LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Check-in Georgia-ს ბიუჯეტი წელს 20 მილიონი ლარი იქნება

27

ტურიზმი საქართველოს ნავთობია – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი აცხადებს და ამბობს, რომ საქართველოსთვის ტურიზმი უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს განცხადება ბარტოლიმ პროექტ ” Check-in Georgia-ს 2018-ის” კალენდრის პრეზენტაციაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ბიუჯეტი წელს 20 მილიონი ლარი იქნება. წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. პროექტი თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებს მოიცავს. წელს Check-in Georgia-ს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინო ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea და სხვა.

როგორც ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, Check-in Georgia-ს პროექტი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის. წლევანდელ პროექტში მსხვილი ბიზნესის გარდა, მცირე მეწარმეებიც ჩაერთვებიან.

„მიხარია, რომ Check-in Georgia ჩვენმა ბიზნესმა საკუთარ დღის წესრიგში მონიშნა. ადგილობრივი მეწარმეობისთვის ეს ახალი სტიმული და განვითარების რეალური შანსია. პროექტის კალენდარი ღონისძიებებით მაქსიმალურადაა დატვირთული, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენა-რეალიზაციის მეტ შესაძლებლობებს, გაზრდილ შემოსავალს, მეტ დასაქმებულ ადამიანს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, Check-in Georgia -ს პროექტის ფარგლებში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ბიზნესს შეუძლია იპოვოს საკუთარი სეგმენტი, აითვისოს მისთვის საინტერესო სივრცე, მოახდინოს პროდუქციისა და მომსახურების დივერსიფიკაცია. „როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის თავისუფლება და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობაა, განსაკუთრებით რეგიონებში, ამას ვადასტურებთ იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით ხორციელდება“, – განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, Check in Georgia უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად უფრო დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა. მისივე თქმით, ეს პროექტი გამიზნულია იმისთვის, რომ „მოვიზიდოთ მეტი ტურისტი მთელი მსოფლიოდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება, ვინაიდან შიდა ტურიზმს ჩვენ ეკონომიკაში მოაქვს არანაკლები შემოსავლები და ქმნის არანაკლებ სამუშაო ადგილს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები