LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონმა წაგებით დაიწყო: ზაზას 10 წუთი და 6 ქულა

38

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მორიგი გათამაშება ორი საინტერესო შეხვედრით დაიწყო. მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტ უორიორზი” შინ კიდევ ერთ ფავორიტს “ჰიუსტონ როკითსს” დაუხვდა. ოკლენდის Oracle Arena-ზე შეკრებილმა მაყურებელმა დრამატული საკალათბურთო სანახაობა იხილა.

გოლდენ სტეიტი – ჰიუსტონი 121:122 (35:34, 36:28, 30:26, 20:34)

სამი პერიოდის შემდეგ “მეომრები” 13 ქულას იგებდნენ და დრეიმონდ გრინს მუხლის ტრავმა რომ არ მიეღო, დიდი ალბათობით შეხვედრას წარმატებით დაასრულებდნენ. ამით კარგად ისარგებლეს ტეხასელებმა და სხვაობის თანდათან შემცირება იწყეს. საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე “გოლდენ სტეიტი” მხოლოდ ქულას იგებდა (119:118), ფინიშამდე 44 წამით ადრე კი ჰიუსტონელები 122:121 დაწინაურდნენ. ასპარეზობის დასასრულამდე ეს ანგარიში არ შეცვლილა (ბოლო წამებზე სტეფ კარიმ სამიანი ააცილა) და “გოლდენ სტეიტმა” სეზონი მარცხით გახსნა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ კევინ დურანტმა საფინალო სირენასთან ერთად ბურთი ჰიუსტონელთა კალათაში მოათავსა, თუმცა, მსაჯებმა ტყორცნა არ ჩათვალეს.

ოკლენდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი მსროლელი ნიკ იანგი გახლდათ. სტეფ კარის ანგარიშზე 22 ქულაა. დრეიმონდ გრინს სამმაგი დუბლის შესრულება არ დასცალდა – 28 წუთში მან 9 ქულა, 13 პასი და 11 მოხსნა შეასრულა.

ზაზა ფაჩულიას რაც შეეხება, საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა 10 წუთში 6 ქულა (ორიდან ორივე ტყორცნა და საჯარიმო ჩააგდო), 3 მოხსნა (სამივე საკუთარ ფარზე) და ერთი დაფარება მიითვალა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტოში იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები