიხსნა.

საინტერესო შთაბეჭდილებაა ტოვებს ბელგიელი სიურეალისტის რენე მაგრიტის მუზეუმი.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმში წარმოდგენილია დინოზავრების ევროპაში ყველაზე დიდი კოლექცია.

ცენტრში საქმეებს რომ მოილევთ, ჩრდილოეთით მდებარე რაიონ ლაკენში გაემართეთ. აქ დიდი პარკია გადაჭიმული, რომლის ბოლოში დგას მსოფლიო ენერგეტიკის სიმბოლო – „ატომიუმი“, ხოლო მის გვერდით – პარკი „მინი ევროპა“. მშვენიერი შესაძლებლობაა კონტინენტის ყველა ცნობილი შენობა ერთ ადგილას ნახოთ.

 

შოკოლადის მაღაზიები

ბელგიური შოკოლადი მსოფლიოში საუკეთესოთა რიცხვში შედის, ტურისტები კი სუვენირად ყიდულობენ. ამ გემრიელობების ყიდვა ჩვეულებრივ სუპერმარკეტშიც შეიძლება და სპეციალურ მაღაზიებშიც. ბევრი მათგანი მონობრენდულია, ბევრს საკუთარი შოკოლადის დახლები აქვს. მათ შორის Leonidas (ყველაზე დემოკრატიული ფასებით), Pierre Marcolini (ერთ-ერთი ყველაზე ძვირი), Godiva, Manon, Galler, Cote d’Or, Wittamer, Mary, Neuhaus, Corne, Guylian, Callebaut და ა.შ.

ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს შოკოლადი Leonidas (მაღაზიები მდებარეობს მისამართზე Rue Neuve, 140, Rue de l’Etuve, 53), Godiva (Grand Place, 22), Neuhaus (Grand Place, 27), Pierre Marcolini (Rue des Minimes, 1; Place du Grand Sablon, 39).

ერთი ფილა შოკოლადი საშუალოდ 3-5 ევრო ღირს. ფიგურული შოკოლადის ფასი 8-10 ევროა. ერთი ყუთი კანფეტისთვის 15-დან 75 ევრომდე უნდა გადადოთ. ბუნებრივია შეგიძლიათ ასაწონი კანფეტი იყიდოთ. ერთი კგ ტრუფელი 25 ევროდან იწყება. 10-20 ევროიან კანფეტებსაც შეხვდებით.

 

სად წავიდეთ ბრიუსელიდან ერთი დღით

როდესაც კედლებზე ყველა კომიქსს წაიკითხავთ და საკუთარ შოკოლადის ფაბრიკაზე ოცნებას მორჩებით, ბრიუსელიდან გადით და ჰორიზონტი გაიფართოვეთ.

 

სინტ პიტერს ლეუვი, შატო დე კოლომას ციხესიმაგრე
მანძილი ბრიუსელიდან: 13 კმ

XV საუკუნეში შატო დე კოლომა თავდაცვითი მიზნებისთვის ააგეს, მაგრამ მერე საცხოვრებლად იქცა. აქ ვარდების ბაღში ისეირნებთ, ფოტოებს გადაიღებთ იაპონურ ვარდებში და ყვავილებში ჩაფლულ კაფეში ნაყინს მიირთმევთ. მუზეუმში კი ვარდებს ყველა მიმართულებით ნახავთ.

 

კომუნა ლენიკი, ჰაასბეკის ციხესიმაგრე
მანძილი ბრიუსელიდან: 21 კმ

მარკიზის სააბაზანოში შეხედვა თუ გინდათ, მაშინ ჰაასბეკისკენ. სასახლე 1236 წელს ააგეს და მას შემდეგ ორჯერ აღადგინეს. აქ შეძლებთ პარკში გაისეირნოთ, ნახოთ რაინდების დარბაზი და დატკბეთ XIX საუკუნის გობელინებითა და ავეჯით. არ გამოტოვოთ Guerlain-ის სურნელის დეგუსტაცია.

 

ვატერლოო
მანძილი ბრიუსელიდან: 24 კმ

იქ, სადაც 1815 წელს ნაპოლეონი დაამარცხეს, დღეს ხორბალი ხარობს. ვატერლოოს ცნობილ ბრძოლაზე ბორცვზე მდგომი ქანდაკება მოასწავებს: ლომი საფრანგეთისკენ იყურება. იქვეა ველინგტონის მუზეუმი.
ისტორიული ექსკურსის შემდეგ ადგილობრივ დაივინგ-ცენტრში განტვირთვას შეძლებთ.

 

ანტვერპენი
მანძილი ბრიუსელიდან: 54 კმ

ანტვერპენში საშოპინგოდ დადიან. მთავარ სავაჭრო ქუჩაზე Meir უამრავი ბუტიკია, ხოლო ალმასის საიუველირო დახლების შემოვლას ერთი დღეც არ ეყოფა. ანტვერპენში სხვაც არის სანახავი, თუნდაც კოალები ზოოპარკში.

 

ბრიუგე
მანძილი ბრიუსელიდან: 99 კმ

ულამაზესი ქალაქი. მოუსმენთ ზარების რეკვას საგუშაგო კოშკზე და შეივლით სალვადორ დალის მუზეუმში. ნავით გაისერნებთ ქალაქის არხებში. შეისწავლეთ ზღაპრული პატარა ქუჩები, მით უმეტეს ისიამოვნებთ თუ ამას ან ეტლით გააკეთებთ ანაც ველოსიპედით. ბოლოს კი შეამოწმეთ რით განსხვავდება ბრიუგეს ვაფლი ბრიუსელისგან.

 

გენტი
მანძილი ბრიუსელიდან: 56 კმ

გენტის საფეხმავლო ქუჩა ველდსტრაატი ამტკიცებს, რომ ბუტიკებისა და ძველი სახლების მეზობლობა შეიძლება ჰარმონიული იყოს. შეაფასეთ „გენტის სამი კოშკის“ ვიტრაჟები, მოძებნეთ ლეგალური გრაფიტის ქუჩა. შეგიძლიათ ესტუმროთ ფლანდრიის გრაფებს და შეიხედოთ კოლორიტულ ბაზრობაზე. სადილი კი შეგიძლიათ წყლის ექსკურსიას შეუთავსოთ.

როტერდამი
მანძილი ბრიუსელიდან: 151 კმ

რამდენიმე საათი და უკვე ჰოლანდიაში სეირნობთ. ახლოდან ნახეთ „გედი-ხიდი“, შეხედეთ ქალაქს ევროანძიდან, დაითვალეთ პიტ ბლომის კუბის სახლები და ნახეთ როგორ ცხოვრობენ იქ. გაისეირნეთ ერთ-ერთ უდიდესი საპორტო ქალაქის სანაპიროზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები