LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭუბერის და ხაიშის მოსახლეობამ საფრთხე შეუქმნა უწყების თანამშრომლების სიცოცხლეს – საგამოძიებო სამსახური

49

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, ჭუბერსა და ხაიშში სპეცრაზმის მობილიზების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი ელგანდაშვილმა განაცხადა.

როგორც გიორგი ელგანდაშვილმა განაცხადა,  ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით ღონისიძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ტარდება.

“საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა ამ მიმართულებით განსაკუთრებით გააქტიურდა. ა.წ 26 ივლისიდან, საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად დაიწყო იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ხე-მასალის გადამამუშავებელი და რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე, რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სოფლებში: ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, რის გამოც, ხსენებულ სოფლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება, რომლის კანონით დაკისრებული უშუალო ფუნქცია-მოვალეობაა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. აღნიშნული საჭიროება გამოიწვია იმან, რომ სოფელ ჭუბერისა და ხაიშის ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხელშეშლის მიზნით, ქვებით და ხელჯოხებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას,“ – განაცხადა გიორგი ელგანდაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში, ასევე, დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 20 საამქრო.

“ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ ბაზრობებზე მიმდინარეობს ხე-ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე ინვენტარიზაცია,” – აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.

„და ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კვლავაც ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს და შეასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს და გამოავლენს და აღკვეთს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტებს. კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც ჩართულია აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ან ხელს აფარებს ამ დანაშაულს,“ – დასძინა გიორგი ელგანდაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები