LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერნოვეცკი : უკრაინაში უმსხვილესი ბანკის პრეზიდენტი ვიყავი და ერთხელაც არ დამიშვია კრედიტორის ქუჩაში გაგდება

67

პოლიტიკური მოძრაობა ”ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერს ღია წერილით მიმართავს, წერილი მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

ჩერნოვეცკის თქმით, ხალხისთვის მთავარი პრობლემების შესახებ გიორგი კვირიკაშვილს ამიერიდან საჯაროდ მიმართავს. პირველი საკითხი კი, რომელზეც პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი ყურადღებას ამახვილებს, გადაუხდელი კრედიტების გამო ჩამორთმეული სახლებია.

“ცივილიზებულ ქვეყნებში ეს საკითხი შემდეგნაირად წყდება: ბანკებს ეკრძალებათ კრედიტების გაცემა ერთადერთი საცხოვრებლის უზრუნველყოფით და ეკრძალებათ მოქალაქეების ქუჩაში გაყრა.

მე გახლდით ბანკირი და უმსხვილესი ბანკის მესაკუთრე უკრაინაში. ეს ბანკი ათობით და ასობით კრედიტს უძრავი ქონების უზრუნველყოფით გასცემდა, მაგრამ მე არც ერთხელ არ დამიშვია კრედიტორის ქუჩაში გაგდება. ბანკში მოქმედებდა მკაცრი აკრძალვა ამ საკითხთან დაკავშირებით და მიუხედავად ამისა, ბანკმა შესანიშნავი ფინანსური შედეგები აჩვენა, რამაც საშუალება მომცა, 2008 წელს ის ევროპაში უმსხვილესი საფინანსო ჯგუფისთვის ”ინტეზა-სანპაულოსთვის” 750 000 000 ამერიკულ დოლარად მიმეყიდა!

ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეების ქუჩაში გაყრის აკრძალვა ვერ დაანგრევს საქართველოს საბანკო სისტემას, მაგრამ ქვეყანაში უმთავრეს სოციალურ პრობლემას გადაჭრის! ამას არ ვამბობ, როგორც წარსულში ბანკირი, არამედ ამას გეუბნებით, როგორც უკრაინაში უმსხვილესი საბანკო კავშირის პრეზიდენტი!

ყურადღებით ვაკვირდები თქვენს პირველ ნაბიჯებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ბატონო გიორგი და ვხედავ თქვენს გულწრფელ სწრაფვას, უკეთესობისკენ შეცვალოთ სიტუაცია საქართველოში. ამიტომ იმედი მაქვს, მივიღებ დადებით პასუხს ჩემს ინიციატივაზე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!“ – წერს ჩერნოვეცკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები