LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჭუჭყიანი საცვლების გამოფენა,” – ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებამ წამყვანების ნაწილი აღაშფოთა

85

„რუსთავი 2“-ისთანამშრომლები შექმნიან შპს-ს „რუსთავი 2 ჩემია“, ტელეკომპანიის კოლექტივის შეხვედრა გუშინ საღამოს შედგა, სადაც მფლობელების მიერ შემოთავაზებული წინადადებები განიხილეს.

თანამშრომლების გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

გუშინვე,  კოლექტივმა სამაუწყებლო კომპანიის ყველა დეპარტამენტიდან კენჭისყრით აირჩია წარმომადგენელი.

კენჭისყრის პროცესის ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანიამ ეთერით გაუშვა, რასაც „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ნანუკა ჟორჟოლიანმა ვიდეოჩანაწერის ეთერში გაშვება „ჭუჭყიანი საცვლების გამოფენას“ შეადარა.

 

ვაი, რა ცუდი საყურებელია რაც რუსთავი 2-ზე გადის.

ლეილას, რომელსაც სოციალური დამხმარება შეუწყვიტეს, თამუნას, რომელსაც წამლების ფული არ აქვს, მამამ, რომელმაც ყაჩაღების მოკლული შვილი დაკრძალა, დოდოს, რომელსაც მავთულხლართი გაუვლეს, რუსთავი 2-ის ეთერში უნდა საკუთარი პრობლემების მოსმენა და არა შიდა ინტრიგების. თუ მეტყვით, რომ ისიც არის არხზე, გკითხავთ, გარჩევა, ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს ეთერში უნდა გადიოდეს?

როცა საცვლებს გარეთ ცოლ-ქმარი ფენს არის საშინელი სანახავი და მე ახლა, რუსთავი 2-ის ეთერში ვუყურებ გამოფენილ საცვლებს. თან დასვრილს.

ეს არ არის სიმართლე რასაც მაყურებელი ხედავს. იმიტომ რომ არიან ადამიანები ( ძალიან ბევრნი და მაყურებელი მათ უფრო კარგად იცნობს) რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რაც ახლა რუსთავი 2-ის ეთერში გადის.

და ამ მასალის ეთერით გაშვება დარწმუნებული ვარ არ მოსწონს ბევრ რუსთავი 2-ელს.

ჩასაფრებულები იტყვიან, რომ ციხე შიგნიდან გატყა. წილებს საჯაროდ იყოფენო. სხვა კი არაფერი უნდოდა იმ ბრძენ კაცს. (მართლა ბრძენია მგონი.)

მეც მოვხვედრილვარ მო-თუ მეწილეთა სიაში. არ მინდა არანაირი წილი, არცერთი მხარის. მინდა ვიყო წამყანი, დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც 12 წლის სტაჟის მიუხედავად, მფლობელს არ ვეუბნები მომცეს ის, რაც მას ეკუთვნის. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვას) ხვალ, სხვა კომპანიაში რომ დავიწყო მუშაობა, კომპანიის მფლობელს არ მინდა გაუჩნდეს შიში რომ როდესმე მის საკუთრებას ავახევ.

მოკლედ, არანაირი წილი არ მინდა. არავისი. “წილები გადმომიფორმეს” და მაგიდაზე ხელების ბრახუნის დრო ხომ წარსულს ჩაბარდა <3

და არც საკუთარ საცვალს მინდა ვხედავდე ეთერში.

 

დავაკონკრეტებ, ტელევიზიის კოლექტივისთვის გადაცემა უმაგრესი პროცესია. აი წილების განაწილების და შიდა თათბირის ეთერში გაშვება საცვლების გამოფენაა

 

ჩანაწერის მიმართ, როგორც ჩანს, პროტესტი ტელეკომპანიის სხვა წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ, მათ შორის ვანო ჯავახიშვილს, თეა ადეიშვილს. მაია ასათიანმა კი “ფეისბუქზე” დაწერა, რომ არ იცოდა, თუ ჩანაწერი ეთერში გავიდოდა.

 

“სრულიად ვიზიარებ შენს მოსაზრებას ნანუკა. სამწუხაროა, რომ ასე ცალმხრივად შუქდება მთელი ეს პროცესი. ასევე სრულიად მიუღებელია, რომ ჩვენს დაუკუთხავად საუბრობენ ჩვენი სახელით. ადგენენ რაღაც სიებს და პირდაპირი ეთერის საშუალებით გვეპატიჟებიან თათბირზე, არც ეს მგონია მაინცდამაინც სწორი ფორმა, თანამშრომლებთან ურთიერთობის. ზოგადად კი, მგონია რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას, მინიმუმ ის მეორე მხარეც უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მიუთითებ, თუ როგორ გაგინაწილოს რამდენიმე მილიონად შეფასებული საკუთარი ქონება:))) ხოლო ამ შიდა თათბირის ეთერში გაშვება კი ძალიან კომიკური და არხის იმიჯისთვის დამაზარალებელია! პ.ს. ამ პოზიციას იზიარებს ვანო ჯავახიშვილიც.”- წერს ტელეწამყვანი.

 


თანამშრომლების პრეტენზიებს მალევე გამოეხმაურა ნიკა გვარამია. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა “ფეისბუქზე” დაწერა, რომ ვინც ჩანაწერის ეთერში გაშვება “ბინძური თეთრეულის გამოფენას” შეადარა, არაადეკვატურია.

მოგვიანებით კი გვარამიამ კიდევ ერთი სტატუსი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ თანამშრომლების ნაწილის საპირისპირო პოზიციას პატივს სცემს და სწორედ ეს არის “რუსთავი 2”-ის თავისუფლება.