LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი შვილი გაურკვეველი საგნებით იყო დაჩეხილი – დამიდექით გვერდით, რათა სამართალი აღვადგინოთ”

83

საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროცესი გრძელდება. გარდაცვლილი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა. ამის საფუძველს დაზარალებულს დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა აძლევს.

ზაზა სარალიძე ყველას მოუწოდებს, სიმართლის დადგენისთვის ბრძოლაში, გვერდით დაუდგნენ, რათა მისი შვილის მეგობრებსა და დაპირისპირებულ მხარეს ომი არ დაიწყოს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ის აღნიშნავს, რომ ამ საფრთხის შესახებ, პროკურორიც გააფრთხილა, თუმცა, უშედეგოდ.

“ყველანაირად ზნედაცემულ პროკურორ გოგუშვილს როდესაც ვუთხარი,რომ თუ სიმართლეს ფარდას არ ავხდით მოზარდების ომის შეიძლება დაიწყოსთქო, მან მიპასუხა დამცინავად და ირონიულად:

-ეს ჩემი პრობლემა არაა. დაიწყოს თუ ასე გულით უნდათ.

გუშინდელ პროცესზე გუგუშვილი და ფხაკაძე მწყობრიდან გამოვიდნენ როდესაც ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა სასამართლოზე წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც სამხარაულის ექპერტებმა დამალა პროკურატურის დავალებით.

ეს მტკიცებულებები უტყუარი დასტურია იმის,რომ ჩემი შვილი არა მარტო დანებით არამედ გაურკვეველი საგნებით იყო დაჩეხილი.

პირდაპირ სიტყვიერ შეურაწყოფაზე გადავიდნენ დარბაზში მყოფ პირებზე და მოწმეზე.

პროკურორი ფხაკაძე:რომელთანაც სიტყვიერი შელაპარაკება მომივიდა იმასთან დაკავშირებით თუ საიდან გაჩნა ჩემი შვილის ტანსაცმელზე სამკუთხა და ოვალური ფორმის ჭრილობები,თურმე თავისი კუთვნილი მობილურით ჩუმად ვიდეოს მიღებდა.

მისივე დავალებით ვიღაცეები მითვალთვალებდნენ და ჩემი და ერთერთი ადვოკატის საუბრის ჩანაწერი მიაწოდეს. ფხაკაძე კომპრომატებს აგროვებს ჩემს წინააღმდეგ.

მივმართავ ყველა იმ პირებს ვინც დაინტერესებულია ჩემი დისკრედიტაციით.

გონს მოდით და ყველა ჩემი შვილის მკვლელები გამოიყვანეთ სააშკარაოზე.

მე თქვენ უკვე მომკალით!

ნუ მემუქრებით დაჭერით!

მივმართავ სრულიად საქართველოს:

მე ამათი არ მეშინია!

მე მეშინია შურისძიებით აღსავსე ჩემი შვილის მეგობრების, რომლებიც გეგმავენ შურისძიებას ყველა იმ პირზე ვინც რაიმე ნიშნით მაინც მიიღო მონაწილეობა ამ ინციდენტში.

ჩემი შვილი მოკლულია და მას ვეღარ გავაცოცხლებ.

დამიდექით გვერდით, რათა სამართალი აღვადგინოთ და არ დავუშვათ შვილების ომი და მკვლელობა.

თავს შევაკლავ უსისხლო პროკურორებს და არ დავუშვებ დათუჩას გამო ჩვენმა მომავალმა სისხლიანი ომი დაიწყოს.

ღმერთმა დაგლოცოთ”, – წერს ზაზა სარალიძე.

მაია ნიკოლეიშვილის დასკვნის მიხედვით, საქმეში არა მხოლოდ დანები, არამედ მაკრატელიც ფიგურირებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკახემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილიდან მაკრატელი ამოღებულია, თუმცა, დადასტურებულია, რომ ეს არის სამედიცინო პერსონალის მაკრატელი და ის ადგილზე მედიკოსებს დარჩათ.

შეგახსენებთ, დავით სარალიძის მამა, დღეს საღამოს 7 საათზე, პარლამენტთან აქციას მართავს სახელწოდებით – ნუ მომკლავ!