LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი პირველი დღე „ფორტუნა პლუსში“ – რადიო 18 წლის გახდა!..

221

რადიო „ფორტუნა პლუსი“ დღეს იუბილარია. დღევანდელ დღეს, პირველ სექტემბერს, პირველად გაისმა ეთერში დიჯეის ხმა, რომელიც იუწყებოდა, რომ ეთერში ახალი რადიო იწყებდა ფუნქციონირებას – უახლესი ჰიტების ტალღა, რომელმაც 2000 წელს, ანუ ზუსტად 18 წლის წინ, უამრავი მსმენელი შეიძინა და რეიტინგების სათავეში მოექცა. რადიო დღემდე ინარჩუნებს პოპულარობასა და მაღალ რეიტინგს.

ჩვენ მის დიჯეებს რადიო „ფორტუნა პლუსში“ პირველი დღის გახსენება ვთხოვეთ. ამ შეკითხვით, პირველ რიგში, რადიოს პროგრამების დირექტორს, რეზო კაკულიას მივმართეთ.

რეზო:

ჩემი პირველი დღე „ფორტუნა პლუსზე“ ემთხვევა იმ დღეს, როცა გაიხსნა ეს რადიო. შესაბამისად, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც თქვა – „თქვენ უსმენთ ფორტუნა პლუსს…“

ეს რომ ყოფილიყო ჩემი პირველი გასვლა ეთერში, ალბათ, უფრო მეტი ემოცია მექნებოდა, მაგრამ 2000 წლის პირველ სექტემბერს მე უკვე ოთხწლიანი გამოცდილება მქონდა არაერთ სხვადასხვა რადიოში. ეს ჩემთვის ახალი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ემოცია მაინც მქონდა, რადგან პირველად ვიწყებდი მუშაობას რადიოში, რომელიც მთელ საქართველოს ფარავდა. გარდა ამისა, იმედია, არ ეწყინებათ სხვა რადიოსადგურებს, სადაც მიმუშავია, მაგრამ აქ რომ მოვედი, პირველად ვნახე, რომ ასეთი აპარატურა საქართველოში არსებობდა (იცინის). პირველი ჩემი განცდა იყო ის, რომ მოვხვდი დიჯეის, მუსიკალური წამყვანის სამოთხეში…

რა შეგძინა „ფორტუნა პლუსმა“?

ყველაფერი… ის ჩემი ცხოვრების ნაწილია. ამ 18 წლის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მქონია, მაგრამ ძალიან მიყვარს „ფორტუნა პლუსი“. დავიწყე, როგორც წამყვანმა და ორ წელიწადში პროგრამების დირექტორად დამნიშნეს. ყველაფერი ჩემი აწყობილია და ამას არ ვუყურებ, როგორც სამსახურს. მეც შემაქვს რადიოსადგურის პოპულარიზაციასა და მუშაობაში დიდი წვლილი. ეთერში უკვე იშვიათად ისმის ჩემი ხმა, მაგრამ ეთერს გარეთ ბევრი სამუშაოა.

14183850_1424011890947626_8169559494695427570_nგიგა ბატკუაშვილი, დიჯეი:

ძალიან კარგად მახსოვს პირველი დღე „ფორტუნა პლუსზე“ 2002 წელს, 25 ივლისს, ეს დედაჩემის დაბადების დღე გახლდათ. მაშინ „ფორტუნა პლუსს“ ჰქონდა ტურნე, მე პირველად დავჯექი ეთერში და ყველა ბორჯომში გაემგზავრა… მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება მქონდა, პირველ ეთერზე მაინც ხელები მიკანკალებდა და ისეთი ემოცია იყო, რომ დღესაც ძალიან ნათლად მახსოვს (იღიმის).

რა მოგცა ამ რადიომ?

ბევრი კარგი რამ – გამოცდილება, ხალხთან ურთიერთობა და პოპულარობა. 2002 წელს რადიო იყო რეიტინგში პირველ ადგილზე, უამრავი მსმენელი ჰყავდა და დღემდე ინარჩუნებს ამ პოზიციას. მიხარია, რომ ამდენი წელი ერთგულად ვემსახურები ჩემს რადიოს (იღიმის).

8პაატა დათუნაშვილი, დიჯეი:

ჩემი პირველი დღე იყო კანკალი, შიში… მოგატყუე (იცინის). სინამდვილეში არ მინერვიულია, რადგან „ფორტუნა პლუსში“ „ფორტუნადან“ გადმოვედი, სადაც ორი წელი ვიმუშავე. სულ ამჩნევდნენ, რომ უფრო მეტად „ფორტუნა პლუსის“ ფორმატს ვერგებოდი. პირველი ეთერი ამ რადიოში რვა წლის წინ შედგა, 22 წლის ვიყავი, დღე არ მახსოვს, მაგრამ მგონი, გაზაფხული იყო…

„ფორტუნა პლუსმა“ ძალიან ბევრი რამ შემძინა, სხვა სფეროებიც გამიხსნა. რეკლამის გახმოვანების კუთხით უამრავი შეთავაზება მქონდა. ჩემი ხმაც უფრო დაიხვეწა… ვთანამშრომლობდი „მიუზიკბოქსთანაც“. დღეს რომ გარკვეულ ეტაპზე მოვედი, „ფორტუნა პლუსის“ დიდი დამსახურებაა. სწორად ვიპოვე ჩემი რადიო (იღიმის).

რადიომ ასევე მომიტანა უამრავი ადამიანის სიყვარული, თბილი დამოკიდებულება. ყოველთვის მახარებს ხოლმე ის დღეები, როცა ძველი მსმენელები გვიკავშირდებიან და იმავე მუხტით ატარებენ დღეებსა თუ საღამოებს „ფორტუნა პლუსთან“ ერთად.

14218397_1059173810867563_580584087_nნიკო ცალანი:

ორი წლის წინ, აგვისტოში, „ფორტუნა პლუსში“ რეზერვად მოვედი. ძალიან ვნერვიულობდი. მეგონა, ეთერში სასწაული უნდა მომხდარიყო, ამ მიქშერს მანამდე არ ვიცნობდი, თუმცა 16 წლიდან ვმუშაობდი სხვადასხვა რადიოში. ბავშვობიდან სულ მინდოდა, „ფორტუნა პლუსში“ მემუშავა. მომწონდა მუსიკალური პროგრამა და ზოგადად, ფორმატიც.

ეთერში პირველი გასვლის დროს, მიკროფონის გამორთვა დამავიწყდა. დავურეკე ჩემს მეგობარს და უცენზურო სიტყვა ვახსენე, რაც ეთერში გავიდა… რეზოს, საბედნიეროდ, ეს არ გაუგია და ამ ინტერვიუდან გაიგებს (იცინის).

რადიო „ფორტუნა პლუსიდან“ მედიასფეროში უამრავმა ადამიანმა გამიცნო, გამოჩნდა სხვადასხვა შემოთავაზება, მათ შორის კლიპის თუ სხვა გადაღებებზე. ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის (იღიმის).

10ქეთი ქორიძე, დიჯეი:

სანამ „ფორტუნა პლუსში“ მოვიდოდი, მანამდე „ავტორადიოში“ ვმუშაობდი, დაახლოებით ერთი წელი, რეზერვის პოზიციაზე. ახალი წლის პერიოდში შემომთავაზეს „ფორტუნა ოლუსზე“ გადასვლა, ჩემთან ახლოს ყოველთვის იყო ეს რადიო და ყველაზე მეტად ამ რადიოს წამყვანებთან ვმეგობრობდი. ორ დღეში გადმომიყვანეს, პულტი არ ვიცოდი და ორი დღის განმავლობაში 24 საათი ვიჯექი სტუდიაში, რომ პულტი ამეთვისებინა. 2 იანვარს, ბედობის დღე დამსვეს ეთერში და დავიბედე „ფორტუნა პლუსი“, სადაც აგერ უკვე მეექვსე წელია, ვმუშაობ.

პირველ დღეს მაინც ვნერვიულობდი ხარვეზებზე, რომლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო… იყო ერთი-ორი, რაც მწარედ მახსოვს…

რა შეიძინე აქ მუშაობისას?

პირველ რიგში, მეგობრები შევიძინე, ასევე მსმენელები, რომლებიც ძალიან მიყვარს და ეს არ არის ტრაფარეტული სიტყვები. ასევე ძალიან მიყვარს მუსიკა და ეთერში ყოფნა… რაც მთავარია, შემძინა მეუღლე, რომელიც აქ გავიცანი (იღიმის).

9გვანცა კილანავა, დიჯეი:

პირველი ეთერი მქონდა ორი წლის წინ, 13 მაისს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ეთერში მარტო დავჯექი… ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა, რადგან საღამო იყო და მსმენელებთან უნდა მეკონტაქტა. ყველაფერმა მხიარულად ჩაიარა, ზარებზე „ფორტუნას“ დიჯეი დამეხმარა, გურიჩა, პულტს თავად ვმართავდი.

რადიომ უამრავი რამ შემძინა – პირველ რიგში, პროფესიული ზრდა, შემიძლია, უცებ შევიდე ეთერში, გამოვხატო ჩემი აზრი… ზოგადად, რადიოს გამოჰყავხარ რთული მდგომარეობიდანაც. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ორი კვირის შემდეგ ეთერში დავჯექი და ეს ძალიან დამეხმარა… ასე რომ, „ფორტუნა პლუსში“ მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა…

7ანი გიგაური, დიჯეი:

ჩემი პირველი დღე „ფორტუნა პლუსზე“ იყო ემოციების დიდი ზღვა, რაც კი განმიცდია. საოცარი შეგრძნება იყო. მარტო ზიხარ იქ, სადაც ჯდომას ვერასდროს წარმოიდგენდი და აკეთებ იმას, რაც გიყვარს.

ბავშვობიდან „ფორტუნა პლუსის“ მსმენელი ვარ და აქ დიჯეად მუშაობა ჩემი ოცნების ახდენაა. მუშაობა შვიდი თვის წინ დავიწყე. ყოველი ახალი ეთერი სიამოვნების განცდაა. მაინც დაძაბული ხარ, რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ფიქრობ, რაიმე არ შეგეშალოს, რომ მსმენლი კმაყოფილი იყოს და არ დაკარგოს პოზიტიური განწყობა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები