LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურის რაიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

166

კოოპერატივი – „ზოდის ჩაი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერი ლევან უროტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლებიჭიათურის რაიონში დაფინანსებულ კოოპერატივს ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.

კოოპერატივი „ზოდის ჩაი“ პროგრამაში 2017 წლის 29 მარტს ჩაერთო და 9.05ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება – 22 500 ლარს შეადგენს, აქედან სამუშაოების 80%- 18 000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს. აღნიშნულ კოოპერატივს, მას შემდეგ რაც რეაბილიტირებული პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა (24-36 თვე), სააგენტოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ჩაის პირველადი გადამუშავებისთვის ყველა საჭირო მანქანა-დანადგარი.

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 17 ბენეფიციარი. ჩაის  სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს – 515.89 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 1285989 ლარი, საიდანაც 924226.80 ლარი სახელმწიფო თანდაფინანსებაა.

პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება, მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.