LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხუბი ქართველებსა და უცხოელებს შორის – რის გამო დაიწყო დაპირისპირება?

115

თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქესა და ქართველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

რაც შეეხება დეტალებს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თავს ქართველები დაესხნენ. შსს-ში კი ამბობენ, ეს იყო კონფლიქტი და არა თავდასხმა.

კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი მელაძე, ამ შემთხვევის შესახებ დეტალურად წერს.

„ახლა გამოვედით პოლიციიდან, სადაც მიმდინარეობდა ჩემი და კიდევ ერთი ქართველი ბიჭის დაკითხვა. საქმე ეხება დღეს მომხდარ შემთხვევას, რომელიც ლეხ კაჩენსკის ქუჩაზე მოხდა. 22:30 წუთი იყო დაახლოებით, როდესაც ვიმყოფებოდი სამსახურში. ის მომენტი იყო, როდესაც საფეხბურთო მატჩი – ესპანეთის და მაროკოს მონაწილეობით მიმდინარეობდა.

ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე მოვიდა (ამერიკის მოქალაქე და ქუვეითის) ამ გოგოსთან და ერთ-ერთმა მათგანმა ამ გოგოს კოცნა დაუწყო და ამავდროულად, ხელიდან გამისტაცა “კოკა-კოლის” სავსე ჭიქაც. ამ უცხოელმა დალია ეს “კოკა-კოლა” და ჭიქა იქვე დააგდო, რაზეც მე ხელით ვანიშნე, რომ აეღო და ნაგვის ურნაში ჩაეგდო. ამ შენიშვნაზე აგრესიით წამოვიდა ჩემი მისამართით და ხელიც დამარტყა, რა დროსაც კიდევ გამოიწია დასარტყმელად. ჩემზე ბევრად ძლიერებთან ვერაფერს გავხდებოდი და ამ დროს ავიღე ბლოკის ნატეხი, რომლითაც თავს ვიცავდი. გამოკიდების მომენტში ვესროლე ერთ-ერთ უცხოელს, რა დროსაც გამვლელებმა უკვე ჩვენი განეიტრალება დაიწყეს. ყველაზე აგრესიულად რომელიც მოქმედებდა, იმან აიღო დიდი ოთხკუთხედი ბლოკი და ჩემი მისამართით დარტყმას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა გამშველებელმა ხელი შეუშალა და ჩემს მაგივრად მას დაარტყა ფეხში. ამ დროს უკვე ჩემთვის უცნობი რამდენიმე ახალგაზრდა მომეხმარა და ჩხუბი გაგრძელდა. ეს ორი უცხოელი ქართველების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს სკანდირებდნენ, რაც ხელის ჟესტიკულაციით და „ფაქიუ ჯორჯიან ფიფლის“ სკანდირებით გამოიხატებოდა. ამ დროს ჩერდება “ჰიუნდაის” მარკის მანქანა და იქიდან გადმოდის პარლამენტარი, „ევროპული საქართველოს“ წევრი – ირმა ნადირაძე, რომელიც ამ უცხოელებს ინგლისურად ელეპარაკება და შემდეგ სადღაც რეკავს. რამდენიმე წუთი იყო გასული, რა დროსაც ჟურნალისტი გოგონა მოდის და ის უკვე პატრულში რეკავს.

ცოტა ხანში მოდის პოლიცია და უკვე პატრული ერთვება პროცესში, რა დროსაც ერთ-ერთმა უცხოელმა პოლიციის თანდასწრებით აგინა ზემოთხსენებულ გოგონას ინგლისურად. როგორც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, ქუჩაში გინება ადმინისტრაციული კანონით ისჯება. ამის მიუხედავად, პოლიციამ მისი ქმედება იმით გაამართლა, რომ ის ამერიკელია და იქ მოსული „პონტია.“ ამის შემდეგ პოლიციაში გადაგვიყვანეს და მოხდა ჩვენი დაკითხვა.

ამ დროისთვის უცხოელების დაკითხვა მიმდინარეობს და საინტერესოა რას იტყვიან ისინი, როდესაც ისინი უდიდესი ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებიან.

ზემოთ ხსენებული გოგონა უდიდეს მადლობას გვიხდიდა დახმარებისთვის და ის თავის თავს იდანაშაულებდა, რომ  ამ გოგოს მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი,“ – წერს ირაკლი მილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები