LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩირიფრუტი” ნატურალური ტკბილეულის მაღაზიას გახსნის

676

ქართული ნატურალური ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ”ჩირიფრუტი” საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავს. სავაჭრო ობიექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სოფო ჯიქიამ განუცხადა, მაღაზიის მოწყობის იდეა მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე გაჩნდა.

”ჩირიფრუტის” პროდუქციაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. გაყიდვებით კმაყოფილები ვართ ამ ეტაპზე. მომხმარებელი შეეჩვია ჩვენს პროდუქციას და შესაბამისად, მათი მხრიდან არსებობს დაკვეთა მაღაზიის გახსნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ”ჩირიფრუტის” ნაწარმი რამდენიმე სავაჭრო ობიექტში იყიდება, კლინეტი ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ჩვენს საწარმოში მოდის და აქედანვე ყიდულობს სასურველ ტკბილეულს. მათთვის ყიდვის პროცესის გამარტივების მიზნით, 2017 წლის ბოლომდე გვინდა ჩვენივე სავაჭრო კუთხე მოვაწყოთ”, – აღნიშნა სოფო ჯიქიამ.

მისივე ინფორმაციით, ”ჩირიფრუტის” პროდუქციის ღირებულება 1 კგ ჩირის შემთხვევაში 25-დან 40 ლარამდე მერყეობს. საკმაოდ მაღალია კომპანიის მიერ წარმოებული ჩურჩხელებისა და ტყლაპების ღირებულებაც, თუმცა როგორც ”ჩირიფრუტის” დამფუძნებელი ამბობს, მომხმარებელს მოსწონს ამ ბრენდის ხარისხი, ასევე პროდუქციის ვიზუალი და გემოვნური თვისებები. ამიტომ, ტკბილეულის რეალიზაცია არ ჭირს.

”მოგეხსენებათ, ჩვენი პროდუქცია ხელნაკეთია. შესაბამისად, საკმაოდ რთულია დამზადების პროცესი, რაც ღირებულებას ზრდის. მიუხედავად ამისა, გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა”, – განმარტა ჯიქიამ.

ცნობისთვის, შპს ”ჩირიფრუტი” ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანია რამდენიმე სახეობის ჩირს (ვაშლის, ქლიავის, ფეიხოს, ხურმის, კივის), ტყლაპს (ქლიავის, ვაშლის, გოგრის, შერეული ხილის), ცუკატებსა და შოკოლადის ჩურჩხელებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. ”ჩირიფრუტის” საწარმოში კი 5 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები