LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინურ და ინდურ კომპანიებს საქართველოსადმი მზარდი ინტერესი აქვთ – პრემიერმინისტრი

74

“შუალედურ და უფრო გრძელვადიან ჭრილში საქართველო თვლის, რომ  არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი,”  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას  ეტაპობრივი დაახლოების დღის წესრიგი და სამოქმედო გეგმა აქვს, რომელიც ითვალისწინებს ევროპული ნორმების დანერგვას წინასწარ შემუშავებული გრაფიკით.

“ახლახან ჩვენ შევიმუშავეთ კიდევ უფრო აქტიური დღის წესრიგი 2020 წლისთვის, რომელიც სცდება განრიგის ფარგლებს და წინ უსწრებს  ევროპული ნორმების დანერგვის კუთხით. ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით, შეგვიძლია ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა ევროპულ ბაზარზე. გარდა ამ შეთანხმებისა, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, მაგალითად, შვეიცარიასთან და ასოციაციის სხვა წევრ ქვეყნებთან, ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ასევე – ჩინეთთან,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, როცა დაიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, იყო სკეპტიციზმი და შიში ქვეყნის შიგნით, ბიზნესის წარმომადგენელთა შორის, რომ ამას შესაძლოა, დაესამარებინა საქართველოს ინდუსტრიული განვითარების პერსპექტივები, რაც ასე არ მოხდა.

“საქართველოში შეინიშნება სრულიად საპირისპირო ტენდენცია. ჩინური კომპანიები განიხილავენ საქართველოს, როგორც წარმოების პოტენციურ ადგილს, ცენტრს, სულ მცირე, პროდუქციის ნაწილობრივი წარმოების კუთხით, რათა ეს ნაწარმი გაიყიდოს ევროპის ბაზარზე, და პირიქით. დღეს ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ინდურ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ფილიალების გახსნით ბიზნესის აუთსორსინგის მიზნით,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები