LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთთან ერთობლივ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს შევქმნით

83

აბრეშუმის გზის ფორუმის შინაარსი და სარგებელი საქართველოსთვის უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი გაიზარდოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისი მასპინძლობს აბრეშუმის გზის მეორე ფორუმს, რომელსაც 2000-მდე დელეგატი ჰყავს, მათ შორის, 60-მდე სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩამოსული სტუმრები.

“ძალიან მაღალი დონის დელეგატები გვყავს. ასევე აქ იმყოფება 2 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე არიან ვიცე პრემიერები, ძალიან ბევრი ქვეყნის მინისტრები. საბოლოო ჯამში, თვითონ ფორუმის შინაარსი და სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი უნდა გაიზარდოს და ის ინვესტიციები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, ასევე კერძო სექტორი ახორციელებს პორტებსა თუ სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, შემდგომში უნდა იყოს უკუგებადი და უნდა იყოს ამ ინვესტიციების უკუგება, რაც თავისთავში ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოხდება ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ჩაანაცვლებს აბრეშუმის გზა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის გაგრძელება, ერთ-ერთი განშტოება. მისივე თქმით, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან და თავის მხრივ, ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც თავდაპირველ ეტაპზე 5 მილიონი ტონით, ხოლო შემდგომში უკვე 15 მილიონი ტონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს დერეფანს გააჩნია.

კითხვაზე, რა სარგებლობა მოუტანა ქვეყანას აბრეშუმის გზის პირველმა ფორუმმა, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა.

“2015 წლის მარტში მოეწერა შეთანახმებას ხელი საქართველოსა და ჩინეთს შორის აბრეშუმის გზის განვითარებასთან დაკავშირებით, ხოლო უკვე 2015 წლის ნოემბერში ჩვენ ვუმასპინძლეთ თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს. ამის შემდეგ თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, ჩვენ ჩინეთთან დავასრულეთ სავაჭრო შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და რა თქმა უნდა, გაიზარდა ის ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა მათ შორის, ის სარკინიგზო ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან, რომლითაც ჩვენ ყველანი ძალიან ვამაყობთ და ვამბობთ, რომ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ყველაზე მოკლე გზა სწორედაც რომ საქართველოზე გადის, დღეს უკვე რეალობაა, მაშინ ეს იყო მონდომება და დღეს კი ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად ჩინეთიდან ევროპამდე 9-დან 12 დღემდეა საჭირო ჩვენი კორიდორის გავლით ტვირთების ჩატანისთვის. ასე რომ, ის მონდომებები, ის გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც 2015 წელს გამოითქვა, წელს არის რეალობა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მოეწერება ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, მათ შორის, ჩინეთთან იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, ეს იქნება ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური და ინოვაციური პარკების ხელშეკრულება, რომელიც თავისთავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას და შესაბამისი ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის და ასევე ის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, რომელიც საქართველოს გააჩნია.