LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთიდან ტურისტული ნაკადი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს

41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკის იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელშიც საქართველოს ჩინეთთან თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვს.  ამის შესახებ კომენტარი დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილესთან, ციენ ქემინგთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით აქცენტი ტურიზმზე გააკეთა. კერძოდ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დღეს მზარდი ტურისტული ნაკადი აქვს, თუმცა, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი.

„მიგვაჩნია, რომ ტურისტული ნაკადი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩინეთიდან. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ განვითარების მიმართულებით ჩვენ დღეს უკვე ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, მათ შორის ეს არის გრანდ კომპონენტი, რომელიც ეხება საავადმყოფოს მშენებლობას, თუმცა, ასევე არის სათბურების მიმართულება და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმეთ არსლანსაც შეხვდა.  შეხვედრაზე თურქეთის მინისტრმა დიდი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ჩატარებას და საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს მისი წარმატებული ორგანიზება მიულოცა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ტრანსპორტის სფეროში. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, რომელიც 2018 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროექტის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროებში.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ სატრანსპორტო მარშრუტებზე, რომლებიც საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის და მათ განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები