LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში კიდევ ერთი ქართულის ღვინის სახლი გაიხსნა

119

ძიანსის პროვინციაში, ნანჩანგში, ქართულის ღვინის სახლი გაიხსნა. ადგილზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნოს.

ნანჩანგის ქართული ღვინის სახლი ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრის და ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით, საქართველოს სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა,.

“მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გაგაცნოთ საქართველოს ყველაზე გამოცდილი ელჩი, ყველაზე კარგი მომლაპარაკებელი და ელჩებს შორის უხუცესი –  ქართული ღვინო. ნანჩანგში გაიხსნა ქართული ღვინის სახლი, სადაც მუშაობა დაიწყო ჩვენმა 8000 წლის ელჩმა – ქართულმა ღვინომ. ის აუცილებლად იქნება წარმატებული თავის დიპლომატიურ საქმიანობაში” – ასე მიმართა სინძიანის   პროვინციაში, ნანჩანგში,  ქართულის ღვინის სახლის გახსნის ღონისძიებაზე საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, გააფართოოს ქვეყნის მონაწილეობა აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის პროექტის ფარგლებში და ხელი შეუწყოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალმხრივი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებას მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებით.

„ღვინო ქართული კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დიდი ხანია საქართველო „ღვინის სამშობლოს“ სტატუსით სარგებლობს და დღევანდელ დღეს განსაკუთრებით უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩვენი ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს ქართული ღვინო წარმოადგენს,“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ოთხ ათეულამდე ქართული ღვინის სახლია და არსებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი შეიძლება გაორმაგდეს.

ნანჩანგის ქართული ღვინის სახლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მოიცავს სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზებს, მუზეუმს, ენოთეკას და ქართულ რესტორანს.

ჩინეთის მასშტაბით დღეისთვის სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიიების მიერ ბოლო ორ წელიწადში გახსნილია რამდენიმე ათეული ქართული ღვინის მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა.

2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75  ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები