LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხურმა „შკოდა“-მ და ქართულმა კომპანიამ შესაძლოა ერთობლივი საწარმო შექმნან

100

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბათუმში, ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს მარტა ნოვაკოვას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოში ცალკეული ჩეხური წარმოებების შესაძლო გადმოტანის საკითხები. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი კავშირები საგარეო ვაჭრობაში, რომელიც ბოლო წლებია ზრდის დინამიკით ხასიათდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2018 წლის პირველ 7 თვეში საქართველოსა და ჩეხეთში სავაჭრო ბრუნვა 35 პროცენტით, ხოლო ექსპორტი საქართველოდან 9 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში.

2017 წელს ჩეხეთიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 142,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 64 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჩეხ კოლეგასთან შეხვედრა პროდუქტიულად შეაფასა. „ჩეხეთი ჩვენი ერთ-ერთი დიდი პარტნიორია როგორც სავაჭრო, ისე ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ განვსაზღვრეთ მთელი რიგი პროექტების, რომლებიც დაგვეხმარება ჩეხეთთან ურთიერთობების გაორმაგებაში. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ვაჭრობაზე, არამედ ჩეხური ინვესტიცებისა და ტექნოლოგიების საქართველოში გადმოტანაზე. ჩეხეთი არის ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ძალიან ამაყობს თავისი ტექნოლოგიებით. შეხვედრაზე იყო ლაპარაკი, რომ არა მხოლოდ მოგვყიდონ პროდუქცია, არამედ გადმოიტანონ წარმოებები და გახსნან აქ“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ, თავის მხრივ კომენტარი გააკეთა ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ.

„საქართველოსა და ჩეხეთს შორის შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობებია. ჩემი ვიზიტი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება. ჩვენ უკვე განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ბიზნესის ცალკეულ სექტორებში,” – აღნიშნა მარტა ნოვაკოვამ.

მისი თქმით, ჩეხეთის კომპანიები დაინტერესებულები არიან მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებში თბილისსა და ბათუმში ელექტროავტობუსების მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, „ენერგო პროს“ მსგავსად, ამ ბაზარზე ოპერირებით. ჩემთან ერთად საქართველოში 25 მეწარმეა ჩამოსული, რომლებიც ახალი ბიზნესის წამოწყებითაა დაინტერესებული. ჩვენ განვიხილეთ ჩეხურ „შკოდა“-სა და ქართულ კომპანიას შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების შესაფერის ლოკომოტივებს აწარმოებს. აღნიშნული ლოკომოტივები მოემსახურება როგორც ქართულ რკინიგზას, ასევე შესაძლებელი იქნება მათი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს დასაქმებას,” – განაცხადა ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები