LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭერი ჩამოგვექცა თავზე, კიდევ კარგი, ბავშვის გასტუმრება მოვასწარით – გამოწვევები სოციალურ სააგენტოში

162

საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა დეკლარირებულია, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სახელმიწფოს ძალადობისა და დანაშაულის პრევენციის პოლიტიკაში ჩავარდნა აქვს. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი როლი სოციალურ მუშაობას უჭირავს. თუმცა, როგორც არასამთავრობო სექტორში აღნიშნავენ, სავარაუდოდ,  სახელმწიფოს სოციალური მუშაკების როლი ბოლომდე გააზრებული არა აქვს. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ, თუ სოციალური სააგენტოს ინსტიტუციონალურ განვითარებას სახელმწიფო ხელს არ შეუწყობს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არც ბავშვთა მიმართ, არც ქალთა მიმართ ძალადობა აინტერესებს და არც მართლმსაჯულების სისტემა.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC)  სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა შრომითი პირობები და გამოწვევები შეისწავლა.

მოქმედი კანონმდებლობით, სოციალურ მუშაკებს არაერთი ფუნქცია აკისრიათ, მათ შორის, ევალებათ ბავშვზე ზრუნვა, მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდაჭერ. ასევე, ოჯახურ დავასთან, სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისა და მათი საჭიროებების შეფასებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და სხვა. “შესაბამისად, სოციალური სამსახურის გამართული საქმიანობა/მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მხარდაჭერისა და  გაძლიერების, მათი ინტერესების სათანადო დაცვისა და ხელშეწყობისათვის,” – აღნიშნავენ EMC-ში.

ორგანიზაცია კვლევაში, სადაც სოციალური მუშაკების შრომითი პირობები და სააგენტოს გამოწვევებია შესწავლილი, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოყო.

 

სამუშაოს დიდი მოცულობა და სოციალურ მუშაკთა სიმცირე

EMC-ში განმარტავენ, რომ სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებულად პრობლემურია მათი სამუშაოს მოცულობა, რაც იწვევს სოციალურ მუშაკთა განსაკუთრებულ გადატვირთვას.

სამუშაოს დიდი მოცულობიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკები რეალურად ვერ ახერხებენ დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად და დროულად შესრულებას, რაზეც ნეგატიურ ზეგავლენას მათი რაოდენობრივი სიმცირე ახდენს. შესაბამისად, სოციალური მუშაკებისათვის დაკისრებულ ფუნქციათა სიმრავლე განსაკუთრებით პრობლემური მათი რაოდენობრივი სიმცირის ფონზე ხდება, რაც მეტად აქტუალურია რეგიონების შემთხვევაში, რამდენადაც სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს რაიონულ განყოფილებებს ხშირად მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი ჰყავთ, ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც ტერიტორიულ ერთეულს არ ემსახურება არც ერთი სოციალური მუშაკი. 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სააგენტოს საქმიანობაში განსაკუთრებით მწვავე პრობლემად სოციალური მუშაკებისათვის დაკისრებული სამუშაოს მოცულობა და, შედეგად, მათი გადატვირთულობა სახელდება. სოციალური მუშაკების სამუშაოს აღწერილობა ოცზე მეტი მიმართულებით განსხვავებული შინაარსის სამუშაოს შესრულების პროცესში ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებას გულისხმობს.

კვლევამ აჩვენა, რომ დამატებითი ფაქტორი, რაც სოციალური მუშაკების გადატვირთულობას უწყობს ხელს, დიდი მოცულობის ბიუროკრატიული და ტექნიკური სამუშაოა. კერძოდ, სოციალურ მუშაკთა სამუშაო დროის უმეტესი ნაწილი მათ შესრულებას ხმარდება, რის გამოც სოციალური მუშაკები სოციალურ მუშაობას სათანადოდ ვერ ახერხებენ.

საკითხთან დაკავშირებით თავად სააგენტოს სოციალური მუშაკები აღნიშნავენ: „ბენეფიციარებისთვის დრო აღარ გვრჩება, არც ასისტენტები გვყავს, ყველაფერი ჩვენზეა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ;“ „ძირითადად ღამე სულ ვბეჭდავ, იმიტომ, რომ მოქალაქე რომ მოდის, მას დრო სჭირდება, დრო უნდა დაუთმო, მერე დოკუმენტების შესრულება სახლში გვიწევს. უფრო მეტად ვწერთ, ვიდრე ვმუშაობთ ბენეფიციარებთან“.

სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით პრობლემურია სოციალურ მუშაკთა არასაკმარისი რაოდენობა. 2017 წლის მარტის მდგომარეობით სისტემაში სულ 238 სოციალური მუშაკია, მათ შორის – 19 უფროსი სოციალური მუშაკი და 219 სოციალური მუშაკი, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეწევა საქმიანობას. 19 ოფიციალური მონაცემებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე დასაქმებულია 8 უფროსი სოციალური მუშაკი და 62 სოციალური მუშაკი, ხოლო დანარჩენი გადანაწილებულია სხვა ტერიტორიულ ერთეულებში.„ძირითადად ღამე სულ ვბეჭდავ, იმიტომ, რომ მოქალაქე რომ მოდის, მას დრო სჭირდება, დრო უნდა დაუთმო, მერე დოკუმენტების შესრულება სახლში გვიწევს. უფრო მეტად ვწერთ, ვიდრე ვმუშაობთ ბენეფიციარებთან“.

 

სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაცია

EMC-ში განმარტავენ, რომ სოციალური მუშაობის სათანადო განხორციელებაში ასევე განსაკუთრებული როლი აქვს სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მათი უწყვეტი განათლების კომპონენტს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს დღეს მოქმედი პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალური მუშაკებისათვის ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი პერიოდული მომზადებისა და გადამზადების მიზნებს.

კვალიფიკაციის, მომზადებისა და გადამზადების მნიშვნელოვანი დეფიციტის პრობლემაზე უთითებს ერთ-ერთი სოციალური მუშაკი: „ჩვენ ვმუშაობთ ინტუიციით. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევებში ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება, ასე გაკეთდეს იმიტომ, რომ ვარ ადამიანი, იმიტომ, რომ ვარ დედა, მშობელი და აქედან გამომდინარე, ჩემი დასკვნები იწერება. ისე, რომ კითხვარი ან რამე სტანდარტი იყოს, რომ მე ვიცოდე, რა ფარგლებში მოვექციო, ანუ სტანდარტი არ გვაქვს. ვთქვათ, გადავაჭარბე ჩემს უფლება-მოვალეობებს, რომელზეც სულ
ისედაც ვნერვიულობ, რომ რამე შეცდომით არ დავწერო“.

სოციალური მუშაკების ინფორმაციით, მათ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით არ უტარდებათ კვალიფიციური და სრულყოფილი ინსტრუქტაჟი, მათთვის ახლად დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად.

ფოკუსჯგუფებმა ასევე პრობლემად გამოკვეთა უშუალოდ სოციალური მუშაკების სამოქმედო კანონმდებლობის ხშირი ცვლილების საკითხი, რასაც იშვიათად მოსდევს სააგენტოს მხრიდან საფუძვლიანი ინსტრუქტაჟი, ხოლო ცვლილებების შესახებ მუდმივი თვითინფორმირება თითქმის შეუძლებელია, სოციალური მუშაკების დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო.

ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს: „ახალი ფუნქცია როცა გვემატება, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შეფასება, ეს ვინც იცის, არის რთული, ურთულესი პროცესი და, რა თქმა უნდა, ამისათვის გჭირდება გადამზადება და პრაქტიკული ტექნიკების ცოდნა, წინა დღეს მოგვივიდა ბრძანება, რომ ახალი ფუნქცია გვემატებოდა, ჩვენი კუთხით არავითარი გადამზადება არ ყოფილა“.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევის მიხედვით, რომ სახელმწიფო არ მიმართავს სათანადო ძალისხმევას სოციალური მუშაკების უწყვეტი განათლების უზრუნველსაყოფად და ამასთან, არ გააჩნია ამ მიზნის მისაღწევად თანმიმდევრული პოლიტიკა, ხედვა და რესურსი.

სააგენტოს სისტემაში დღეს არსებული სოციალურ მუშაკთა გადამზადების ღონისძიებები ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოხატულ ინიციატივებს ეფუძნება, რაც სახელმწიფო პროგრამების არარსებობის ფონზე მნიშვნელოვანი რესურსია, თუმცა ვერ უზრუნველყოფს დასაქმებული სოციალური მუშაკების სათანადო და უწყვეტ პროფესიულ გაძლიერებას და სოციალური მუშაობის ხარისხის მდგრად და არსებით გაუმჯობესებას.

 

საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობა და მოუწესროგებელი სამუშაო გარემო

კვლევის თანახმად, სოციალური მუშაკებისათვის სამუშაოს შესრულების პროცესში არაერთ დაბრკოლებას წარმოშობს სამუშაოსათვის აუცილებელი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა, რაც განსაკუთრებით პრობლემურია დედაქალაქის შემთხვევაში. ხშირად სოციალურ მუშაკებს არ გააჩნიათ შესაბამისი სივრცე ბენეფიციართა იზოლირებულად მიღებისა და გასაუბრებისათვის. სოციალური მუშაკების სამუშაო ადგილი არ არის აღჭურვილი შესაბამისი საოფისე ტექნიკითა და ინვენტარით. ასევე, ხშირ შემთხვევაში მოუწესრიგებელია სველი წერტილების, გათბობისა და კონდიცირების საკითხები.

ფოკუსჯგუფები აჩვენებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში სააგენტოს მომსახურების ცენტრებში არ არის მინიმალური ინვენტარიც კი ბენეფიციართა მომსახურებისათვის.

ერთ-ერთი სოციალური მუშაკი აღნიშნავს: „სკამი არ გვაქვს ჩვენ რომ მოქალაქე დავსვათ, თუნდაც ხანდაზმული. თუ ვინმე გასულია, ვცდილობ, რომ მისი სკამი შევთავაზო. ჩვენთან, ქუჩაზე მანქანა რომ მოდის მთელი შენობა ირყევა…წყალი გვაქვს ბაკის რომელსაც ვერ ვსვამთ და ზამთარში „პლიტით“ ვთბებით. ჩვენ ვის უნდა დავეხმაროთ, ჩვენ ვართ დასახმარებლები“.

სოციალური მუშაკები მიუთითებენ არსებული სამუშაო პირობების შეუთავსებლობაზე მათზე დაკისრებული, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმის შესრულებასთან. „არ გვაქვს სივრცე, 12 სოციალურ მუშაკი ერთად ვსხედვართ პატარა ოთახში. ისეთი ხმაა, ოთახში საშინელი ხმაურია. ამ დროს წერ ისეთ დასკვნას რომ სახალხო დამცველმა შეიძლება თავზე გადაგახიოს. შენი გულისთვის დეპარტამენტმა მიიღოს საყვედური“.

ამ მხრივ განსაკუთრებით რთული სიტუაცია დედაქალაქშია, რეგიონებისგან განსხვავებით. რეგიონში მოქმედი სოციალური მუშაკი მიუთითებს: „ჩვენთან არაუშავს, კარგი პირობებია, მოესწრო გარემონტება. მართალია ჭერი ჩამოგვექცა თავზე, კიდევ კარგი ბავშვის [ბენეფიციარის] გასტუმრება მოვასწარით, მარა [სხვებთან შედარებით] მაინც არა გვიშავს“.

 

რომის ანაზღაურების სიმცირე და კარგად მუშაობისთვის კიდევ უფრო ნაკლები ხელფასი 

კვლევის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხად სააგენტოს სოციალური მუშაკების შრომის ანაზღაურების სიმცირე სახელდება, განსაკუთრებით მათ მიერ გაწეული დიდი მოცულობის სამუშაოს გათვალისწინებით. კვლევა აჩვენებს, რომ თანამდებობრივი სარგოს ოდენობა არ წარმოადგენს დასაქმებულისათვის ღირსეულ და გაწეული შრომის სამართლიან, ადეკვატურ ანაზღაურებას. ამას გარდა, სოციალური მუშაკის შრომის ანაზღაურება მოიცავს საველე ვიზიტებისათვის საჭირო ტრანსპორტის უზრუნველყოფის თანხას, რასაც სოციალური მუშაკები ხელფასიდან იხდიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული უფროსი სოციალური მუშაკის თანამდებობრივი სარგო 1000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე – 800
ლარის) განისაზღვრება, ამასთან, თბილისის სოციალური მუშაკის თანამდებობრივი სარგო 850 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე – 680 ლარის), ხოლო ტერიტორიულ ერთეულებში 800 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე – 640 ლარის) ოდენობით არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ არსებულ სარგოს თავად სოციალური მუშაკები არ
მიიჩნევენ თავიანთი შრომისათვის ადეკვატურ ანაზღაურებად და აღნიშნავენ, რომ ეს გარემოება მათ მოტივაციაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს,  განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ სხვა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს ანალოგიური ან მცირე სამუშაო მოცულობის შესრულებისათვის იგივე ან მეტი ანაზღაურება აქვთ. გარდა ამისა, პრობლემურია, რომ სოციალური მუშაკების მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება არ ანაზღაურდება. მეტიც, სააგენტოს მხრიდან ზეგანაკვეთური სამუშაო არც აღირიცხება.

 

სოციალურ მუშაკთა ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემა

სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები EMC-ის კვლევის ჯგუფთან ასევე მიუთითებენ თავიანთი ფუნქციის შესრულებისას წარმოქმნილი ფიზიკური უსაფრთხოების რისკის თაობაზე, რაც სხვადასხვა წყაროდან მომდინარეობს და საველე სამუშაოების შესრულებას და ბენეფიციარებთან კომუნიკაციის ცალკეულ რთულ შემთხვევებს უკავშირდება. საჭიროების მიუხედავად, სისტემაში არ არსებობს თანამშრომელთა ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკის იდენტიფიცირებისა და შეფასების მექანიზმი. ამასთანავე არ არსებობს უსაფრთხოების პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავდა სოციალური მუშაკის მოქმედების მიმართულებებს სხვადასხვა კრიტიკულ სიტუაციაში და უზრუნველყოფდა ფიზიკური უსაფრთხოების რისკის მაქსიმალურ დაზღვევას.

რესპონდენტები ფიზიკური საფრთხის სხვადასხვა ფაქტორზე მიუთითებენ: „მე უამრავჯერ ვარ გადარჩენილი, როცა ოჯახში მივდივარ, სულ კართან ვდგავარ, რომ საფრთხე ვიგრძნო და დროულად ვუშველო თავს.“ სოციალური მუშაკები ცდილობენ, რომ შესაძლო საფრთხისაგან თავი ერთმანეთის მხარდაჭერით დაიცვან.

 

 

თაკო ივანიაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები