LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CeeLo Green-ს საუკეთესო ჰიტები – 5 „გრემის“ მფლობელი შემსრულებელი „ბლექ სი არენაზე“

124

ამერიკელი მომღერალი, რეპერი, კომპოზიტორი, ჩანაწერების პროდიუსერი, მსახიობი და ბიზნესმენი CeeLo Green 10 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ერიკ ბენესთან ერთად „სოულის ღამეს“ გამართავს. ჟანრის მოყვარულებისთვის ორსაათიანი პროგრამა ნამდვილ დღესასწაულად იქცევა.

ტომას დეკარლო ქალავეი 1974 წლის 30 მაისს დაიბადა. სანამ სოლოარტისტად გახდებოდა საქვეყნოდ ცნობილი, CeeLo Green ჰიპ-ჰოპ ჯგუფის Goodie Mob და სოულ-დუო Gnarls Barkley-ის წევრი გახლდათ.

საერთაშორისო ასპარეზზე, გრინი პოპულარული ძირითადად, თავისი ნამუშევრებით გახდა სოულის ჟანრში. უპირველესად კი უნდა ვახსენოთ მისი მსოფლიო ჰიტი, რომელმაც მზის სინათლე 2006 წელს იხილა – ეს გახლავთ „Crazy“ Gnarl barkley-ს რეპერტუარიდან, რომელიც იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპოზიციად მიიჩნევა, სხვადასხვა ქვეყნის ჩარტში სიმღერამ მოწინავე ადგილი დაიკავა, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც, ხოლო აშშ-ში ბილბორდის ცხელი ასეულის მეორე პოზიციაზე მოექცა. თავად ალბომი, რომელშიც ეს სიმღერაა შესული, სახელწოდებით „St. Elsewhere“, ასევე გახლდათ დიდი ბრიტანეთის ჩარტში ნომერი პირველი, აშშ-ში კი ბილბორდის ცხელი ალბომების ორასეულის მეოთხე ადგილზე. საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა Gnarls Barkley-ის მეორე ალბომსაც.

2010 წელს გრინმა დატოვა Gnarls Barkley და სოლოსინგლი „Fuck You“ გამოსცა, რომელიც წარმატებულ კომპოზიციად იქცა, მოგვიანებით, რადიოსთვის სიმღერას ცენზურის გამო სათაური შეუცვალეს და ხელახალი ვერსია ჩაწერეს სახელად „Forget You“. ამ სინგლმა და შესაბამისმა ალბომმა The Lady Killer გრინს უფრო დიდი წარმატება მოუტანა, ალბომს  დიდ ბრიტანეთში ოქროს სტატუსი მიენიჭა, ის ჩარტებში ლოდერობდა და შემდგომი ორი სინგლი ევროპაში ასევე ჰიტებად იქცა – „It’s OK“ და „Bright Lights Bigger City“.

2011-2014 წლებში სილო გრინი ამერიკული რეალური ტელეშოუ „The Voice“ის ჟიურის წევრი გახლდათ ოთხი სეზონის განმავლობაში. 2013 წელს ის გაერთიანდა Goodie Mob-თან თავისი რიგით მეხუთე სტუდიური ალბომის გამოსაცემად.

გრინს თავისი მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში აქვს მიღებული უამრავი ჯილდო, მათ შორის საპატიო ადგილს იკავებს 5 „გრემი“,BET Award, Billboard Award, Brit Award.

შეგახსენებთ, რომ „ბლექ სი არენაზე“ „სოულის ღამე“ ერიკ ბენესა და სილო გრინის მონაწილეობით 10 აგვისტოს გაიმართება. ბილეთები უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ საიტზე tkt.ge, ფასები 20-დან 150 ლარამდეა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები