LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ქართულის მასწავლებლები

499

ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბლოგი

ეს ის ხალხია, ხან მშობლიური ლიტერატურის მასწავლებლები რომ ერქვათ, ხან ენისა და ლიტერატურის, ხან ქართული ენისა და ლიტერატურის და ა.შ. ჩვენთვის, ბავშვებისთვის უბრალოდ ქართულის მასწავლებლები რომ იყვნენ, უფრო კი ასე რომ მოვიხსენიებდით: „ქართულის მასწი”. ეს ბლოგიც ჩემს სამ მასწავლებელს ეძღვნება, ჩემს სამ ცხოვრებისეულ ეტაპს, სამ შთაგონებას და სამ სტიმულს: სკოლას, კოლეჯს და უნივერსიტეტს, ანუ:

 

ნინო

რბილად რომ ვთქვა, რთულად დასამორჩილებელი კლასი ვიყავით, სკოლაში თუ რაიმე ახალი ონავრობა და მაიმუნობა გამოჩნდებოდა, პირველ ეჭვს ჩემ კლასზე იღებდნენ და ასე იწყებოდა ხოლმე გამოძიება.და თუ ნინოს სადამრიგებლო არა, მაშინ რთულად იყო საქმე, მაშინ მთელ სკოლაში უნდა გეძებნათ დამნაშავე, თუმცა პრობლემის ეპიცენტრს, ძირითადად, ჩვენთანვე პოულობდნენ. არაფერი გამანადგურებელი, უბრალო ბავშვური სიცელქეები, რომლებმაც ერთხელ ნინო მასწს ათქმევინა, 7 წელი უნდა გავატარო თქვენთან და დარწმუნებული ვარ 5 წელიწადში გავჭაღარავდებიო. შეცდა, გაჭაღარავებას 4 წელი დასჭირდა, ჩვენც საკმაოდ მოვინდომეთ. ნინო მასწავლებელი დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ ჩემი ცხოვრება და მისწრაფება დიდი აფეთქების თეორიასავითაა, ნინო ტყეშელაშვილისგან მოცემული ბიძგით ჩემი შინაგანი სამყაროც ნელ-ნელა ფართოვდება. არ ვიცი, რატომაა ქართულის მასწავლებელი ასეთი გამორჩეული ყველა ბავშვისთვის.ალბათ იმიტომ,რომ სალაპარაკო ენას გასწავლის, ან იმიტომ რომ ლიტერატურა, რომელზეც ის გესაუბრება, ყველაზე ახლობელია შენთვის, ყველაზე ნაცნობი, იმიტომაც, რომ მეტი სიყვარულია შენი ქვეყნისადმი, შენი ხალხისადმი და ა.შ. თუმცა კიდევ სხვანაირი შეგრძნებები მახსოვს.. განსაკუთრებით ისეთ დღეებში, როცა გაკვეთილების შემდეგ ცოტა ხნით დარჩენას ვთხოვდით ნინო მასწს და ისიც კლასგარეშე თემებზე გვესაუბრებოდა ხოლმე, ის, რაც პროგრამით არ იყო გათვალისწინებული, რაც წიგნში არ, თუ ვერ შევიდა და რაც ჩვენ უფრო გვაინტერესებდა, ლეგენდები და სინამდვილე. ნინოც დაუზარლად გვიყვებოდა, როგორ იბრძოდა გრიგოლ ორბელიანი შამილის წინააღმდეგ და როგორ არ მიაქცია ყურადღება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებს, როგორ მიიღო ილიამ ვაჟა, როცა ეს უკანასკნელი პირველად ჩამოვიდა მთიდან და როგორი კარგი მოჭიდავე იყო აღნიშნული მთიელი, როგორ გაუძლო გალაკტიონმა 1937 წელს, როგორ ძმაკაცობდნენ გურამ რჩეულიშვილი და გურამ თიკანაძე და ა.შ. ეს უფრო ჯადოსნური ამბები იყო, უფრო განსხვავებული იმ საზეპირო მშრალი ტექსტებისგან, რომლებიც ხშირად ეწერა ხოლმე სახელმძღვანელოებში. არ აქვს მნიშვნელობა რა იყო სიმართლე და რა –დროის ქარტეხილებში გამონაგონი ლეგენდა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ქართული ენა და ლიტერატურა გვიყვარდებოდა, ჩვენ მთელი ეს ლეგენდარული ლაბირინთები მოგვწონდა და თავბრუს გვახვევდა. სკოლა 9 კლასის დასრულების შემდეგ დავტოვე და მას შემდეგ ერთხელღა ვნახე ნინო მასწავლებელი, უკვე გაჭაღარავებული, მაგრამ მაინც შეუცვლელი. ყოველთვის ვამსგავსებდი დედაჩემს, ერთხელ შემეშალა კიდეც და „ნინო მასწის” ნაცვლად, „დეე” დავუძახე. მთელმა კლასმა დამცინა, მე ყურებამდე გავწითლდი, თვითონ კი სასიამოვნოდ ჩაეღიმა, ალბათ, იგრძნო ჩემი დამოკიდებულება.

სულ ვამბობ, რომ სკოლაში უნდა შევიარო და ვინახულო, მაგრამ წლები გადის და ვერ. იქნებ ამ ბლოგმა მაინც გადამალახვინოს რაღაც უცნაური მორიდება ჩემი წარსულის, ლეგენდების და ნინო მასწავლებლის მიმართ.

ჯემალი

როგორც უკვე ვთქვი 9 კლასის დასრულების შემდეგ კოლეჯს მივაშურე და 14 წლის ღლაპმა უკვე ხელოვნების ქურუმად გამოვაცხადე თავი. პირველივე დღეს აუდიტორიაში ერთი გამხდარი, მკაცრი იერის მქონე კაცი შემოვიდა, ღრმად ჩამჯდარი ცისფერი თვალებით და რუხი გაცრეცილი პიჯაკით. მოგვესალმა, გადაგვხედა, აიღო ხელში კალამი და გვეკითხება, აბა მითხარით, კალამი პირველად ვინ შექმნაო. აუჰ, ატყდა ამბავი, ზოგი რას ამბობდა, ზოგი – რას. ჩამოითვალა რაც კი მეცნიერები ვიცოდით, გუტენბერგიდან დაწყებული – ედისონით დამთავრებული. მთელი ჩემი ცოდნა მოვიხმე და მაინც ვერაფერს გავხდი. ბოლოს, კარგად რომ მოგვქანცა, გაიღიმა და გამარჯვებულის ტონით გამოგვიცხადა, ეს კალამი პირველად ადამიანმა შექმნაო. დავრჩით პირდაფჩენილები. მე გავიბრძოლე, ეგ ხომ ისედაც ვიცოდით-მეთქი, მაგრამ მასაც ეს უნდოდა, როგორც აღმოჩნდა, რადგან სიტყვა გამაწყვეტინა და მომახალა, ჰოდა, მაგაშია საქმე, რაღაცების მკითხაობას, ჯობს ფაქტებს დაეყრდნო და იმდენი თქვა, რამდენიც ზუსტად იციო. იმ გაკვეთილზევე მივხვდი რომ ერთ ძალიან თავისებურ, ახირებულ და საინტერესო კაცთან მქონდა საქმე. მკაცრი კაცი იყო ჯემალ ჩომახიძე, ისიც კი არ ვიცი, ახლა ცოცხალია, თუ – აღარ.იმ ხანებში კოლეჯის ბიჭბუჭობაში ხმა დადიოდა, ეგ ისეთი ავი ვინმეა, ნიშნებს არ წერს, ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტები აივნიდან აგდებდნენო. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს უბრალოდ განაწყენებული ბავშვების გამონაგონი ლეგენდა იყო, თორემ აივნიდან იქით გადაყრიდა ბარე ორს. მოკლედ ისე მოხდა, რომ მე და ჯემალი მასწი დავმეგობრდით. რაღაც უცნაური მეგობრობა იყო, ინტერესებით თვალებგაფართოებული ბიჭუნასი და პირქუში მოხუცის, აი, დაახლოებით ისეთი, სტივენ კინგს რომ აქვს აღწერილი მოთხრობაში „Apt Pupil”.მერე აღმოვაჩინეთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი გვიყვარდა ორივეს, მთხოვა მის წერილებს გავცნობოდი და თემა მომემზადებინა. ამ წერილებზე მუშაობა ერთ დიდ ატრაქციონად იქცა, რომელშიც ორივე თანაბრად ვიყავით ჩართულები. როცა ატყობდა, რომ ჩვენ შორის რაღაც დისტანცია ირღვეოდა და ლამის მისთვისაც, ნინო მასწავლებელივით, „ბაბუ” ან „მამა” დამეძახა, უმალვე იბრუნებდა პირქუშობას და სიმკაცრეს, თითქოს ძალით არ ლახავდა რაღაც ზღვარს, თუმცა ეს ზღვარი მისდაუნებურად ილახებოდა, რადგან იმავე კოლეჯში ჯემალის მეუღლეც მუშაობდა მასწავლებლად და მე მისგან უჩუმრად ვაკვირდებოდი ხოლმე როგორ ნელ-ნელა მისეირნობდა მოხუცი წყვილი სახლში გაკვეთილების შემდეგ.კაცი წელში გამართული მიაბიჯებდა, მაგრამ ის მკაცრი იერი დაეკარგა და უფრო ახალგაზრდა, გულგახსნილ ბიჭს გავდა, რომლისთვისაც ხელკავი გვერდით მომავალ მეუღლეს გამოედო და აქედან გამომდინარე, მთელი დანარჩენი დედამიწა ახლა მხოლოდ მათ ორს გარშემო ტრიალებდა. ასეთი იყო ჯემალი, ბევრი ფიქრის მატარებელი, ერთდროულად მკაცრი და მოსიყვარულე, კაცი, რომელმაც კოლეჯის დასრულებისას გვერდით გამიხმო და მითხრა, საკუთარ თავს თუ არ უღალატებ, ყველაფერს მიაღწევ რისკენაც ისწრაფვიო. გხედავ და ვგრძნობ შენს გულისთქმას, ჰოდა მთავარია საკუთარ თავს არ უღალატოო.

იმის შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი ქმედება თუ ფიქრი, შეიძლება ბოლომდე არ ეთანხმებოდეს ჩემ შინაგან ხმას, ჯემალ ჩომახიძის სიტყვები ჩამესმის და როგორღაც ვახერხებ ბეწვის ხიდზე სიარულს, ბოლოსდაბოლოს, ბეწვის ხიდიც ხომ ადამიანმა შექმნა.

ვატა

ყველა აღმართი საბოლოოდ მწვერვალისკენ მიდის. ჩემი მწვერვალი თეატრალურ უნივერსიტეტში ვიპოვე, მაგისტრატურაში სწავლისას,პირველივე დღეს, როცა აუდიტორიაში ჩვენი ლიტერატურის მასწავლებელი, ერთი ახმახი და ბრგე კაცი შემოვიდა, კაცი, რომლის ღიმილიც და წარბების შეჭმუხვნაც უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე ჩვეულებრივ. კაცი, რომელსაც შეეძლო ისე ესაუბრა ლიტერატურულ შედევრებზე, რომ მისი ანალიზი მნიშვნელობით იმ შედევრს გატოლებოდა. კაცი, სახელად ვახტანგ როდონაია, ან უბრალოდ, ვატა, როგორც მას მეგობრები და შემდეგ უკვე ჩვენც ვუწოდებდით, როცა მარტონი დავრჩებოდით ხოლმე. ვატაზე წერა ყველაზე მეტად მიჭირს, რთულია ერთ გვერდში ჩაატიო მოგონება ადამიანზე, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება სიტყვა „ბუმბერაზი”. დაჯდებოდა ხოლმე ჩვენ წინ, ერთ დიდ აზრიან პაუზას აიღებდა, შემდეგ სახე მოეღუშებოდა და გადაეშვებოდა ამა თუ იმ ეპოქის ორომტრიალში. ვატას შეეძლო ერთნაირი ინტერესით ელაპარაკა გურამ რჩეულიშვილსა და ჟან ჟენეზე, მიხაილ ბულგაკოვსა და უილიამ შექსპირზე. შეეძლო ისეთი ქარიზმით წაეკითხა რომელიმე ლექსი, რომ თავად ავტორიც გაოცდებოდა, რომ მოესმინა. უეცრად ჩაურთავდა საუბარს, რომ „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი და მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყჳთლებულნი, დაწერტილნი და დამშრშალნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხოვრებულნი, და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა”, იტყოდა და ჩვენი აღტაცება რა მოსატანია, თვითონვე ეძლეოდა ხოლმე აღფრთოვანებას. არ შემიძლია ვატაზე კონკრეტული საუბარი, უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ზოგადად შემიძლია აღვწერო ჩემი მისდამი დამოკიდებულებაც. არ შემიძლია მიწიერ დიალოგებამდე და ადამიანურ მოგონებებამდე დავიყვანო ჩემი ქართულის მესამე მასწავლებელი, რომელიც თავისი მნიშვნელობით ჩემს ცხოვრებაში გაცდა ქართულს, გაცდა ლიტერატურას, გაცდა ხელოვნებას და რაღაც უფრო მნიშვნელოვანი როლი მიიღო, მფარველი ანგელოზივით. მე ვატას ლექსი მივუძღვენი, ალუდა ქეთელაურის ინტერპრეტაცია, თანამედროვე გადმოსახედიდან. მან წაიკითხა და მითხრა, შესანიშნავი მცდელობაა ერთ დიდ პოეტურ შედევრზე, მეორე მშვენიერი პოეტური ნაწარმოების შექმნისაო. იქნებ იცოდა კიდეც ვატამ, რომ ეს ნათქვამი შესანიშნავი მცდელობა იყო ჩემთვის ფრთების შესასხმელად, მცდელობა, რომელიც შედგა. გამოცდის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი, ამირან დოლიძე, დაგვიბარა და გვითხრა თითოეულს, ერთ დიდ და ბევრის შემძლე კაცს უნდა მიგაბაროთო.მე მიგგზავნით, თქვენ მიდით ჩემი სახელით და ყველაფერი დაუჯერეთო, ყველაფერს სწორად გეტყვით და არ აურიოთო. დავიძბე, ნეტავ ვისთან მგზავნის-მეთქი ვიფიქრე, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ამირანს ამირან დოლიძესთან გზავნიდა, მე კი, შესაბამისად – ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან. ასე იცოდა ვატამ სტუდენტში თვითრწმენის გაჩენა, ასე შეეძლო ვატას მოეცა ერთდროულად ცოდნაც, აღმაფრენას, რწმენაც და მოტივაციაც. დღემდე ხშირად ვიხსენებ,რა კოსმიური სიმშვიდე ისადგურებდა ხოლმე მის თვალებში, როცა პოეტურად წაუმღერებდა ანტონიო მაჩადოს  ლექსს დავით წერედიანისეულ თარგმანში:

„მოედანზე თეთრი კოშკი,

კოშკითეთრი აივნითა

აივანზე თეთრი ქალი,

ქალი თეთრი ყვავილითა.

ჩაიარა კაბალიერომ

გზა იყოდაჩაივლიდა,

თან წაიღო თეთრი კოშკი,

კოშკითეთრი აივნითა,

წაიყვანა თეთრი ქალიც,

ქალითეთრი ყვავილითა….

ვატა რომ ავად იყო, ვერ მივედი. არა იმიტომ, რომ არ მეცალა. არა, უბრალოდ ვერ მივედი, არ შემეძლო ჩემს მოგონებებში სხვანაირად შემომეშვა ეს კაცი, პანაშვიდებზეც ვიყავი, გასვენებაშიც, მაგრამ ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის.არ შეიძლება მფარველი ანგელოზები იღუპებოდნენ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვგრძნობდეთ მათ სუნთქვას ჩვენი გულის სიღრმეში, ისევე, როგორც მე ვგრძნობ ვატას მზერას ყოველთვის, როცა ცარიელ ფურცელს ვშლი და წერას ვიწყებ.

წყარო: mastsavlebeli.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები