LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა თასი მადრიდში მიდის: პირველად თუ მეთერთმეტედ

45

დღეს, მილანში, „სან სიროზე“ დიდი მატჩია. პრინციპში ევროპული წლის მთავარი მატჩი. აქამდე კი მადრიდელები მივიდნენ: ყველაზე ტიტულოვანი „რეალი“ და თასის პირველად მოგების სურვილით დამწვარი „ატლეტიკო“. დიდი მადრიდული ჯახი პასუხს ბევრ რამეს გასცემს: გამოცდილი, გალაქტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე „სამეფო კლუბი“ თუ მებრძოლი და მეომარი სახალხო „ატლეტიკო“.

 

ტურნირის ისტორიაში მეორედ ფინალში ერთი ქალაქის გუნდები თამაშობენ;
პირველი ასეთი შემთხვევა 2014 წელს მოხდა და მაშინაც “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს;
კრიშტიანო რონალდო 16 გოლით ტურნირის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მას გოლი აშორებს საკუთარ რეკორდთან;
გამარჯვებული უეფას სუპერთასისთვის ევროპალიგის მომგებ “სევილიას” შეხვდება და 2016 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს;
ფინალის ელჩები არიან “ინტერის” ლეგენდა ხავიერ ძანეტი და „მილანის“ ლეგენდა ფრანკო ბარეზი;
ბილეთების ოფიციალური ფასები 70-440 ევროს ფარგლებში მერყეობდა;
შოუს ამერიკელი მომღერალი ალიშა კისი გახსნის. ლიგის ჰიმნს კი ანდრეა ბოჩელი შეასრულებს.

მადრიდელები ტიტულებით მილანურ კლუბებს გაუსწრებენ. აქამდე მადრიდელებს და მილანელებს 10-10 ტიტული აქვთ მოპოვებული. ესპანეთიდან ყველა „რეალისაა“, ხოლო იტალიურში – 7 “მილანმა” გამოიმუშავა და 3 “ინტერმა”. ასე რომ, მადრიდი საკლუბო ფეხბურთის ერთპიროვნული დედაქალაქი გახდება და თან ეს, ბედის ირონიით, სწორედ მილანში მოხდება.

 

რეალი
მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მე-14-ედ გავიდა (სულ ევროთასებზე 27-ედ). წინა 13 დაპირისპირებიდან “სამეფო კლუბისთვის” გამარჯვებით 10 დასრულდა. უახლოესი კონკურენტი “მილანი” მას სამი ტიტულით ჩამორჩება.

ზიდანი, რომელმაც 2002 წელს გამარჯვების გოლი გაიტანა და “სამეფო კლუბს” თასი მოაგებინა შეიძლება გახდეს მე-7 ადამიანი, ვინც ამ ტიტულს მოიპოვებს ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში. ელიტის ექვსეული კი ასე გამოიყურება: მიგელ მუნიოსი, ჯოვანი ტრაპატონი, იოჰან კრუიფი, კარლო ანჩელოტი, ფრანკ რაიკაარდი და ხოსეპ გვარდიოლა.

კრიშტიანო რონალდოს შეუძლია გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში გაიტანს. მან შეძლო გატანა 2008 წელს (მანჩესტერის მაისურით) და 2014-ში. ორ ფინალში კი ჯერჯერობით მას და კიდევ სამ ფერხბურთელს აქვთ გატანილი: რაულ გონსალესს (2000, 2002), სამუელ ეტოოს (2006, 2009) და ლიონელ მესის (2009, 2011).

ტონი კროოსი შესაძლოა გახდეს მე-13 ფეხბურთელი, რომელიც თასს ორი კლუბის სახელით მოიპოვებს. ამის შანსი აქვს “ატლეტიკოს” ფერნანდო ტორესსაც. ანუ მე-13 ასეთი ფეხბურთელი აუცილებლად იქნება: კროოსი თუ ტორესი.

 

ატლეტიკო
“ატლეტიკომ” მხოლოდ ორჯერ ითამაშა ფინალში, მაგრამ სამი მატჩი გამართა. საქმე ისაა, რომ 1974 წელს “ეიზელზე” პირველმა თამაშმა ვერაფერი გადაწყვიტა, მართალია, 114-ე წუთზე აწ გარდაცვლილმა ლუის არაგონესმა ესპანელები დააწინაურა. ჰანს-გეორგ შვარცენბეკმა გაათანაბრა. გადათამაშებაში კი “ბაიერნმა” უშანსოდ, 4:0 მოუგო “ატლეტიკოს”.

მოგების შემთხვევაში “ატლეტიკო” გახდება 23-ე კლუბი, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ჯილდოს მოიპოვებს. 22-ე კლუბი “ჩელსი” იყო 2012 წელს. დიეგო სიმეონე შეიძლება გახდეს მხოლოდ მესამე არაევროპელი მწვრთნელი, რომელიც ამ ტიტულს მოიგებს. პირველი ორიც არგენტინელი იყო – ლუის კარნილია (რეალი) და ელენიო ერერა (ინტერი).

 

მატჩის წინ
ზინედინ ზიდანი (რეალი): “როცა “რეალი” ჩავიბარე, ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, მაგრამ დრო არ ითმენდა, ჩვენ მაშინვე უნდა დაგვეწყო მოგებები. უნდა ვყოფილიყავი მზად, ნებისმიერი გამოცდისათვის. იმ მომენტისთვის უკვე გამოვვარდით ესპანეთის თასიდან. ჩვენ დავიწყეთ 3-კვირიანი დაუღალავი შრომით.
სწორედ მაშინ დავაგროვეთ შემდგომი წარმატების ყველა წინაპირობა. პირველ რიგში, გუნდის ფიზიკურ გამძლეობას ვგულისხმობ. მერე კი უბრალოდ ვიგებდით თამაშებს. და აი, ჩვენ უკვე სეზონის მთავარი მატჩს ველით.
“ატლეტიკო” ჩვენთვის გამორჩეული მეტოქეა. ფინალამდე მათ ევროპის ორ უძლიერეს კლუბს აჯობეს, ასე რომ, ჩვენ გველის ძალიან რთული დაპირისპირება. როგორც ყოველთვის, “ატლეტიკო” დაცვაში საიმედოდ ითამაშებს. მაგრამ მეტოქეზე ლაპარაკისას არ შეიძლება იმის თქმა, რომ “ატლეტიკო” მარტო თავს იცავს, ამ გუნდმა ძალიან კარგად იცის ფეხბურთის თამაში.
მას შეუძლია ნებისმიერი მეტოქე ჩააგდოს გამოუვალ მდგომარეობაში. ჩვენ ეს კარგად გვესმის და ვფიქრობთ, შევძელით სათანადოდ მოვმზადებულიყავით. შევეცდებით, ფინალში ჩვენი ფეხბურთი ისე ვითამაშოთ, რომ სანანებელი არაფერი გაგვიხდეს”.

 

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): “ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ბევრი რამ ითქვა და ბევრიც კიდევ ითქმევა. მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია. ხშირად ხალხი იმას ლაპარაკობს, რაც რეალობიდან შორსაა და მათ სურვილებს ეყრდნობა. ვფიქრობ, რომ ასეთი მსჯელობა აზრსმოკლებულია.
უნდა იცხოვრო აწმყოთი, არც წარსულით და არც მომავლით. რა თქმა უნდა, “ატლეტიკო” ფინალისთვის მოემზადება საუკეთესოდ. მაგრამ “რეალთან” დაპირისპირების შედეგი სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, რა მსურს მე. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ძალისხმევას ჩავდებთ ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში”.
ფრთიანი ფრაზები ფინალის წინ

გარეთ ბეილი (რეალი): “ატლეტიკოს” ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა “რეალის” ძირითად შემადგენლობაში”.
დიეგო გოდინი (ატლეტიკო): “ჩემპიონთა ლიგის მოგება ოცნებასავითაა”.

კოკე (ატლეტიკო): “ზიდანი “რეალში” ხუთი თვეა, რაც მუშაობს, სიმეონე კი “ატლეტიკოში” ხუთი წელია მუშაობს, ჩვენ უპირატესობა გვაქვს”.
კრიშტიანო რონალდო (რეალი): “იმედია, მოვიგებთ და ზიდანი ჩვენთან დიდი ხნით დარჩება”.
სერხიო რამოსი (რეალი): “მიყვარს, როცა უძლიერესებს ვამარცხებ. ასე რომ, სჯობს “ატლეტიკო” უძლიერესი შემადგენლობით გამოვიდეს”.
კრიშტიანო რონალდო (რეალი): “ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო ძვირფასია, ვიდრე “ბარსას” დუბლი”.
ფაბიო კაპელო: “ხასიათის სიმტკიცით, “ატლეტიკო” “რეალს” ერთი ორად უსწრებს”.
ენრიკე სერესო (ატლეტიკოს პრეზიდენტი): “რეალი” ფინალში უნდა დავამარცხოთ ან ვიცილური მეთოდით, ან კრიმინალურით”.
პრედრაგ მიატოვიჩი (რეალის ყოფილი ფეხბურთელი): “ატლეტიკოს” ლიგის ფინალში წაგება ერთი 50-წლიან ტრავმას მიაყენებს”.
ჩემპიონთა ლიგა 2015/16
ეს იყო ტურნირის რიგით 61-ე გათამაშება და 24-ე მას მერე, რაც ევროპის ჩემპიონთა თასის ნაცვლად უეფას ჩემპიონთა ლიგა დაერქვა;
წინა სეზონის გამარჯვებული “ბარსელონა” ტურნირს 1/4 ფინალში გამოეთხოვა;
ტურნირი დაიწყო 30 ივნისს (2015 წ) I საკვალიფიკაციო ეტაპით და დასრულდება 28 მაისს ფინალით;
ტურნირში სულ ევროპის 53 ასოციაციის 78-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, ჯგუფური ეტაპიდან კი 32-მა კლუბმა ითამაშა;
სულ გაიმართა 124 მატჩი და გავიდა 345 გოლი (2,78 გოლი მატჩში);
ტურნირს ჯამში 5 მილიონზე მეტი ფანი დაესწრო (საშუალოდ 40 665 მატჩში);
ტურნირზე საქართველოს ჩემპიონი გორის “დილა” II საკვალიფიკაციო წრეში ჩაერთო და ორი მატჩის ჯამში “პარტიზანთან” (სერბეთი) 0:3 დამარცხდა;
საქართველოს წარმომადგენელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჯერ არასოდეს უთამაშია;
ესპანეთმა ჯგუფურ ეტაპზე ხუთი კლუბით იასპარეზა. ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები