LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ოთახის ფანჯრებს წვიმა ეხეთქება – დედა წვიმს”

671

დედის შესახებ ასეთი ემოციური პოსტი ალბათ ცოტა თუ წაგიკითხავთ. დათო გორგილაძემ თავისი ჩანახატით დედის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გთავაზობთ მის ჩანაწერს.

“ახლა, ჩემი ოთახის ფანჯრებს წვიმა ეხეთქება. მე ცრემლებად ვიღვრები და ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს წვიმა დედაჩემი არ არის.
კაცი, რომელის პერანგებსაც მთელი ცხოვრება დედა აუთოებდა, მანწირულია იმისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში შავი პერანგი თავისი ხელით დააუთოოს.

ბავშვობაში, როცა მანანა საქმეზე მიდიოდა, მე ვდგებოდი ფანჯარასთან და ვაკვირდებოდი სამარშრუტო ტაქსებს, რომლებიც ვაზისუბნის დანგრეულ გზაზე მოღოღავდნენ. მე ვევედრებოდი ღმერთს, რომ მანქანა ჩვენს გაჩერებაზე შეყოვნებულიყო და იქიდან მანანა გადმოსულიყო. და, რაც უფრო აგვიანებდა ღმერთი ჩემი ვედრების ასრულებას, მით უფრო მიწყლიანდებოდა თვალები… მაგრამ დედა ბრუნდებოდა და როცა ფანჯარაზე აკრულს დამინახავდა, გამიღიმებდა და ხელს მიქნევდა. მე ვცქმუტავდი და მაშინვე კარისკენ გავრბოდი ჩასახუტებლად.

დედაჩემის სიკვდილის მთელი ცხოვრება მეშინოდა – ცხადშიც, სიზმარშიც… თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დღე ძალიან გვიან დადგებოდა – მაშინ, როცა ის ღრმად მოხუცებული იქნებოდა, მე კი – უკვე ჭაღარა. ხელს ჩავჭიდებდი და ასე გადავაბარებდი მის თავს სიკვდილს. თუმცა ჩვენ ძალიან უსუსურები ვართ საკუთარ ფიქრებში. სინამდვილეში ეს დღე 29 ივლისს, გამთენიისას, სრულიად უცაბედად დადგა. ჯერ თრომბი მოწყდა, მერე კი, წამიერად – მანანა. როცა მისი სხეული დავინახე და ტანში ელვამ დამიარა, მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა კადრი, რომელსაც იქიდან ისევ სიკვდილიღა ამოშლის – დედაჩემის გაფითრებული, უძრავი და ნაზი მარჯვენა ხელი, რომლითაც სიცხიანს შემწვარ კარტოფილს მაჭმევდა და ამბობდა: „ერთიც, ერთიც, ჩემი ხათრით“.

მეექვსე დღეა ჩემს ტელეფონზე მის ზარს ველოდები. ხანდახან, როცა ზარის ხმა ისმის, ეკრანს შიშით და იმის იმედით ვუყურებ, რომ ზედ ეწერება – Mancho. ცხადია, ამაოდ.

„ჭამე?“, „წვიმაში ხომ არ მოყევი?“, „დღეს მარინა ნათლიას დაბადების დღეა, ხომ არ დაგავიწყდა?“ – ღმერთო, რას არ დავთმობდი, კიდევ რომ მომასმენინა ეს სიტყვები.

ვხვდები, რომ დედას სიკვდილის შემდეგ მე ვეღარასოდეს ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი. ვერც მე და ვერც სამყარო, რადგანაც მას დააკლდება ათასი ადამიანის კეთილშობილება და სიყვარული. მანანა, სწორედ ამდენს იტევდა გულში. თუ მეტს არა.
ვზივარ, საკუთარ მარტოობას ვეუფლები და მისი ერთერთი დაბადების დღე მახსენდება. მაშინ პირველად ვკითხე, რამდენი წლის გახდი-მეთქი. ორმოცდაორისო, მიპასუხა.

მის კუბოზე დაყრილი მიწის პირველი ბრახუნი ჩემს მეხსიერებაში ყველაზე შემზარავი იქნება ყოველთვის.

დღეს მის საფლავზე ვიყავით. მზეს უკვე მოუსწრია გუშინ დალაგებული ყვავილების დაჭკნობა, მაგრამ ამ ყოვლისმომცველ სასოწარკვეთაში ერთ ხავსს მოვეჭიდე და ალბათ არასოდეს გავუშვებ ხელს: სასაფლაოს წინ აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავები დაფრინავენ. თვითმფრინავები, რომლებსაც მანანა დაითვლის და წარმოიდგენს, რომ თავადაც პარიზში მიფრინავს.

იმედი მაქვს, რომ უკანასკნელი ფიქრი, რამაც თავში გაუელვა ის იყო, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს;
რომ სიმშვიდე იპოვა და მისი ზარდახშის ლამაზი მუსიკის ხმა ესმის;
რომ საკუთარ მშობლებს შეხვდა და ჩაიხუტეს;
რომ ხანდახან, სულ ერთი წამით მაინც დამენახება სიზმარში;
რომ ყველაფერი მაპატია და როცა შევხვდები, ისევ გამომიწვდის შემწვარ კარტოფილს.
რომ მის საყვარელ სერიალებს იქაც აჩვენებენ;
იმედი მაქვს, რომ ხშირად იწვიმებს.

გუშინწინ შავი პერანგი დავაუთოე და ვერაფრით შევძელი მკერდთან დარჩენილი ნაკეცის გასწორება. ვხვდები, რომ ასე იქნება ყოველთვის.
დედაჩემი ორმოცდათვრამეტი წლის გარდაიცვალა, მაგრამ ის მაინც ორმოცდაორი წლისაა და ყოველთვის ორმოცდაორის იქნება – მანამ, სანამ მზე ამოდის და ადამიანები სუნთქავენ, სანამ დღე და ღამე არსებობს.

ახლა ჩემი ოთახის ფანჯრებს წვიმა ეხეთქება – დედაჩემი წვიმს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები