LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცენზურა სოციალურ ქსელში – გამორთავს თუ არა პუტინი რუსეთს სოცქსელებიდან

თავისუფალი მედია რუსეთში არა ერთხელ გამხდარა ზეწოლისა და თავდასხმის ობიექტი, ამჯერად კი კრემლის სამიზნე სოციალური ქსელები გახდა. “ტელეგრამის” დაბლოკვის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის სახელმიწფო დუმა სოციალურ ქსელში ცენზურის დაწესებას გეგმავს. კანონპროექტი 289 ხმით, 14-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით არის მიღებული.

კანონპროექტი დაავალდებულებს სოციალურ ქსელებს უხამსი, არასანდო და არამართლზომიერი ინფორმაცია დაბლოკოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კომპანიები 50 მილიონი რუბლით დაჯარიმდებიან.

საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ ამით კრემლი რუსეთის მოქალაქეებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების საშუალების მოსპობას ცდილობს. როგორც „ფორტუნასთან“ პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, პუტინი ცდილობს, სანამ მას მაღალი რეიტინგი აქვს, ყველაფერი კონტროლის ქვეშ მოაქციოს.

„თავისუფალი მედია აღარ არის იქ, ხელისუფლებას გავლენა თითქმის ყველა მედიასაშუელებაზე აქვს და დარჩა მხოლოდ სოციალური ქსელი, რა თქმა უნდა, მოსლოდნელი იყო რომ ეს შეტევა მათზეც დაიწყებოდა, იმიტომ რომ ქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობაა. პუტინს მართლაც აქვს ამჟამად მაღალი რეიტინგი, მაგრამ ის დიდხანს ვერ გასტანს, გარკვეული დროის შემდეგ დაიწყება მისი დაცემა და მაშინ უკვე ასეთი ნაბიჯების გადადგმა მისთვის ხელსაყრელი არ იქნება. ამიტომ, წინასწარ ქმნის გარემოს, სადაც თავისუფალი აზრი შეზღუდული იქნება,“ – აღნიშნავს ვახტანგ ძაბირაძე.

კანონპროექტით პოტენციურად საშიშად ჩაითვლება ისეთი ინფორმაციაც, რომელიც წინასაარჩევნო კანონმდებლობით არის აკრძალული. მაგალითად, არჩევნების წინა დღეს რიგითმა ამომრჩეველმა, რომ დაპოსტოს ვის აძლევს ხმას, ეს უკანონობად ჩაითვლება. საექსპერტო წრეებში ამბობენ, რომ კრემლი ამით ანტიპუტინისტური გზავნილების დაბლოკვას ცდილობს. ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ გარდა ინფორმაციის მიღებისა, სოციალური ქსელი სხვადსხვა ღონისძიების, მაგალითად აქციის ორგანიზების კარგი საშუალებაა.

„თავისუფალი მედია აჟღერებს ანტიპუტინისტურ გზავნილებს და ეს არის მისთვის მნიშვნელოვანი. მედია ერთგვარად ყოველთვის იყო ორგანიზატორი გამოსვლებისაც, ასეთივე ფუნქცია აქვს სოციალურ ქსელებსაც. ახლა პროკლამაციებს არავინ ავრცელებს, სოციალური ქსელი ამის საშუალებას ზედმეტი ხარჯის გარეშე იძლევა,“ – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე და დასძენს, რომ დროითა განმავლობაში რუსეთში ახალი თაობა მოდის, რომელიც სხვანაირად ყალიბდება და ეს საფრთხეა პუტინისა და მისი ხელისუფლებისთვის, რომელსაც ისინი გრძნობენ.

პოლიტიკის საკითხებში ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როცა ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა იზრდება, რუსეთს მსგავსი საინფომაციო პოლიტიკის წარმოება გაუჭირდება.

“რუსეთის ხელისუფლება რეალურად აკონტროლებს ტელევიზიას და ცდილობს დაბლოკოს სოციალური ქსელები, რომ ამით განიმტკიცონ ძალაუფლება. 2017 წლის მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის 49.1 % გააჩნდა ხელმისაწვდომობა ინტერნეტთან. 2000-დან 2017 წლის ჩათვლით ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოში გაიზარდა 933%-ით. ბუნებრივია, ამ ვითარებაში რუსეთს გაუჭირდება მსგავსი საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება. რაც შეეხება წინააღმდგებობს, რომელსაც ამ პოლიტიკის წარმოებისას შეიძლება წააწყდეს რუსეთის ხელისუფლება, არსებობს სხვა საშუალებები, ეს არის Yahoo, Gmail და ა.შ. არ არის ადვილი ყველა საშუალების დაბლოკვა,”– ამბობს ნიკა ჩიტაძე

მსგავსი მოსაზრება აქვს ვახტანგ ძაბირაძესაც. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მიუხედავად გარკვეული რეგულაციებისა, კრემლი სრული ინფორმაციული ვაკუუმის შექმნას მაინც ვერ მოახერხებს. ძაბირაძე იხსენებს, რომ სრული ინფორმაციული ვაკუუმი კომუნისტურ წყობაშიც არ ყოფილა და მოქალაქეები გარკვეული ინფორმაციის მიღებას მაინც ახერხებდნენ.

„თავის დროზე, როცა დახშული იყო ყველანაირი სივრცე, ამერიკის ხმას, თავისუფლებას, BBC-ის ვუსმენდით რადიომიმღებებში, რომელსაც ყოველ 5 წუთში ახშობდნენ და თავიდან უნდა გეპოვა მერე ტალღა, მაგრამ მაინც ვპოულობდით და ვიღებდით ინფორმაციას. 70-იან წლებზე გესაუბრებით და ახლა, რაც არ უნდა ქნას პუტინმა, რუსეთს ვერ გამორთავს, მაშინ უნდა დააბნელოს რუსეთი პირდაპირი გაგებით,“ – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

რამდეანდ შესაძლებელია მოსკოვის მიერ სოციალური ქსელების დაბლოკვამ რუსეთში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პრობლემები შეუქმნას.  საექსპერტო წრეებში ამ მიმართულებაზეც საუბრობენ. ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სოციალური ქსელების გარდა, კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც არსებობს, რომელსაც ვიყენებდით, ვიდრე ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდებოდა. ნიკა ჩიტაძე კი, კომუნიკაციის არხების ალტერნატიული გზების არსებობაზე მიუთითებს.

“არ მგონია დიდად პრობლემები შეიქმნას ამ მიმართულებით. თუ დაიბლოკა “ფეისბუქი”, ან “ინსტაგრამი”, შესაძლებელია თუნდაც, ელფოსტის მეშვეობით მიმოწერის განხორციელება,”– ამბობს ნიკა მაჩიტაძე.

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს უკვე მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების -Human Rights Watch-ის, Freedom house-ის გამოხმაურებაც. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, უყურადღებოდ ნუ დატოვებენ რუსეთის მოსახლეობის უფლებების შეზღუდვას და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები