”ჩირკოლადის” ნაყინით ქართველებზე მეტად, რუსები ინტერესდებიან

242

”ჩირკოლადის” სამარკო ნიშნით ბაზარზე ახლადგამოსული ნაყინით, ქართველებზე მეტად, რუსები ინტერესდებიან.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი არწივიძემ განუცხადა, ”ჩირკოლადის” ნაყინი საწყის ეტაპზე მხოლოდ შავი ზღვისპირეთში იყიდება, უფრო კონკრეტულად კი ბათუმის ბულვარში.

”ტურისტული სეზონისთვის, მოგეხსენებათ, ბათუმში ”საფესტივალო სოფელი” მოეწყო, სადაც ქართული პროდუქციაა გამოფენილი. სწორედ აქ გვაქვს ჩვენც ნაყინის მწარმოებელი დანადგარი განთავსებული და პროდუქციას მომხმარებლის თვალწინ, ბანანითა და შოკოლადით ვამზადებთ”, – აღნიშნა არწივიძემ.

მისივე თქმით, გაყინულ ბანანს ”ჩირკოლადი”  ნაყინის იტალიურ შოკოლადში-  ”მასტერ მარტინიში” ავლებს და პროდუქტის ღირებულება 2 ლარს შეადგენს. ”ალბათ, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ქართველ მომხმარებელს უჭირს ამ ფასიანი ნაყინის შეძენა. შესაბამისად, ”ჩირკოლადის” ნაყინის ძირითადი მომხმარებელი რუსი ტურისტია”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც გიორგი არწივიძემ აღნიშნა, ”ჩირკოლადი” ნაყინს ბათუმის ბულვარში 10 სექტემბრის ჩათვლით გაყიდის და წარმოების განსაახლებლად მომავალ ზაფხულს დაელოდება.

”კარგი იქნებოდა ჩვენს ხელისუფლებას ეზრუნა იმაზე, რომ მხოლოდ ზაფხულში კი არა, მთელი წლის განმავლობაში ყოფილიყო საქართველოს კურორტებზე ”საფესტივალო სოფელის” მსგავსი ადგილები, სადაც ქართველი მეწარმეები საკუთარ პროდუქციას გამოიტანდნენ. ადგილობრივი წარმოების განვითარებას ეს ხელს შეუწყობდა, მითუმეტეს რომ ქართული ბაზარი ოკუპირებულია იმპორტირებული პროდუქციით”, – დასძინა არწივიძემ.

შეგახსენებთ, ”ჩირკოლადის” საწარმო 2011 წლიდან ბაღდათში ფუნქციონირებს. ამასთან, კომპანია ახალ ქარხანასაც  აშენებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები